გადაამისამართა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება ისრაელში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

270
VIEWS

 7 ოქტომბერს კრემლისტური მედია სეზონი TV-ის ფეისბუქ-გვერდზე, ასევე, კრემლისტურ ალტ-ნიუსსა და Telekompania Akhali-ს გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება დაამტკიცა. გარდა ამისა, “სეზონი TV” ამტკიცებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვისადმი მიძღვნილ საგანგებო სესიაზე სენატმა ხმების 83%-ით მიიღო გადაწყვეტილება, გადაამისამართოს უკრაინის დახმარება – 30 Abrams ტანკი, 10 F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი და 8 მილიარდი დოლარი ისრაელში. მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მოაწერა.   

გავრცელებული ინფორმაცია გაზიარდა 7 ქართულენოვან ფეისბუქ ჯგუფში (History of Georgia; კონსერვატიული მოძრაობა – საქართველოსთვის !!!; ტელეკომპანია სეზონი ● Sezoni TV; არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას; ახალი არხი; ახალი; “მოქალაქე” არსამთავრობო ორგანიზაცია). 

ისრაელისთვის $8 მილიარდის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულენოვან ფეისბუქ-ანგარიშებსა და ჯგუფებში (1;2;3).

israeli da hamasi გადაამისამართა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება ისრაელში?

აშშ-ის მიერ ისრაელის დახმარებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება. აშშ-ის სენატს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ისრაელში გადამისამართებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია და მისთვის არც 8 მილიარდის გამოყოფაზე გაუკეთებია განცხადება; თუმცა, აშშ-მა ისრაელს თავდაცვისთვის დახმარება გაუგზავნა და მისი მხარდაჭერისკენ ნაბიჯები გადადგა. 

 აშშ-ის დახმარება ისრაელს  

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის გამოყოფილი რაიმე სახის დახმარების, მათ შორის, ტანკების, გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და $8 მილიარდი დოლარის ისრაელში გადამისამართებას. გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება სანდო ღია წყაროებითა და დასავლური მედიით. ასევე, გადაწყვეტილების შესახებ ცნობა არ გამოქვეყნებულა სენატის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდებზე. $8 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება არ იძებნება თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე – ამ საკითხზე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია გადაამოწმა Newsweek-მაც.    

სქრინშოტში, რომელსაც მედია ისრაელისთვის $8 მილიარდის ოდენობით დახმარების გამოყოფის დასამტკიცებლად ავრცელებს, თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდს ვხედავთ. სქრინშოტის მიხედვით, 7 ოქტომბრის განცხადება Briefing Room-ის განყოფილებიდან Presidential Action-ზე გადასვლით იძებნება, თუმცა, რეალურად, ჯო ბაიდენის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული განცხადებები 6 და 8 ოქტომბრით არის დათარიღებული. 

გაყალბებული სქრინშოტი  სქრინშოტი თეთრი სახლის ვებ-გვერდიდან
israeli da 1 გადაამისამართა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება ისრაელში? israeli da hamasi2 გადაამისამართა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება ისრაელში?

თეთრი სახლის ვებ-გვერდზე 7 ოქტომბერს ისრაელთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული 2 განცხადებაა გამოქვეყნებული (1;2). განცხადებებში ბაიდენი გმობს ტერორისტების თავდასხმას ისრაელზე, ამბობს, რომ მჭიდრო კონტაქტი ექნება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელი მიიღებს ყველაფერს, რაც სჭირდება. 

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის 8 ოქტომბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისრაელის მხარდასაჭერად აშშ-მა ნაბიჯები გადადგა და ქვეყანა დახმარებას უახლოეს დღეებში მიიღებს. განცხადების მიხედვით, ოსტინმა რეგიონში თავდაცვის დეპარტამანტის პოზიციების გასაძლიერების საკითხი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილა. აშშ-ის გადაწყვეტილებით, საზღვაო ძალების ავიამზიდი (USS Gerald R. Ford Carrier Strike Group) ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით იმოძრავებს. მასში შედის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford-ი, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტებიანი კრეისერი USS Normandy, სამხედრო ხომალდები Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტებით, გემები – USS Ramage-ი, USS Carney და USS Roosevelt-ი. გარდა ამისა, აშშ-მა გადადგა ნაბიჯები რეგიონში F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებლების ესკადრილიების გასაძლიერებლად.  

რაც შეეხება დახმარებას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს სწრაფად მიაწვდიან დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს, მათ შორის, საბრძოლო მასალას. განცხადებაში აღნიშნული არ არის, რა ტიპის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას მიიღებს ისრაელი აშშ-სგან უახლოეს დღეებში, თუმცა, ოსტინის განცხადებით, მჭიდრო კავშირი ექნებათ კოლეგებთან, რათა უზრუნველყონ, რომ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ “საშინელი ტერორისტული თავდასხმისგან თავის დასაცავად”. აშშ-ის თავდაცვის მდივანი განცხადებაში დახმარების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა მართვადი ბომბები და რკინის გუმბათისთვის საჭირო ანტირაკეტები მოითხოვა. 

აშშ-ის დახმარება უკრაინას 

ბოლო პერიოდში შეთანხმების ვერმიღწევის მიუხედავად, დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს, რომ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს. Reuters-ის ცნობით, დახმარების გაცემა სააღრიცხვო შეცდომის მიზეზით რამდენიმე მილიარდი დოლარის აღმოჩენის გამო გახდა შესაძლებელი.   

ივნისში ცნობილი გახდა, რომ აღრიცხვაში შეცდომის გამო უკრაინაში გაგზავნილი საბრძოლო მასალის, რაკეტებისა და აღჭურვილობის დაფინანსების ოდენობა $6.2 მილიარდით იყო გადაჭარბებული. 

მედიის ცნობით, აღნიშნული თანხით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში იარაღსა და საბრძოლო მასალას გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შათდაუნის ასაცილებლად 30 სექტემბერს დამტკიცებულ გეგმაში უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოსაყოფი თანხები არ შედიოდა

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი, პალესტინა, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist