მაღალი გამოსხივება თუ ჩინეთის დაზვერვა – რატომ არ დაუშვა შვედეთმა ჩინური კომპანიების 5G ქსელი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

19
VIEWS

2021 წლის 7 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ 5G უსადენო ინტერნეტ ქსელის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, შვედეთის მთავრობამ 5G-ის პროვაიდერებს Huawei-ისა და ZTE-ის ქვეყნის ტერიტორიაზე მეხუთე თაობის ქსელისთვის განკუთვნილი ანძების დადგმა აუკრძალა, რადგან 5G-ის ანძებს მაღალი გამოსხივება აქვს და მათ დადგმას მოქალაქეთა აქტიური პროტესტი მოჰყვა. 8 აპრილის მდგომარეობით, მამუკა ქარჩხაძის პოსტს 181 გაზიარება აქვს.

 

;

მამუკა ქარჩხაძის მტკიცება 5G ქსელის შესახებ ნაწილობრივ მცდარია. მართალია, შვედეთმა ჩინურ კომპანიებს ქვეყანაში 5G მოწყობილობების რეალიზაცია აუკრძალა, თუმცა ამის მიზეზი არა მაღალი გამოსხივების გამო მოსახლეობის მასობრივი პროტესტები, არამედ ჩინური დაზვერვასთან Huawei-ისა და ZTE-ის შესაძლო კავშირი იყო. ამასთანავე, 5G ტექნოლოგიის გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა.

2020 წლის 20 ოქტომბერს შვედეთის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მარეგულირებელმა ორგანომ PTS-მა ქვეყნის თავდაცვის ძალების და უშიშროების სამსახურის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ტელეკომუნიკაციების ოპერატორებს 5G ქსელისათვის საჭირო აღჭურვილობის Huawei-ისა და ZTE-ისგან შეძენა აუკრძალა, რის მიზეზადაც ჩინეთის დაზვერვისაგან მომავალი ეროვნული უშიშროების საფრთხეები დაასახელა. 2020 წლის 7 დეკემბერს Huawei-მ განაცახადა, რომ ქვეყანაში თავისი ტექნიკის რეალიზების ნებართვის სანაცვლოდ შვედეთის მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა დამატებით მოთხოვნას გაითვალისწინებდა. პარალელურად, შვედეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება კომპანიამ სასამართლოშიც გაასაჩივრდა და ჩინეთის დაზვერვასთან კავშირის შესახებ წაყენებულ ბრალდებებს “დაუსაბუთებელი” უწოდა, თუმცა სასამართლომ საჩივარი არ განიხილა.

შვედეთის მსგავსად, Huawei-ის 5G ტექნიკის ქვეყანაში შეტანა 2020 წლის ივლისში იმავე მიზეზით დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მაც აუკრძალეს. Huawei-ის 5G მოწყობილობებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ პირველად განცხადებები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, რომლის მტკიცებითაც, კომპანიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში მეხუთე თაობის ინტერნეტ ქსელის შექმნის შემთხვევაში 5G ქსელს ჩინეთის დაზვერვა ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებდა. 2020 წლის 30 ივნისს აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციების პროვაიდერებს Huawei-სა და ZTE-ის 5G ტექნიკის შესაძენად სამთავრობო სუბსიდიებისაგან მიღებული თანხების გამოყენება აუკრძალა და კომპანიები ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ საფრთხედ გამოაცხადა.  ჩინური კომპანიების მიმართ ამერიკის ბრალდებები ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიასთან და სამხედრო აპარატთან მათ ახლო კავშირებს და ჩინეთში მოქმედ კანონმდებლობას ეფუძნება, რომლითაც სახელმწიფო შეუძლია, კომპანიებს ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობა აიძულოს. კომპანიებში ამ ბრალდებებს უარყოფენ.

შვედეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობების გადახედვა აშშ-ს მხრიდან მოწოდებების შემდეგ მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შვედეთის მიერ Huawei-ისა და ZTE-ისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად ჩინური კომპანიების შვედური და ფინური კონკურენტების Ericsson და Nokia მნიშვნელოვან სარგებელს ნახავენ, რადგან 5G ქსელის შექმნას და ქვეყნის შესაბამისი მოწყობილობებით მომარაგებას სწორედ ისინი გააგრძელებენ. ამგვარად, როგორც შვედეთის, ისე სხვა ქვეყნების მიერ, ჩინური კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესება არა ზოგადად მეხუთე თაობის ინტერნეტ ქსელთან დაკავშირებული საფრთხეების (მათ შორის მაღალი გამოსხივება), არამედ პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის დაზვერვა ჩინეთის მთავრობასთან Huawei-ისა და ZTE-ის კავშირებზე 2012 წლიდან საუბრობდა, როდესაც 5G ინტერნეტქსელის შექმნაზე მუშაობა დაწყებულიც არ იყო.

საშიშია თუ არა 5G ქსელი ადამიანების ჯანმრთელობისთვის? 

5G ინტერნეტ ქსელს უკვე არსებულ მეოთხე თაობის (4G) ქსელთან შედარებით გაცილებით მაღალი სიჩქარის ინტერნეტკავშირისა და მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა შეუძლია, რაც ინტერნეტზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნის პირობებში მეხუთე თაობის ქსელს დიდ უპირატესობებს სძენს. მიუხედავად ამისა, 5G-ის საფრთხის შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ქართულ და უცხოურ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება. ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, 5G ტექნოლოგიები მაღალ სიხშირეზე მუშაობენ, რის გამოც მათი გამოსხივება ადამიანისა თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის სახიფათოა. რეალურად, 5G ტექნოლოგია Radiation watchdog-ის მიერ უსაფრთხოდაა გამოცხადებული, ხოლო არამაიონებელი გამოსხივებისგან დაცვის საერთაშორისო  კომისიის (ICNIRP) დასკვნის მიხედვით, 5G-ის სიხშირე  მსგავსია იმისა, რაც მობილური ტელეფონებისთვის 1998 წლიდან გამოიყენება.

“მითების დეტექტორი” 5G ტექნოლოგიებზე გავრცელებული დეზინფრომაციისა და შეთქმულების თეორიების შესახებ ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი, ჩინეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist