23 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4) და გვერდმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკული ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი “ნეტფლიქსი” ვლადიმერ ლენინის შესახებ ფილმს იღებს, რომელშიც ლენინის როლს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ითამაშებს. პოსტებს თან ერთვის ფილმის პოსტერი, რომელზეც ლეონარდო დიკაპრიოა გამოსახული. პოსტებში ასევე ვკითხულობთ, რომ ფაქტს რუსი კომუნისტები აპროტესტებენ და “ნეტფლიქსისადმი” მიწერილ წერილში ითხოვენ, ლენინის როლი რომელიმე რუსმა მსახიობმა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსულ კინოთეატრებში ფილმის ჩვენების დაბლოკვით იმუქრებიან.
ინფორმაცია, რომ სტივენ სპილბერგი ლენინის შესახებ ფილმს იღებს, ყალბია. ფოტო, რომელზეც სპილბერგისა და დიკაპრიოს გვარებს ვკითხულობთ, 2017 წელს მსახიობმა დეივიდას ბრეივემ შექმნა, ხოლო დანარჩენი ფოტოები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი და ისინი Reddit-ის მომხმარებელ MJ_GhostWind-ს ეკუთვნის.
გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთზე ფილმის სახელწოდება “ლენინი”, ასევე რეჟისორის სახელი და გვარი – სტივენ სპილბერგია დასახელებული. რეალურად, ფოტო ნამდვილი ფილმის პოსტერი არაა, ის ლიეტუველმა მსახიობმა დეივიდას ბრეივემ შექმნა და 2017 წლის 14 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. მსახიობის პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ მან პოსტერი დიკაპრიოს მიუძღვნა, რომელსაც წარსულში არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ლენინის როლს შეასრულებდა, ხოლო სპილბერგი იმიტომ აირჩია, რომ ის ბიოგრაფიული ჟანრის ფილმებს კარგად იღებს. ამავე წლის 20 ოქტომბერს ბრეივემ კიდევ ერთი პოსტერი გამოაქვეყნა, რომელზეც ბრიტანელი მსახიობი დენიელ რედკლიფია გამოსახული, პოსტერის მიხედვით, რედკლიფი ფილმში “ლენინი” ლევ ტროცკის როლს ითამაშებს.
ლიეტუველმა მსახიობმა დიკაპრიოს პოსტერი ფეისბუქ გვერდ Soviet Visuals-საც გაუგზავნა და მათაც დაუდასტურა, რომ პოსტერი მისი შექმნილია.
აღნიშნული პოსტერი რუსულენოვან სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (1,2) და კიდევ რამდენიმე პოსტერი გამოჩნდა სელმა ჰაიეკის, სკარლეტ იოჰანსონისა და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავების გამოსახულებით.
რაც შეეხება ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში გამოყენებულ დანარჩენ ფოტოებს, ისინი “რედითის” მომხმმარებელმა MJ_GhostWind-მა ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Midjourney-ს გამოყენებით შექმნა და ამავე პროგრამასთან დაკავშირებულ საბრედითზე გამოაქვეყნა.
პოსტი დიკაპრიოს ხელოვნურად შექმნილ 8 ფოტოს აერთიანებს. კომენტარებში მომხმარებელმა დეტალურად ახსნა, თუ როგორ შექმნა ისინი.
შესაბამისად, პოსტებში გამოყენებული არც ერთი ფოტო რეალური ფილმის პოსტერი არაა და ყველა მათგანი ინტერნეტ მომხმარებლების მიერაა შექმნილი.
წარსულში ლეონარდო დიკაპრიომ ლენინის როლის განსახიერების სურვილი ნამდვილად გამოთქვა. 2016 წელს მსახიობმა გერმანულ გამოცემა Welt-თან განაცხადა, რომ რუსეთის ისტორიის შესახებ მეტი ფილმი უნდა არსებობდეს და რომ თავად პუტინის, რასპუტინის ან ლენინის როლს შეასრულებდა. განცხადებას რუსული ფილმების სტუდია “ლენფილმი” გამოეხმაურა და დიკაპრიოს მონაწილეობით ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვა, რასაც “სანკტ-პეტერბურგის კომუნისტური პარტიის” პროტესტი მოჰყვა.
ცნობები, რომ “ლენფილმი”, “ნეტფლისქი” ან სტივენ სპილბერგი დიკაპრიოს მონაწილეობით მსგავს ფილმს რეალურად იღებენ, ღია წყაროებში არ იძებნება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.