13 ნოემბერს გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” საიტზე ევროკავშირის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროპა და ამერიკა სანქციების მხარდაჭერის შეთავაზებით საქართველოს სასიკვდილოდ წირავს, რადგან სანქციების მხარდაჭერა რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს. ასევე, სტატიის მიხედვით, ევროპელი ლიდერები უკვე ხვდებიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროპას უფრო აზარალებს და შედეგად სანქციებზე ხელმომწერი ქვეყნების რიგებს ნელ-ნელა აკლდება სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, სკანდინავიის სახელმწიფოები, რომლებისთვისაც რუსული ბაზარი ეკონომიკურად მომგებიანი იყო.
15 ნოემბერს სტატია უცვლელი სახით TVM.ge-ს საიტზეც გამოქვეყნდა.
“საქართველო და მსოფლიოს” სტატია 2 დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს: 1) დეზინფორმაციაა, რომ ევროკავშირის სანქციებთან მიერთება საქართველოსთვის რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს. სანქციები სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და საკვებზე არ ვრცელდება; 2) დეზინფორმაციაა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ევროკავშირის სანქციებს აღარ უერთდებიან. დანია, შვედეთი და ფინეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქამდე მიღებულ ყველა პაკეტს შეუერთდნენ. სანქციების დიდ ნაწილს, მათ შორის, ბოლო – მე-11 პაკეტს სკანდინავიის კიდევ ერთი სახელმწიფო – ნორვეგიაც შეუერთდა, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.
სტატიის მიხედვით, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთება რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტასა და რუსეთიდან იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქტზე, ასევე რუსეთში ყველანაირი პროდუქცის ექსპორტზე უარის თქმას ნიშნავს. სტატიაში მაგალითებად პურის ფქვილის იმპორტი და ხილის, ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების ექსპორტია მოყვანილი.
რეალურად, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთიდან საკვებთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროდუქციის გლობალურ ბაზარზე ექსპორტსა და ამავე სფეროსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს არ მოიცავს. ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ტიპის სასუქი წარმოადგენს, რომლის იმპორტზე ევროკავშირში შეზღუდვაა დაწესებული. ასევე არაა შეზღუდული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და საკვების ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტი, თუკი ამ საქმიანობას სანქცირებული პირები არ ახორციელებენ.
“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს “ნელ-ნელა აკლდება” ევროპული სახელმწიფოების ნაწილი, მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნები.
ამ მდგომარეობით ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი მიიღო. სანქციები მხოლოდ ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში მიიღება და მისი იმპლემენტაცია ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა. ევროკავშირის წევრმა სკანდინავიის ქვეყნებმა – დანიამ და შვედეთმა, ასევე ფინეთმა, რომელსაც მისი მჭიდრო კავშირების გამო სკანდინავიის სახელმწიფოებთან ერთად განიხილავენ, აქამდე შემუშავებულ ყველა პაკეტს მხარი დაუჭირეს.
რაც შეეხება სკანდინავიის კიდევ ერთ ქვეყანას – ნორვეგიას, ის ევროკავშირის წევრი არაა და მასზე ორგანიზაციის მიერ მიღებული სანქციების აღსრულების ვალდებულება არ ვრცელდება. თუმცა, ძირითადად ნორვეგია ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს უერთდება. გამონაკლისი არც სანქციების ბოლო პაკეტი იყო, რომელიც ქვეყანამ სექტემბრის ბოლოს დაამტკიცა და ქვეყანაში რუსეთში რეგისტრირებული ცხრა ან ნაკლებადგილიანი მანქანების შესვლა შეზღუდა.
შესაბამისად, მტკიცება, რომ სკანდინავიის ქვეყნები სანქციებით იმედგაცრუების გამო მათ აღარ უერთდებიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში ის ფაქტი სწორადაა აღნიშნული, რომ ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიამ პაკეტი უკვე მოიწონა, თუმცა საბოლოოდ ის ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.