11-12 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა სანდრო ლობჟანიძე, ნაცნობი უფნობი, Daviti Tavartkiladze და ნამდვილი მეგობარი გაავრცელეს ფოტოკოლაჟი, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ბოლო 24 სათში დაღუპული პალესტინელი ბავშვებია გამოსახული.
ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის დროს დაღუპულ ბავშვებზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. რეალურად, ფოტოკოლაჟი არა 2023, არამედ 2021 წელს, 11 დღის განმავლობაში დაღუპულ ბავშვებსა და მოზარდებს ასახავს – მათი ნაწილი ისრაელში ცხოვრობდა და ჰამასის თავდასხმას ემსხვერპლა. ასევე, ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია 17 წლის ბიჭი, რომელიც მოჯაჰედების დაჯგუფების წევრი იყო.
2021 წლის 28 მაისს The New York Times-მა გარეკანზე დაბეჭდა ფოტო, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის დროს დაღუპული მცირეწლოვნები და მოზარდები იყვნენ გამოსახული. კოლაჟს ეწერა – “ისინი მხოლოდ ბავშვები იყვნენ”. თანდართული ტექსტის მიხედვით, მაისის კონფლიქტის დროს, სულ მცირე, 67 18-წლამდე პირი დაიღუპა. “ცნობების მიხედვით, მათ უნდოდათ, გამოსულიყვნენ ექიმები, ხელოვანები და ლიდერები”. – წერდა New York Times-ი.
გავრცელებულ კოლაჟში არა მხოლოდ პალესტინაში, არამედ ისრაელში დაღუპული ბავშვების ფოტოებიც არის მოცემული. მაგალითად, ისრაელის ქალაქ სდეროთში ჰამასის მიერ დაბომბვისას დაღუპული 5 წლის ბიჭისა და სოფელ დაჰმაშში დაღუპული 16 წლის გოგოს, რომელიც სირენების ხმაზე თავშესაფრისკენ მამასთან ერთად გაიქცა, თუმცა ბომბი მათ სახლთან ჩამოვარდა და ორივე დაიღუპა.
ასევე, სტატიის მიხედვით, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 2 ბავშვი მაშინ დაიღუპა, როდესაც ისრაელისკენ გასროლილი რაკეტა მცირე მანძილზე ჩამოვარდა.
NYT-ის გარეკანს კრიტიკა მოჰყვა. გამოცემას აკრიტიკებდნენ, მათ შორის, შინაარსის მიზეზითა და კონტექსტის დაფარვის გამოც. გაჟღერებულ კრიტიკაში აღნიშნული იყო, რომ სტატია გვიამბობს ბავშვების ოცნებებისა და სურვილების შესახებ, თუმცა კონკრეტული ისტორიები განხილულია სრული სურათიდან განცალკევებულად: მაგალითად, სტატიაში საუბარია დაღუპული პალესტინელი ბავშვების შესახებ, თუმცა ვრცლად არაა საუბარი იმაზე, თუ როგორ იყენებს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი “ცოცხალ ფარებს”.
ჰამასი კონფლიქტში ბავშვების “ცოცხალ ფარად” გამოყენებაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. მაგალითად, 2014 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ წარმოადგინა ფოტომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ თამაშობენ პალესტინელი ბავშვები რაკეტის გამშვებთან ახლოს. ნეთანიაჰუს სიტყვებით, ჰამასმა რაკეტები განზრახ განათავსა იმ ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ და თამაშობდნენ.
გარდა ამისა, კოლაჟში გამოყენებულია 17 წლის ბიჭის ფოტოც, რომლის დაღუპვის შემდეგ მოჯაჰედების დაჯგუფებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის მათი წევრი იყო. მათივე მტკიცებით, ბიჭი “იერუსალიმის ბრძოლაში” დაიღუპა, თუმცა, არ განმარტეს, იბრძოდა თუ არა ის. აღნიშნული მოჯაჰედების დაჯგუფება 2018 წელს აშშ-მა შეიყვანა შავ სიაში, რომლის მიხედვითაც ისინი ტერორისტულ დაჯგუფებებს აფინანსებენ. ინფორმაცია, რომ ხალედ ალ-ქანი მოჯაჰედების დაჯგუფების წევრი იყო, დაადასტურა მისმა ოჯახმაც, თუმცა, მათივე ცნობით, 17 წლის მოზარდი გაერთიანებაში ზეწოლის, ფულისა და იარაღზე წვდომის შეთავაზების შემდეგ გაწევრიანდა. ოჯახის მტკიცებით, გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ და დაღუპვის შემდეგ მოჯაჰედებს სამგლოვიარო კარავში შესვლის უფლება არ მისცეს.
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-ანგარიში ნაცნობი უფნობი იგივე “ფანტინა”, მის სხვა ანგარიშებთან (1,2,3) ერთად, მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს. “მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.
ყალბი ინფორმაცია წარსულში გაუვრცელებია ფეისბუქ-მომხმარებელ სანდრო ლობჟანიძესაც. მისი პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულში რამდენჯერმე გადაამოწმა.
შეთქმულების თეორიებს, ყალბ ინფორმაციასა და ანტივაქსერულ პოსტებს ასევე ავრცელებს ანონიმური ანგარიში ნამდვილი მეგობარი. მისი პოსტების ნაწილი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.
მცდარად არის მონიშნული ფეისბუქ-მომხმარებელ Daviti Tavarkiladze-ის პოსტებიც. ის, ძირითადად, ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის მასალას, მათ შორის სხვადასხვა თემაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.