მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

787
VIEWS

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებმა (დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი) ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებას მიაღწიეს, დღემდე რიგ ისტორიული ფაქტებზე მხარეებს შორის შეთანხმებული აზრი არ არსებობს. 

თავდაპირველად საბჭოთა, შემდგომში კი რუსული პროპაგანდა ისტორიული რეალობის შეცვლისა და პროპაგანდის საშუალებით მნიშნველოვანი მოვლენების დამალვას ცდილობს, რათა ან საკუთარ უპირატესობას გაუსვას ხაზი ან კი საკუთარი ინტერესები გააძლიეროს და დანაშაულებები დაფაროს. ამ მხრივ გამორჩეულია ორი მნიშნველოვანი საკითხი, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის პოზიციებს მნიშნველოვნად ყოფს. ერთ-ერთი მათგანი ნაციზმზე გამარჯვების თარიღს უკავშირდება (8 თუ 9 მაისი), მეორე კი მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებს, კერძოდ, საბჭოთა კავშირის ბრალეულობას მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. 

8 თუ 9 მაისი – როდის დამარცხდა ნაცისტური გერმანია?

8 მაისს, ყოველწლიურად, აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას უკავშირდება, რომელსაც ხელი ბერლინში 1945 წლის 8 მაისს მოეწერა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გერმანიამ კაპიტულაციას ხელი წინა დღეს, 7 მაისსაც მოაწერა, თუმცა იოსებ სტალინს სურდა, გერმანიას ხელახალი კაპიტულაცია ბერლინში გამოეცხადებინა და დოკუმენტზე სსრკ-ის მხრიდან უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლის ხელმოწერა ყოფილიყო.

საგულისხმოა, რომ ბერლინში კაპიტულაციას ხელი გერმანიამ გვიან ღამით მოაწერა, საბრძოლო მოქმედებები კი 8 მაისს 23:01 წუთზე შეწყდა. ამ დროს მოსკოვში უკვე 9 მაისი 01:01 საათი იყო.

Picture1 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება
გერმანიის კაპიტულაციის დოკუმენტი. 1945 წლის 8 მაისი

ის ფაქტი, რომ რუსეთი ნაციზმზე გამარჯვების დღეს დღემდე 9 მაისს აღნიშნავს, მხოლოდ დროის განსხვავებით არ არის გამოწვეული. ამ ნაბიჯით ის ცდილობს მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში საკუთარი როლი წინ წამოწიოს და საბჭოთა კავშირი გერმანიაზე გამარჯვების მთავარ ფიგურად აქციოს. აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდა უკვე მრავალი წელია ცდილობს, რომ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვება მხოლოდ საბჭოთა კავშირს მიაწეროს და დასავლეთის მოკავშირეების როლი დაფაროს

გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშავს ასევე ზოგიერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, მაგალითად, საქართველო, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. ასევე ამ ქვეყნებს უერთდება სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ისრაელი, რომელიც ცერემონიას მაისს “წითელი არმიის” ვეტერანების დიდი რაოდენობის გამო მართავს. 

ყოველწლიურად 9 მაისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სამხედრო აღლუმი და უკვდავი პოლკის მსვლელობა იმართება, რითიც პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, მსოფლიოს თავისი ძლიერება და რუსეთის სუპერსახელმწიფოობა დაანახოს. უკვდავი პოლკის მსვლელობებზე აქტიურად გამოიყენება წმ. გიორგის ლენტი, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კრემლის ჩარევას განასახიერებს. უკვდავი პოლკი ასევე მსვლელობას მართავს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში და ასევე ზოგიერთ დასავლურ სახელმწიფოშიც. 

Picture2 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება

Picture3 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება
უკვდავი პოლკის აქცია ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ, 2017 წელი

უკვდავი პოლკი 2012 წელს შეიქმნა. მათი მსვლელობის მონაწილეები 9 მაისს ქუჩებში წინაპრების ფოტოებით გამოდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ უკვე 2014 წლიდან ამ იდეას კრემლი დაეპატრონა, თავდაპირველი ინიციატორები კი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. მას შემდეგ უკვდავი პოლკი რუსეთის პროპაგანდის ნაწილად იქცა და ის მიზნად პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენების გაძლიერებას ისახავს. 

ვლადიმერ პუტინი: “[უკვდავი პოლკი] საერთაშორისო თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალია ისტორიული ჭეშმარიტებისა და საერთო მეხსიერების დასაცავად, ხალხების დასაახლოვებლად და ორმხრივი ნდობის გასაძლიერებლად.”

უკვდავი პოლკი ყოველწლიურ აქციებს 2017 წლიდან საქართველოშიც მართავს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს აღნიშნული ჯგუფი ორგანიზაციადაც დარეგისტრირდა, სახელწოდებით “პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი”. 

Picture8 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება
უკვდავი პოლკის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაცია 2019 წელს.
Picture4 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება
უკვდავი პოლკის აქცია თბილისში 2019 წელს. ფოტო: ლიბერალი

უკვდავი პოლკი ასევე აქციებს მართავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ მათ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებთან არის წარმოდგენილი

Picture5 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერებაPicture6 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება

  • რა მიზეზით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?

2019 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 80 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითად საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შეთანხმებამ თავდაუსხმელობასა და ევროპის გავლენის ზონებად გაყოფის (საიდუმლო მუხლები) შესახებ მეორე მსოფლიო ომს საძირკველი ჩაუყარა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “80 წლის წინ, 1939 წლის 23 აგვისტოს, კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას… და მის საიდუმლო პუნქტებს, რომელიც ევროპასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიებს ორ ტოტალიტარულ რეჟიმს შორის ყოფს და მათ ინტერესთა სფეროებად აჯგუფებს, რამაც გზა გაუხსნა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას.”

რეზოლუციას მალევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ევროკავშირი სიცრუეში დაადანაშაულა.

ვლადიმერ პუტინი: “ისინი თითქმის საბჭოთა კავშირს ადანაშაულებენ, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. თითქოს დაავიწყდათ ვინ დაესხა თავს პოლონეთს 1939 წლის პირველ სექტემბერს და საბჭოთა კავშირს 1941 წლის 22 ივნისს.”

სიმართლეა, რომ მეორე მსოფლიო ომი ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო, თუმცა ამ ფაქტს ევროკავშირის რეზოლუცია საერთოდ არ უარყოფს. აქ საუბარია იმაზე, თუ რამ გამოიწვია გერმანიის ეს ნაბიჯი და ვინ მონაწილეობდა გერმანიასთან ერთად ევროპის ინტერესის სფეროებად გაყოფაში. მართალია, გერმანია 1941 წელს საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, თუმცა ამ პერიოდამდე ის სსრკ-სთან შეთანხმებაში იყო. 

მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ნაცისტური გერმანია პოლონეთს თავს დაესხა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ევროპა გავლენის სფეროებად გადაინაწილეს.

Picture7 მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება
გერმანიასა და სსრკ-ს შორის თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა, 1939წ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის შემდეგ უკვე 17 სექტემბერს პოლონეთს აღმოსავლეთიდან თავს საბჭოთა კავშირიც დაესხა და პოლონეთი ორად გაიყო (ისე როგორც ეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით იყო შეთანხმებული). სტალინმა პაქტის გაფორმებით ფაქტობრივად უფლება მისცა გერმანიას პოლონეთს თავს დასხმოდა და მეორე მსოფლიო ომი დაწყებულიყო

ტერიტორიების გადანაწილების გარდა გერმანიისა და სსრკ-ის თანამშრომლობა სხვა მიმართულებითაც გამოიხატებოდა. მაგალითისთვის, ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი აქტიურად გადასცემდა გესტაპოს ანტიფაშისტ გერმანელ ტყვეებს და მათ შორის ებრაელებსაც, რომლებიც თავშესაფარს საბჭოთა კავშირში ეძებდნენ.

დღესდღეობით მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღე (23 აგვისტო) ევროპაში სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2009 წელს მიიღო. რა თქმა უნდა, რუსეთი აქტიურად ცდილობს, დამალოს ისტორიული ფაქტები და სტალინიზმის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია, რათა თავი ნაცისმიზგან განმათავისუფლებელად წარმოაჩინოს და მოსაზრებები სტალინიზმისა და ნაციზმის ტოლობის შესახებ გააქროს. 

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist