20 სექტემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ Украина.ру (1,2,) ZOV Xарьков, ZOV Запорожие გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კიევში, რესტორანი Мама Гочi სპეციალური აქციით სტუმრებს სთავაზობს “მწვადს ყარაბაღის კვამლით” და შოთს “ფაშინიანისთვის”. ინფორმაციას თან ერთვის რესტორნის გარეთ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს აბრა აქციის შესახებ ინფორმაციით. იგივე ინფორმაცია ვიდეოდან ამოჭრილი კადრების და ვიდეოს თანხლებით ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3).
ცნობები, რომ უკრაინის დედაქალაქში რესტორანი Мама Гочi მომხმარებლებს მთიანი ყარაბაღის თემაზე სპეციალურ მენიუს სთავაზობს, დეზინფორმაციაა. ვიდეოს ნამდვილობა რესტორანმა თავის ინსტაგრამ-გვერდზე და “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც უარყო. ვიდეო რუსულ ტელეგრამ-არხებზე ერთსა და იმავე დროს გავრცელდა და ვიზუალური მანიპულაციის ნიშნებს შეიცავს.
ვიდეოს გავრცელების დღესვე ქართულმა რესტორანმა Мама Гочi ვიდეოს ნამდვილობა თავის ინსტაგრამ გვერდზე უარყო და რესტორნის წინ მდგომი დაფის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ვიდეო ყალბია და არაფერი აქვს საერთო რესტორანთან. დამატებით “მითების დეტექტორისთვის” მიცემულ კომენტარში რესტორნის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ყალბი ვიდეო რესტორანს რეპუტაციულ ზიანს აყენებს და რესტორანი მომხდართან დაკავშირებით და ვიდეოს ავტორის პოვნის მიზნით პოლიციას დაუკავშირდა. რესტორნის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დაკვირვებისას ვიდეოზე ვიზუალური მანიპულაცია შეიმჩნევა.
ვიდეო ასევე ვიზუალური მანიპულაციის ნიშნებს შეიცავს. ვიდეოში ჩანს შავი დაფა, რომელზეც წარწერა ცარცით უნდა იყოს გაკეთებული, თუმცა შესამჩნევია, რომ დაფის ცენტრალური ნაწილი, კიდეებთან შედარებით უფრო მუქია. მსგავსი განსხვავება არ ჩანს რესტორნის მიერ იმავე დღეს გავრცელებულ ფოტოსა და ვიდეოში, რომელზეც რესტორნის რეალური მენიუა ასახული.
გარდა ამისა, ვიზუალური მანიპულაციების გადამოწმების ხელსაწყოს InVid-ის ფუნქციის, Forensic-ის გამოყენებით, ვიდეოს ისეთი კადრის შემოწმებისას, რომელზეც ცალსახად პროგრამულად არის ჩასმული ტელეგრამ-არხის სახელი, Forensic-ი ტელეგრამ სახელის ადგილზე და აბრაზე მანიპულაციის ერთსა და იმავე ტიპს გვაჩვენებს.
ZOV Запорожие-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ტელეგრამ-არხის Осташко! Важное-ს სახელია მითითებული. ტელეგრამის მონიტორინგის ხელსაწყოს TGstat.ru-ს საძიებო სისტემით გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებული საძიებო სიტყვების (Шашлык с “карабахским” дымком) ძიებისას, ჩანს, რომ ამ ფრაზის შემცველი პოსტები სხვადასხვა ტელეგრამ-არხზე ძირითადად 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.
TGstat.ru ასევე აჩვენებს 10 ყველაზე პოპულარულ ტელეგრამ-არხს, რომლებშიც ვიდეო გამოქვეყნდა. ამ არხების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ყველაზე ადრე 20 სექტემბერს, 16:18 წუთზე იდენტური აღწერით ვიდეო ორ არხზე Осташко! Важное და Россия в Telegram-ზე გამოქვეყნდა.
არხი Осташко! Важное რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტის რუსლან ოსტაშკოს ეკუთვნის. ოსტაშკოვი გამოცემა “POLITRUSSIA-ს” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. 2023 წლის იანვარში ოსტაშკოს უკრაინაში ომის მხარდაჭერისა და პროპაგანდისთვის უკრაინამ სანქციები დაადო. უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ საინფორმაციო პორტალზე ასევე აღნიშნულია, რომ YouTube-მა ოსტაშკოს არხი წაშალა, რის შემდეგაც ის სოცმედიის რუსულ ალტერნატივას Rutube-ს იყენებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.