დეზინფორმაცია, თითქოს ეველინ ფარკასი საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

93
VIEWS

8 დეკემბერს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა, დავით ქართველიშვილმა (1;2) გამოაქვეყნა ფეისბუქ-პოსტი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკასის შესახებ. ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ 2022 წლის სექტემბერში ფარკასი საქართველოს აქეზებდა, რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაეწყო, 2023 წლის სექტემბერში კი კვლავ გვახსენებდა, რომ “ზუსტად ახლაა იმის დრო, რომ ქართველი ხალხი პუტინს აღუდგეს და ეს ისტორიული შანსი ხელიდან აღარ უნდა გაუშვას”. “ხალხის ძალის” წევრი ეველინ ფარკასს საქართველოს “მარადმღვიძარე მტერს” უწოდებს და პოსტს თან ურთავს “რადიო თავისუფლების” სტატიების სქრინშოტებს. დავით ქართველიშვილის პოსტი საკუთარ ვებ-საიტზე გამოაქვეყნა ონლაინ გამოცემა “სფეისნიუსმა” და მედიაჰოლდინგმა “კვირა”.  

ფეისბუქ-პოსტი სახელისუფლებო ექსპერტმა, გია აბაშიძემ გაავრცელა 2 ჯგუფში – “პროტესტი” და “”მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია”. Spnews-ის დახურული ჯგუფის ადმინისტრატორმა, კონსტანტინე ჩიკვილაძემ “სფეისნიუსის” მასალა გააზიარა კიდევ ერთ ფეისბუქ-ჯგუფში – “ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე””. 

Screenshot 2023 12 12 140326 დეზინფორმაცია, თითქოს ეველინ ფარკასი საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა

ეველინ ფარკასის განცხადებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. ფარკასმა 2023 და 2022 წლის სექტემბერში “რადიო თავისუფლებასთან” რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა, თუმცა საქართველოსთვის არცერთ ინტერვიუში არ მოუწოდებია, რომ საომარი მოქმედებები დაეწყო.  

 ეველინ ფარკასი 2022 წლის 9 სექტემბერს “რადიო თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური სანქციების მნიშვნელობაზე საუბრობს. ჟურნალისტმა მას დაუსვა კითხვა, არის თუ არა საქართველო-აშშ-ისა და საქართველო-NATO-ს ურთიერთობები საკმარისად აქტიური, რათა ადეკვატურად უპასუხოს და მიჰყვეს საფრთხეებს, რომლებიც, სხვების მსგავსად, საქართველოსთვისაც იზრდება. ფარკასის სიტყვებით, აშფოთებს ის, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებას ვერ ხედავს. მისივე შეფასებით, ახალი გამოწვევების პარალელურად, პატარა ქვეყნის მთავრობამ უნდა გამონახოს გზა, თუ სად შეუძლია წვლილის შეტანა იმისთვის, რომ “მაგიდასთან ადგილი” მოიპოვოს. 

“თქვენ შეიძლება გქონდეთ სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა აქ სანქციების საკითხი დგება და უნდა იფიქრო, როგორ წარმართო სავაჭრო ურთიერთობა. შეიძლება, გქონდეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და მაინცდამაინც ყველაფერში არ შეეწინააღმდეგო, მაგრამ რაღაც უნდა მისცე აშშ-სა და დასავლეთს, თუკი გინდა, ამ თანამეგობრობის წევრი იყო”. – თქვა ფარკასმა. 

 ჟურნალისტის კითხვას, თუ რა შეიძლება იყოს “რაღაც”, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველომ აშშ-სა და დასავლეთს უნდა მისცეს, ფარკასი პასუხობს: 

 “სანქციები, ნამდვილად. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქციებში, რადგან არ არსებობს სხვა გზა სამხედრო გზის პარალელურად, რომელში ჩართვაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას და ჩვენ, აშშ-ს, არ გვსურს. ჩვენ მხოლოდ არაპირდაპირ ვაწვდით უკრაინელ სამხედროებს დახმარებას, რომ მათ შეძლონ თავის დაცვა, თუმცა ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოებთ, არის ეკონომიკური და ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუკი ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა, მეტად შეუწყობდა ხელს სანქციებს, ვინაიდან, ეს არის ის, რასაც შეუძლია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება და, შესაძლოა, საბოლოოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ იძულებაც”.  

 2022 წლის სექტემბრის ინტერვიუში ეველინ ფარკასი ამბობს, რომ ტექნიკურად, საქართველოს მთავრობას სურს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა, თუმცა აქვს კითხვები “მოწადინების ხარისხთან”, რადგან, შესაძლოა, არსებობდეს შიში რუსეთის მიმართ. ფარკასის შეფასებით, საქართველოს რუსეთისგან დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება – შემოჭრისა და სამხედრო მოქმედებების მხრივ. ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებობს აღქმა, რომ რუსეთს საქართველოში პრობლემები გაზრდა შეუძლია, ეველინ ფარკასი პასუხობს: 

“მერე რა? მერე რა? მაინც ვერ გაიმარჯვებს. კი, ვიცი, რომ საგუშაგოებს სწევს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. კი, შეუძლია ეს ყოველდღე აკეთოს. მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე, როგორც უკრაინის მხარეს ვართ. გვჯერა, რომ საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება. შეიძლება, შეგვეკამათოთ, ამიტომ თავად ვიტყვი, რომ საქართველოს მეტად უნდა დავხმარებოდით 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი და ახლა ვეხმარებით უკრაინას”.  

 ეველინ ფარკასი ეკონომიკური სანქციებისა და რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელობაზე საუბრობს 2023 წლის 11 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც. ფარკასის სიტყვებით, თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, არ იარსებებს მიზეზი, თუ რატომ არ გააკეთებს იმავეს საქართველოშიც. მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს, საქართველოს მთავრობას აუხსნას, რომ შესაბამისობაში უნდა იყოს ეკონომიკურ სანქციებსა და რუსეთის იზოლაციის პოლიტიკასთან – რაც არ ნიშნავს ომში ბრძოლას და სისხლისღვრას არ გამოიწვევს. 

“ვლადიმირ პუტინმა ჩათვალა, რომ ვერ აკონტროლებდა უკრაინას, ვინაიდან ზელენსკი პოლიტიკურად ზედმეტად დამოუკიდებელი იყო და გადაწყვიტა ამ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება. საქართველოც საფრთხის ქვეშ იქნება, თუკი მთავრობა გადაწყვეტს წინ აღუდგეს პუტინს. ვერაფრით დაგეხმარებით გარდა იმისა, რომ გითხრათ – დიახ, თუკი რომელიმე მთავრობა შეეწინააღმდეგება პუტინს, მან შეიძლება სამხედრო მოქმედება წამოიწყოს. ახლა ის ამას არ გააკეთებს, რადგან სხვა ომშია, რომელშიც ვერც კი იმარჯვებს. მაგრამ, თუკი მოგვიანებით მოუნდება, შეძლებს ამას. და, თუკი საქართველოს ხალხს სურს, რომ მისი მთავრობა წინ აღუდგეს პუტინს, სწორედ ახლაა ამის დრო. მერე ძალიან გვიან იქნება”. – ამბობს ის “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.  

შესაბამისად, 2022 და 2023 წლის ინტერვიუებში ეველინ ფარკასი საქართველოს ომში ჩართვას არ განიხილავს – ის საუბრობს ეკონომიკური სანქციების მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ ახლა არის დრო, საქართველოს მთავრობა ვლადიმირ პუტინს წინ აღუდგეს, რადგან უკრაინასთან ომის ფონზე ის სამხედრო მოქმედებებს არ წამოიწყებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist