ესტონური “სპუტნიკი” და “საქართველო და მსოფლიო” ამტკიცებენ, რომ ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

39
VIEWS

22 აპრილს “საქართველო და მსოფლიომ” სტატია, სათაურით “ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ” გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, ბალტიისპირეთის ქვეყანაში უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის ინიციატორი ნაციონალ-კონსერვატიული პარტია (EKRE) საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ესტონეთის პარლამენტს ევროკავშირის დატოვებაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს. ავტორის მტკიცებით, პეტიციაზე რამდენიმე დღეში 1 500-მა ადამიანმა მოაწერა ხელი და რაც მთავარია, 2003 წლის რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც ესტონელმა ხალხმა ევროკავშირში შესვლას დაუჭირა მხარი, არავალიდურია, რადგან მასში დადებითი პასუხი ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა დააფიქსირა და ამის გამო რეფერენდუმი ხელახლა უნდა ჩატარდეს. მასალაში მოყვანილია ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის დამფუძნებლის, მარტ ჰელმეს პოზიციაც, რომელიც ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრად არის მოხსენიებული. ინფორმაციის წყაროდ sputnik-meedia.ee-ს 10 აპრილის და 11 აპრილის სტატიებია მითითებული

განცხადება, რომ ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ, მანიპულაციურია და საფუძველს მოკლებული. ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირის წევრობას ესტონეთის მოსახლეობის 84% უჭერს მხარს, ზემოთხსენებულ რეფერენდუმს კი 6 მაისისისთვის მხოლოდ 1 656 ხელმომწერი ჰყავდა. ასევე მანიპულაციურია არგუმენტი, რომ 2003 წელს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მიერ დადებითი პასუხის დაფიქსირების გამო ევროკავშირის წევრობის რეფერენდუმი ხელახლა უნდა ჩატარდეს. ესტონეთის რეფერენდუმის აქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმში ხმის მიმცემთა უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად ხდება. მარტ ჰელმე კი არა საგარეო საქმეთა, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ესტონეთში 2003 წლის 14 სექტემბერს ჩატარდა. მასში როგორც ამომრჩეველთა აქტივობა, ისე ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებითი პასუხი 60%-ს აჭარბებდა. 850 000 სრულწლოვანი მოქალაქიდან, რომელსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, რეფერენდუმში მონაწილეობა 63%-მა მიიღო. მათმა 67%-მა მხარი ევროკავშირში შესვლას დაუჭირა.

ესტონეთი ევროკავშირისადმი ძალიან მაღალი ნდობით დღესაც გამოირჩევა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელი გამოკითხვების შედეგებით, ევროკავშირის წევრობას მხარს ქვეყნის მოსახლეობის 84% უჭერს, ევროს, როგორც საერთო ვალუტის მხარდაჭერამ კი რეკორდულ 78%-ს მიაღწია. ეს ფაქტები ეწინააღმდეგება ინფორმაციას, თითქოს ესტონელებს ევროკავშირში ყოფნა აღარ სურთ.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიცია კენო პოლტსამამ 2021 წლის 29 მარტს rahvaalgatus.ee პლატფორმაზე შეიტანა. საიტი სპეციალურად ესტონეთის პარლამენტისა და ადგილობრივი მთავრობების მისამართით შექმნილი პეტიციების გამოქვეყნებისთვისაა შექმნილი. მისი მუშაობის პრინციპის თანხმად, ყველა პეტიცია, რომელიც 1000 ან მეტ ხელმოწერას შეაგროვებს, ესტონეთის პარლამენტში განსახილველად ავტომატურად იგზავნება. პეტიციის პარლამენტში გადაგზავნა არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო მასში მოცემულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. 2021 წლის 6 მაისის მონაცემებით, პოლტსამას ინიციატივას 1656 ხელმომწერი ჰყავს, მაშინ, როდესაც ესტონეთის მოსახლეობა 1,3 მილიონს შეადგენს.

პეტიციის ტექსტში კენო პოლტსამა აცხადებს, რომ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარება აუცილებელია დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, რადგან მასში დადებითი პასუხი ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა დააფიქსირა (ამომრჩეველთა აქტივობა 64%, მათგან დადებითი პასუხი – 67%. მოსახლეობის 64%-ის 67% კი დაახლოებით 43%-ია). თუმცა, ეს მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. 2002 წელს მიღებული ესტონეთის რეფერენდუმის აქტის თანახმად, რეფერენდუმის შედეგი უნდა განისაზღვროს მასში ხმის მიმცემ მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. იგივე პრინციპი მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, პეტიციის ავტორის მოთხოვნა 2003 წლის რეფერენდუმის ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ საფუძველს მოკლებულია.

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში ასევე მოყვანილია ესტონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ულტრა-მემარჯვენე ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის დამფუძნებლის, მარტ ჰელმეს ციტატა, რომელშიც ის ევროკავშირის, როგორც კონფედერაციის მიმართ, თავის უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბრობს. მასალაში ჰელმე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრად არის მოხსენიებული, თუმცა ის ამ თანამდებობაზე არასდროს ყოფილა. საგულისხმოა, რომ 1995-1999 წლებში ის რუსეთში ესტონეთის ელჩი იყო.

ჰელმეს მსგავსი შინაარსის განცხადება მართლაც გვხვდება როგორც სპუტნიკის, ისე ესტონური გამოცემა ERR-ს სტატიაში, რომელიც რუსულ მედია საშუალებას წყაროდ მოჰყავს. თუმცა, ჰელმე, რომელმაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2020 წლის ბოლოს, ჯო ბაიდენისთვის კორუმპირებულის წოდების შემდეგ დატოვა, საუბრობს საპარლამენტო ჯგუფის შექმნის იდეაზე, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პირველ რიგში ეცდება დაიწყოს დისკუსია, სურთ თუ არა ესტონელებს კონფედერაციული ევროკავშირის წევრობა. აღსანიშნავია, რომ ამასთანავე ჰელმე ხაზს უსვამს, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირს, როგორც ეკონომიკურ და სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირს, თუმცა არ მოსწონს, რომ ის “იდეოლოგიზებული და ფედერალისტური ორგანიზმი” ხდება. მოცემულ ორ წყაროში ჰელმე 2003 წლის რეფერენდუმის არავალიდურობაზე არ საუბრობს.

  • წყაროს შესახებ

“საქართველო და მსოფლიო” წყაროდ  sputnik-meedia.ee-ს იყენებს. WhoIsLookup-ის მიხედვით, ვებ-გვერდი 2020 წლის 25 სექტემბერშია შექმნილ და IP მისამართლი გერმანიის ქალაქ ჰესენში აქვს.

;

2020 წლის იანვარში Russia Today-ს მფლობელობაში არსებული კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Sputnik-ის ესტონური ბიურო დაიხურა. მიზეზად Sputnik-ი ბიუროს ხელმძღვანელი ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფონზე თანამშრომლების სამსახურიდან წასვლას ასახელებდა, თუმცა Russia Today-ს ესტონური ოფისის ხელმძღვანელი ელენა ჩერიშევა ამბობდა, რომ ვებ-გვერდი მუშაობას მოგვიანებით მაინც განაახლებდა. 2019 წლის ბოლოს ესტონეთმა უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირის ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციების ფარგლებში Russia Today-ს საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელს დიმიტრი კისელიოვს სანქციები დაუწესა. შესაბამისად, ეკონომიკური სანქციები Sputnik-ზეც გავრცელდა, რაც ესტონეთში მათი ფინანსური აქტივების გაყინვას მოიცავდა.

“რუსული მედიის Rossiya Segodnya-ს ხელმძღვანელი დიმიტრი კისელიოვი აუკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლების კუთხით მთავარ პროპაგანდიტებს შორისაა. Sputnik-ის ოფისი ამ მედია ორგანიზაციის ფრთაა. სწორედ ეს არის მისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების მიზეზი”. – განმარტა ესტონეთის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ესტონეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist