დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის დროებითი მთავრობის კანდიდატების სია უკვე დაკომპლექტდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

პრეზიდენტი
60
VIEWS

27 მაისს კრემლისტურმა გამოცემა თბილისი 24-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: “ექსკლუზივი: ზურაბიშვილის მთავრობა!” სტატის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული “ქართული ქარტიის“ ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები “დროებით, ტექნოკრატიულ მთავრობაზე” შეჯერდნენ და მინისტრთა და თანამდებობის პირებზე მსჯელობა თითქმის დაასრულეს. ავტორი სტატიაში მკითხველს ინფორმაციას აწვდის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ.  

სტატია გამოცემის დირექტორმა, გოჩა ნაჭყებიამ გააზიარა ფეისბუქ-ჯგუფებში: ჩვენი მხარდაჭერა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს!!! ; პროტესტი; ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები; არა კოვიდფაშიზმს! ; არა კოაბიტაციას! No cohabitation! Pas de cohabitation!.  

Screenshot 2024 06 06 at 11.05.05 AM დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის დროებითი მთავრობის კანდიდატების სია უკვე დაკომპლექტდა

“დროებითი მთავრობის” დაკომპლექტების შესახებ გავრცელებული სიის ნამდვილობა არ დასტურდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე, ოპოზიციურ პარტიებში – ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, გირჩი – მეტი თავისუფლებასა და ევროპულ საქართველოში გვითხრეს, რომ საკითხზე ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის მსჯელობა არ ყოფილა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ მიღებულა. ასევე, ზურაბიშვილმა წარდგენის დღესვე თქვა, რომ “სხვანაირი მთავრობა” არა პოლიტიკური პარტიებით, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით შერჩეული ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული. 

კრემლისტური გამოცემა “თბილისი 24” და მისი დირექტორი გოჩა ნაჭყებია ინფორმაციას მტკიცებულებების გარეშე ავრცელებენ. რეალურად, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, შესაბამისად, თანამდებობები, როგორც ამას ავტორი ამტკიცებს, არ განაწილებულა.  

“მითების დეტექტორი” ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მსჯელობა აღნიშულ საკითხზე არ ყოფილა, იმავეს გვიდასტურებენ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც სიაში სხვადასხვა თანამდებობაზე შეთანხმებულ კანდიდატად არიან მოხსენიებული: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი – მეტი თავისუფლება და ევროპული საქართველო.  

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებას “ქართული ქარტიის” იდეა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააცნო. პრეზიდენტის განმარტებით, ქარტია “სხვანაირი ერთობაა” – “ერთობა ერთიანობის გარეშე”, რაც, მისივე თქმით, მოიაზრებს ერთობას მხოლოდ ქარტიის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. პრეზიდენტმა წარდგენაზევე თქვა, რომ “ქართული ქარტია” გამორიცხავს ერთიან სიებსა და სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც არჩევნებზე პასუხი გაეცემა კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა, შეიქმნება “სხვანაირი პარლამენტი”, რომელიც იზრუნებს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სხვადასხვა სფეროში (მათ შორის, ე.წ. აგენტების და ოფშორების კანონების გაუქმება, სასამართლო რეფორმა და ა.შ.), ხოლო შემდეგ მანდატს ამომრჩეველს დაუბრუნებს და ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ზურაბიშვილმა “სხვანაირ მთავრობაზე” საუბრისას ასევე აღნიშნა: 

ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი. ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით“. 

შესაბამისად, კრემლისტური მედიის მტკიცების საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და ოპოზიციაც განმარტავს, რომ “დროებით მთავრობაზე” მსჯელობა არ ყოფილა. სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, წარდგენის დღესვე თქვა, რომ “სხვანაირი მთავრობა” არა პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით შერჩეული ადამიანებისგან იქნება შექმნილი. 

“თბილისი 24-ის” შესახებ: საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია ამავდროულად არის თბილისი 24-ის დირექტორი. მედიის ვებ-საიტზე სისტემატურად ვრცელდება ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტოპოზიციური შინაარსის სტატიები. “მითების დეტექტორს” მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარსულშიც აქვს გადამოწმებული.  გარდა ამისა, 2017 წელს სასჯელაღსრულების სამინისტრომ “თბილისი 24-ს”, რომლის დირექტორი გოჩა ნაჭყებია ციხის კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირი იყო, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტრაქტი გაუფორმა.  

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist