კონსპირაცია, თითქოს QR კოდები სატანურ რიცხვ 666-თანაა დაკავშირებული

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

2023 წლის 17 მაისს Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” QR კოდების პოტენციური საფრთხის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ამტკიცებს, რომ QR კოდში კვადრატების რაოდენობა სატანისტურ რიცხვ 666-თანაა დაკავშირებული. ვიდეოში ასევე  წარმოდგენილია ნაწყვეტები ორი რუსულენოვანი გადაცემიდან (1,2), სადაც პირველი ბელარუსის ქალაქ ვიტებსკში სატრანსპორტო სისტემის ინოვაციას ეხება, მეორე კი რუსეთის გადაწყვეტილებას, შექმნას QR კოდების მქონე ონლაინ ID ბარათები. იდენტური ვიდეო 2021 წელს რუსულენოვან YouTube არხზეც გამოქვეყნდა.

QR kodebi კონსპირაცია, თითქოს QR კოდები სატანურ რიცხვ 666-თანაა დაკავშირებული

მტკიცება, თითქოს QR კოდები სატანისტურ რიცხვ 666-თან არის დაკავშირებული, კონსპირაციაა. QR-კოდებისა და შტრიხკოდების სატანურ რიცხვებთან კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. ვიდეოში წარმოდგენილი გადაცემები კი მანიპულაციურად, სრული კონტექსტის გარეშეა გამოყენებული.

რა არის ბარკოდი?

EAN-13 მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროდუქციის სკანირების სისტემაა, რომელიც 85 ქვეყანაში გამოიყენება. კოდი რიცხვებს შვიდი ვერტიკალური ხაზის სერიის სახით გამოსახავს. შვიდი ხაზიდან თითოეული შავი ან თეთრი ფერისაა. ხაზები ქმნის მიმდევრობას, რომელსაც კომპიუტერი სკანირებისას კონკრეტულ რიცხვად აღიქვამს. თითოეულ პროდუქტს უნიკალური 13-ციფრიანი ნომერი ენიჭება (10 ციფრი თავად პროდუქტისთვის, საკონტროლო ციფრი და რამდენიმე სიმბოლო, რომელიც კოდის მიმნიჭებელ ორგანიზაციას გამოხატავს).

QR კოდები საკმაოდ ხშირად გამოიყენება რესტორნებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად ნახონ მათი მენიუ. QR კოდი, რომელიც 1994 წელს მასაჰირო ჰარამ შექმნა, შტრიხკოდების ორგანზომილებიან ვერსიას წარმოადგენს, რაც მეტ ტევადობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. მაშინ როდესაც ტრადიციულ შტრიხკოდებს დაახლოებით 20 ციფრის წაკითხვა შეუძლიათ, QR კოდებს მცირე შავი და თეთრი კვადრატების ბადის წყალობით, 4000-ზე მეტი ციფრის დატევა შეუძლიათ.

QR კოდების დამატებითი განზომილება ემსახურება არა მხოლოდ მეტი ინფორმაციის შენახვას, არამედ სიზუსტისა და სანდოობის გაუმჯობესებას. კოდები შეიცავს ინფორმაციას რიცხვების მიმართულების შესახებაც, რაც მათ სკანირებას ნებისმიერი მიმართულებით ხდის შესაძლებელს. უფრო მეტიც, შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობაც აქვთ, რაც საშუალებას იძლევა დაზიანებული კოდები კვლავ იკითხებოდეს. 

QR კოდები 256 ელემენტიან სასრულ სისტემას იყენებენ, რომელიც წარმოდგენილია 8 ორობითი ციფრით, როგორც ტექსტის, ისე შეცდომის გამოსწორების ინფორმაციის კოდირებისთვის. სკანირებისას, ორობითი ციფრები იკითხება სწორი თანმიმდევრობით, ხდება ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება და შეტყობინების აღდგენა.

  • QR და ბარკოდებთან დაკავშირებული კონსპირაციები

QR და ბარკოდებთან დაკავშირებული კონსპირაციები ახალი არ არის. თავდაპირველად, შტრიხკოდების შექმნას პროტესტის დიდი ნაკადი მოჰყვა. ინფორმაცია, თითქოს თითოეული ბარკოდის მიღმა სატანისტური რიცხვი 666 იმალებოდა სწრაფად გავრცელდა და ერთგვარ ურბანულ ლეგენდად იქცა. მტკიცება არაერთმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ შეისწავლა. ორგანიზაცია Snopes-ის გამოძიებამ QR კოდსებსა და რიცხვ 666-ს შორის კავშირი ვერ იპოვნა.

გავრცელებული წარმოდგენის საწინააღმდეგოდ, რიცხვ 666-ს ყველა ბარკოდში ვერ შევხვდებით. იდეას საფუძვლად უდევს გარემოება, რომ რიცხვი 6-ს გამოსახატად გამოყენებული მიმდევრობა წააგავს იმ ზოლებს, რომლებიც ნებისმიერი შტრიხკოდის დასაწყისის, შუა ნაწილისა და დასასრულის აღსანიშნავად გამოიყენება. ადამიანები, რომლებიც არასწორად კითხულობენ მოცემულ ზოლებს, მათ რიცხვ 6-ს ამსგავსებენ და ამტკიცებენ, რომ თითოეულ შტრიხკოდში რიცხვი 6-6-6-ის ამოკითხვაა შესაძლებელი.

აღნიშნული შეთქმულების თეორია Covid-19 პანდემიის პერიოდში გაძლიერდა, რა დროსაც, მასობრივი შეზღუდვების პერიოდში, კონტაქტის გარეშე სერვისების განვითარება მოხდა. ბარებსა და რესტორნებში QR კოდები უკონტაქტო ტრანზაქციებსა და ონლაინ მენიუს სანახავად სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა. ამ ტექნოლოგიის განვითარებამ ასევე საშუალება მისცა ბიზნესებს ანალიტიკის, დაკვირვებისა და ტარგეტირების ელემენტების საკუთარ საქმიანობაში ინტეგრირება მოეხდინათ. მოსახლეობაში კონპირაციისადმი მოწყვლადობის ზრდა სწორედ მოცემულმა ტრენდმა გამოიწვია. 

  • რუსულენოვანი გადაცემები ვიდეოში მანიპულაციურადაა გამოყენებული

გავრცელებულ ვიდეოში ასევე ვხვდებით ორი რუსულენოვანი გადაცემის ნაწყვეტს, რომლებიც კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი. პირველი გადაცემის სრული ვერსია 2020 წლის თებერვალში ბელარუსულ ტელეკომპანია ONT News-ის მიერ გამოქვეყნდა. სიუჟეტი ვიტებსკსა და ბელორუსის სხვა ქალაქებში სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას ეხებოდა და ამბობდა, რომ მოქალაქეებს ტრადიციული ბილეთების ყიდვა აღარ მოუწევდათ და ტრანსპორტირების საფასურის გადახდა QR კოდის სკანირებით საშუალებით შეეძლებოდათ. მეორე ნაწყვეტი რუსული საინფორმაციო გადაცემა Vesti-დანაა აღებული, სადაც წამყვანი აუდიტორიას QR კოდების მქონე ახალი ID ბარათების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ვიდეოს ავტორებმა ნაწყვეტები QR კოდებს მანიპულაციურად დაუკავშირეს და ისინი შეთქმულების თეორიის განსამტკიცებლად გამოიყენეს.

წყაროს შესახებ

Facebook ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორს არაერთხელ გადაუმოწმებია


სიუზანა ნოროიანი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist