25 თებერვალს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ბოლო თვეებში ღაზაზე მიტანილი იერიშის მიზანი არა ჰამასის განადგურება, არამედ იქ მცხოვრები პალესტინელების გენოციდი და ღაზას სექტორის მოსუფთავებაა. ამის დასადასტურებლად ის აღნიშნავს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა ჰამასის მხოლოდ 300-მდე წევრი გაანეიტრალა.
დემურ გიორხელიძის მტკიცება, თითქოს 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა ჰამასის 300-მდე მებრძოლი გაანადგურა, მცდარია. აღნიშნული სტატისტიკა ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით დაღუპული ჰამასელების რიცხვი 6000-დან 12000-მდე მერყეობს.
ამ დროისათვის ჰამასის მოკლული წევრების ზუსტი რაოდენობა უცნობია და სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ რიცხვებს ავრცელებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს დაღუპული მოსახლეობის საერთო რაოდენობას და არ აკონკრეტებს ამ სტატისტიკაში ჰამასის მებრძოლებიც შედიან თუ არა. მათი ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის შეტევების შედეგად 29 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელის თავდაცვის ძალების 19 თებერვლის განცხადებით, მათ 7 ოქტომბერს ჰამასის დაახლოებით 1 000 მებრძოლი მოკლეს, მას შემდეგ დაწყებული შეტევისას კი 12 000.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 21 იანვარს გამოიცა Wall Street Journal-ის სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, ისრაელმა ჰამასის მებრძოლების მხოლოდ 20-30%-ის დახოცვა შეძლო, რაც ისრაელის მიერ დასახულ გეგმის შესრულებას, მთლიანად გაანადგუროს ჰამასი, ეჭვქვეშ აყენებს. სტატიის მიხედვით, იმ დროისათვის ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზაში ჰამასის 9 000-მდე მებრძოლი მოკლეს, რაც მთლიანი შემადგენლობის 30%-ია. აშშ-სა და ისრაელის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე ჰამასს დაახლოებით 25 000-დან 30 000-მდე შეიარაღებული წევრი ყავდა, რასაც რამდენიმე ათასი პოლიციელიც ემატებოდა.
აღსანიშნია, რომ თებერვალში ჰამასის წევრმა პირველად აღიარა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ დიდი დანაკლისი განიცადა ისრაელის შეტევისას, თუმცა, მის მიერ გაცხადებული ციფრები საკმაოდ განსხვავდება ისრაელის თავდაცვის ძალების სტატისტიკისგან. უფრო კონკრეტულად, ჰამასის მაღალჩინოსანმა, რომელიც ყატარში იმყოფება, როიტერსთან საუბარში განაცხადა, რომ დაჯგუფებამ ისრაელთან 4 თვიან ბრძოლაში 6 000 მებრძოლი დაკარგა. მან ასევე აღნიშნა, რომ დანაკარგების მიუხედავად, ჰამასი მზად არის დიდხნიანი საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად და ისრაელის გეგმების ჩასაშლელად.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, მოკლა 1 200 ადამიანი და აიყვანა დაახლოებით 250 ტყვე, რის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზას სექტორზე ჯერ საჰაერო და შემდეგ უკვე სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ომს ღაზას სექტორში მცხოვრები 29 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სახმელეთო შეტევას და მათ მთავარ მიზანს ჰამასის სრული განადგურება წარმოადგენს.
წყაროს შესახებ:
დემურ გიორხელიძე 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”. ბოლო პერიოდში იგი პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” მიერ დაფუძნებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემების ხშირი სტუმარია. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.