27 ნოემბერს ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემაში “სტუდია N8,” მოწვეულმა სტუმარმა, პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კონფლიქტის გამო ენერგეტიკის წყაროები დაკარგა. ბაღათურიამ დააკონკრეტა, რომ საფრანგეთის ეკონომიკა ატომურ ელექტროსადგურებზე დგას, რომლისთვის საჭირო ურანს ისინი რუსეთისგან და ნიგერისგან ყიდულობდნენ, თუმცა, რუსეთთან დაპირისპირების გამო, ფრანგებმა ორივე აღნიშნული წყარო დაკარგეს.
ჯონდი ბაღათურიას მტკიცებებში რამდენიმე დეზინფორმაციაა: 1. საფრანგეთი რუსეთისგან სხვადასხვა ატომურ პროდუქტს, მათ შორის გამდიდრებულ ურანს, ყიდულობს, თუმცა ეს სავაჭრო საქმიანობა დღემდე გრძელდება; 2.ნიგერს საფრანგეთში ურანის ექსპორტი არ შეუწყვეტია;
1. რუსეთსა და საფრანგეთს შორის ბირთვული მასალებით ვაჭრობა არ შეჩერებულა
საფრანგეთს მისი ატომური სადგურის ოპერირებისთვის წლიურად დაახლოებით 8 ტონა ბუნებრივი ურანი ესაჭიროება. 2022 წლის მონაცემებით, საფრანგეთმა ბუნებრივი ურანი 5 ქვეყნისგან იყიდა: ყაზახეთი, ნიგერი, ნამიბია, უზბეკეთი და ავსტრალია – სულ 7000 ტონაზე მეტი.
Greenpeace-ის მიერ მარტში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან იმპორტირებული ურანის დიდ ნაწილს რუსული გიგანტი კომპანია როსატომი აკონტროლებს, რის გამოც სინამდვილეში საფრანგეთი უფრო მეტადაა დამოკიდებული რუსულ ურანზე, ვიდრე ეს ოფიციალურ რიცხვებში აისახება. ამასთანავე, 2022 წელს საფრანგეთს ატომური ელექტროსადგურების მუშაობისათვის საჭირო რაოდენობის გამდიდრებული ურანის მესამედი – 312 ტონა სწორედ რუსეთმა მიაწოდა, როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 110 ტონას შეადგენდა.
დოკუმენტის საპასუხოდ საფრანგეთის ენერგო ტრანზიციის მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის მუშაობა არანაირად არ არის რუსეთზე დამოკიდებული. მათ დააკონკრეტეს, რომ ქვეყანა რუსეთში მოპოვებულ ურანს არ ყიდულობს, ამ სფეროში რუსეთთან მათი ურთიერთობის მასშტაბები მოკრძალებულია და ბუნებრივი ურანის გამდიდრებით, კონვერტაციითა და გადამუშავებული ურანის ხელახლა გამდიდრებით შემოიფარგლება.
ბირთვულ სფეროში რუსეთ-საფრანგეთის სავაჭრო ურთიერთობებში, ძირითადი ნაწილი რუსეთის მიერ საფრანგეთის მიერ გამოყენებული/გადამუშავებული და გაღარიბებული ურანის ხელახლა გამდიდრებას და უკან, საფრანგეთში ექსპორტს უკავია. მოცემული პროცესი, რომელიც ბუნებრივად გამდიდრებული ურანის იაფი ალტერნატივაა, ორ ქვეყანას შორის პროტესტების შემდეგ, 2010 წელს შეწყდა, თუმცა 2021 წელს კვლავ განახლდა.
აღსანიშნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზეც კი, 2022 წელს საფრანგეთმა რუსეთისგან ბირთვული პროდუქტების შეძენა გაზარდა, რაშიც ჯამში 359 მილიონი ევრო დახარჯა, რაც მთლიანად ევროკავშირის მიერ რუსეთისგან შეძენილი ამ პროდუქტების ნახევარს უდრის.
2. ნიგერის მიერ ურანის ექსპორტის შეწყვეტაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
2023 წლის ივლისში ნიგერში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს აფრიკული ქვეყანა წყვეტდა ურანის ექსპორტს, რაც არცთუ სახარბიელო იქნებოდა საფრანგეთისთვის, რადგან ბოლო წლების მანძილზე ქვეყანის მიერ განხორციელებული ურანის იმპორტის 20-30% სწორედ ნიგერზე მოდიოდა. მიუხედავად ამ საშიშროებისა, უკანასკნელი ინფორმაციების თანახმად, ნიგერს ურანის ექსპორტი არ შეუწყვეტია.
2022 წლის მონაცემებით, ნიგერზე მსოფლიო ურანის მოპოვების დაახლოებით 5% მოდის და ამ მაჩვენებლით ის მეშვიდე, რუსეთი კი დაახლოებით 5.5%-ით მეექვსე ადგილს იკავებს. რაც შეეხება პირველ ხუთეულს, ლიდერი ყაზახეთია დაახლოებით 45%-ით, დანარჩენი სია კი ასე გამოიყურება: 2) კანადა; 3) ნამიბია; 4) ავსტრალია; 5) უზბეკეთი.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.