პირველ ივლისს ფეისბუკ მომხმარებელმა, მაია თვალთვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, “დისნეიმ” გერმანელ მხატვარს ძველი ფილმების ცაზე “ქიმიური ბილიკები” 60 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაამატებინა. პოსტში აღნიშნულია, რომ ეს მაყურებლის მოსატყუებლად გაკეთდა, რათა მათ დაიჯერონ, რომ ცაზე ქიმიკატების არსებობა ბუნებრივია და ყოველთვის იყო. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ექიმი დიტრიხ კლინგჰარდტი ამბობს, რომ ინფორმაცია დისნეის ფილმებში ქიმიური ბილიკების დამატების შესახებ, მან პაციენტისგან გაიგო.
ინფორმაცია, რომ “დისნეიმ” გერმანელ მხატვარს 60 მილიონი დოლარი ფილმებში “ქიმიური ბილიკის” დასამატებლად გადაუხადა, მტკიცებულების გარეშე ვრცელდება და იმ შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ვარაუდობს, რომ გარკვეული მთავრობები ან ორგანიზაციები ქიმიკატებს ატმოსფეროში სხვადასხვა ბოროტი მიზნისთვის ფარულად აფრქვევენ. დისნეის პრაქტიკა ფილმის აღდგენისა და ხელახალი გამოშვების მიმართულებით ფოკუსირებულია ორიგინალი შინაარსის შენარჩუნებაზე და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება სანდო წყაროებიდან ან ოფიციალური განცხადებებიდან, რომ ასეთი ცვლილება ოდესმე განხორციელებულა.
დისნეიმ წლების განმავლობაში მრავალი კლასიკური ფილმი სხვადასხვა ფორმატში (VHS, DVD, Blu-ray, Digital HD) ხელახლა გამოუშვა, თუმცა კომპანია ფოკუსირებულია ორიგინალური მხატვრული ჩანაფიქრისა და ხარისხის შენარჩუნებაზე. ფილმის აღდგენა, როგორც წესი, მოიცავს კადრების და ხმის ხარისხის გაწმენდას და არა სცენების შინაარსის შეცვლას. დისნეის ფილმების აღდგენითი პროექტები ზუსტად არის დოკუმენტირებული და ეს პროექტები მიზნად ისახავს ფილმების პირველადი იერსახის შენარჩუნებას და არა მათი თანამედროვე ელემენტებით მოდიფიცირებას. მაგალითად, ფილმები, როგორიცაა “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” (1937), “კონკია” (1950) და “მეფე ლომი” (1994) რამდენჯერმე არის გამოშვებული მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. გარდა ამისა, კინოკრიტიკოსები და ანიმაციის ისტორიკოსები ხშირად განიხილავენ და ადარებენ ერთმანეთს დისნეის ფილმების სხვადასხვა ვერსიებს. არცერთ ამ მიმოხილვაში არ არის ნახსენები ე.წ. ქიმტრეილის ან სხვა მსგავსი ელემენტების დამატება.
არ არსებობს სანდო წყაროები ან ოფიციალური ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ მტკიცებას, რომლის თანახმადაც, დისნეიმ გადაუხადა 60 მილიონი დოლარი გერმანელ ხელოვანს იმისათვის, რომ ძველ ფილმებში ქიმიური ბილიკები დაემატებინა. ამის შესახებ ინფორმაცია არც რეპუტაციულ საინფორმაციო გამოცემებს და დისნეის ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებს არ გაუვრცელებიათ. სავარაუდოდ, ეს მტკიცება, შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც არაერთხელ უარყვეს მეცნიერებმა და ექსპერტებმა. ეს შეთქმულების თეორიები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავების მიერ დატოვებული ბილიკები სინამდვილეში არის ქიმიკატები, რომლებსაც განზრახ აფრქვევენ სხვადასხვა მავნე მიზნისთვის, რაც მოკლებულია სანდო სამეცნიერო მტკიცებულებებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეთქმულების თეორეტიკოსები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს თვითმფრინავის კონდენსატის კვალი პოპულარულ კულტურაში 1980-იანი წლების ბოლომდე შეუმჩნეველი იყო. მათი აზრით, ეს ნიშნავდა იმას, რომ წარსულში თვითმფრინავები არ ტოვებდნენ კვალს, რაც თითქოს ადასტურებს, რომ ამ “ქიმიური ბილიკის” გამოჩენა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითმფრინავების საშუალებით მომწამვლელი ნივთიერებების გამოფრქვევა დაიწყეს. ამ მოსაზრებას აბათილებს დისნეის 1928 წლის ფილმი “შეშლილი თვითმფრინავი”, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ქმნის მიკი ახალ თვითმფრინავს და მინი მაუსთან ერთად დაფრინავს. ფრენისას, აშკარად ჩანს კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს.
ქიმტრეილი კონსპირაციული თეორიაა, რომელიც თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებულ კვალს ეხება. შეთქმულების მიხედვით, მთავრობა, პოლიტიკური ელიტები ან ორივე ერთად, ცაში საიდუმლო ტოქსიკურ ნივთიერებს უშვებს, რათა მოწამლონ ხალხი, გააკონტროლონ ამინდი ან დაეპატრონონ საზოგადოების გონებას. სინამდვილეში, ცაში დატოვებული კვალი ცნობილია, როგორც Contrail და წარმოიქმნება თვითმფრინავის ტურბინებიდან გამოტყორცნილი წყლის ორთქლის კრისტალიზირების შედეგად. აშშ-ის ჰაერისა და გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. contrails საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეში არ აგდებს. ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა Snopes და PolitiFact, არაერთხელ უარყვეს ქიმტრეილებთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები. მათ შორის, “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე არაერთი სტატია მოამზადა:
- არის თუ არა კავშირში სოლარული გეოინჟინერია და ე.წ. ქიმტრეილები?
- საიდუმლო აგენტის ჩვენება თუ მხატვრული ფილმი? – რას ასახავს ვიდეო, რომელსაც შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად იყენებენ
- ქიმტრეილები და 9/11-ის კონსპირაციის თეორიაზე რუსული არხის – ТВ3-ის სიუჟეტი ვრცელდება
- იფრქვევა თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან?
ვინ არის დიტრიხ კლინგჰარდტი, რომელიც ამტკიცებს, რომ გერმანელმა მხატვარმა დისნეისგან 60 მილიონი მიიღო?
დიტრიხ კლინგჰარდტი თერაპევტია, რომლის სამედიცინო რეპუტაცია არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ. კლინგჰარდტის მიერ შემუშავებულ დიაგნოსტიკურ მეთოდს (Autonomic Response Testing), რომელიც მოიცავს კუნთების ტესტირებას სხვადასხვა მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, არ გააჩნია საკმარისი ემპირიული მხარდაჭერა და არსებულ სამედიცინო სტანდარტებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, კლინგჰარდტი დაკავშირებულია შეთქმულების თეორიებთან, მაგალითად, ის საუბრობს ისეთ თემებზე, როგორიცაა ვაქცინების პოტენციური საფრთხე. მის შეხედულებებს, გარდა იმისა, რომ არ გააჩნიათ მეცნიერული დასაბუთება, ხელს უწყობენ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიმართ შიშისა და ეჭვების გაღვივებას. ასევე, კლინგჰარდტის მკურნალობის ჩვენებები ეფუძნება არა რეცენზირებულ სამეცნიერო კვლევებს, არამედ პაციენტების ჩვენებებს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების ჩვენებები შეიძლება იყოს დამაჯერებელი, ისინი არ არის საკმარისი მკურნალობის ეფექტიანობის დასადასტურებლად, რადგან მას არ აქვს გავლილი ტესტირების ეტაპები თანმიმდევრული და განმეორებადი შედეგების დემონსტრირებისთვის.
1993 წელს დიტრიხ კლინგჰარდტს ნიუ-მექსიკოს მედიკოსთა საბჭომ სამედიცინო ლიცენზია სამი წლით შეუჩერა და პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რამდენადაც ის აფინანსებდა სემინარებს, რომელსაც არალიცენზირებული ექიმი ახორციელებდა. პირობები მოიცავდა საბჭოს ინფორმირებას სემინარის დეტალების შესახებ, სამედიცინო კანონებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და კვარტალური ანგარიშების წარდგენას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.