დავით თარხან-მოურავის 3 დეზინფორმაცია აშშ-სა და ტექნოლოგიების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

166
VIEWS

19 ივლისს “მედია-კავშირი ობიექტივის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ნაწყვეტი ტვ ობიექტივის 18 ივლისის გადაცემიდან “სტუდია N8”, რომელშიც პარტია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი რამდენიმე მტკიცებას აჟღერებს:

  1. როგორც კი იაპონიამ ხელოვნური ინტელექტის სფეროში აშშ-ს გაუსწრო, ამერიკამ ყველაფერი გააკეთა, რომ იაპონიის ზრდა შეჩერებულიყო. დღეს იაპონიის ტექნოლოგიები მხოლოდ იაპონიაში ტრიალებს და დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ იაპონიას არ გასცდეს, რათა ქვეყანაში მეტი სიმდიდრე არ შევიდეს.
  2. როდესაც ჩინურმა კომპანია ჰუავეიმ აშშ-ს შეფასებით სიმდიდრის დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა, ამერიკელებმა ჰუავეისთვის ბაზარი ჩაკეტეს და მისი მფლობელის ქალიშვილი კანადაში დააპატიმრეს.
  3. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სამხრეთ კორეულ კომპანია სამსუნგს სავაჭრო ემბარგო დაადეს, რადგან სამსუნგის ახალი მოდელი Apple-ს დაანგრევდა.

Screenshot 1 2 დავით თარხან-მოურავის 3 დეზინფორმაცია აშშ-სა და ტექნოლოგიების შესახებ

დავით თარხან-მოურავის მტკიცებები დეზინფორმაციულია. რეალურად: 1) იაპონია მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტით მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს და გარკვეული ტიპის ტექნოლოგიაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ექსპორტს არა დასავლეთის ზეწოლის გამო, არამედ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ზღუდავს; 2) ჩინური კომპანია ჰუავეისთვის დაწესებული შეზღუდვები არა კომპანიის შემოსავლებს, არამედ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევას და ჩინეთის მთავრობის მხრიდან მათი ტექნოლოგიის თვალთვალისათვის გამოყენების ეჭვებს უკავშირდება; 3) ობამას გადაწყვეტილება, რომელიც სამსუნგ გალაქსი ნოუთ 7-ის გამოსვლამდე 3 წლით ადრე მიიღო, პატენტებზე დავას ეხებოდა, ამ მოდელის წარმოება კი იმის გამო აიკრძალა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ტელეფონს ცეცხლი გაუჩნდა.

  • როგორია იაპონიის ექსპორტი ტექნოლოგიების სფეროში და რას უკავშირდება შეზღუდვები რეალურად?

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აშშ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იაპონიის ზრდა შეაჩეროს, რადგან ქვეყანამ აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადაუსწრო. თარხან-მოურავი ასევე ამბობს, რომ დასავლეთი იაპონიას საკუთარი ტექნოლოგიების საზღვრებს გარეთ გატანის საშუალებას არ აძლევს.

რეალურად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2007-2020 წლის მონაცემებით, მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტის კუთხით იაპონია მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს, ხოლო აშშ მეშვიდე ადგილს. 2020 წელს იაპონიის მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი 102 751.09 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო აშშ-სი 141 538.56 მილიონ აშშ დოლარს. ევროკავშირის ცალკე აღებული ქვეყნებიდან მათ მხოლოდ გერმანია უსწრებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ იაპონიას საკუთარი ტექნოლოგიის საზღვრებს გარეთ გატანის უფლებას არ აძლევენ, რათა მან შემოსავალი ვერ მიიღოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

Screenshot 2 3 დავით თარხან-მოურავის 3 დეზინფორმაცია აშშ-სა და ტექნოლოგიების შესახებ
მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი. აშშ და იაპონია 2007-2020 წწ. წყარო: Statista

კონკრეტული ტიპის ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვებისა და აშშ-სა და იაპონიას შორის ურთიერთობების კუთხით, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გამოცხადდა ახალი პარტნიორობის ამოქმედება აშშ-სა და იაპონიას შორის კონკურენტუნარიანობისა და მედეგობისათვის (CoRe), რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს. 2021 წელს ჩატარდა აშშ-იაპონიის ერთობლივი სამუშაო კომიტეტის მეთექვსმეტე  შეხვედრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განსახილველად, მათ შორის იყო კვანტური ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ბიოტექნოლოგიები, რა დროსაც განიხილეს საერთო კვლევების და პროექტების ჩატარება და ტექნოლოგიების გაზიარება მოკავშირე ქვეყნებთან. აშშ-სა და იაპონიას შორის ამ თანამშრომლობის ფარგლებში ასევე განიხილება კრიტიკული ტექნოლოგიების, მათ შორის მიკროელექტრონიკის და კიბერ სათვალთვალო სისტემების ექსპორტის ეფექტიანი კონტროლიც, რათა მისი გამოყენება მავნე აქტორების მიერ არ მოხდეს. მაგალითისათვის, 2019 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ჩინურ კომპანია ჰუავეის შეზღუდვები დაუწესა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის მთავრობა ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის მიმართულებით სავაჭრო კონტროლის გამკაცრებას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონია აკადემიური კვლევის მიმართულებით ყველა საერთაშორისო პარტნიორობას გაუწევდა მონიტორინგს, რათა ტექნოლოგიების გაჟონვა არ მომხდარიყო.

შესაბამისად, სხვადასხვა ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვა, რომელსაც თავად იაპონიის მთავრობა აწესებს, უკავშირდება არა აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან მისთვის ბაზრის ჩაკეტვას, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

  • რატომ დაუწესდა ჰუავეის შეზღუდვები?

გადაცემაში დავით თარხან-მოურავი ასევე ამტკიცებს, რომ აშშ-მა ჩინურ კომპანია ჰუავეის შეზღუდვები იმიტომ დაუწესა, რომ მან ამერიკის შეხედულებით სიმდიდრის დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა:

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ჰუავეი არის ერთ-ერთი ძლიერი, დიდი კომპანია და როგორც კი ჰუავეიმ ამერიკული შეხედულებით გადააჭარბა სიმდიდრის დაშვებულ ზღვარს, ამერიკელებმა ჰუავეისთვის ბაზარი ჩაკეტეს. არ გაჩერდა ჰუავეი? მისი ხელმძღვანელისმ მფლობელის ქალიშვილი კანადაში დააპატიმრეს. ვინ დააპატიმრა? აშშ-მა.”

2019 წელს აშშ-მა ჩინური ტექნოლოგიების კომპანია ჰუავეი სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა. შესაბამისად, ამერიკულ კომპანიებს მასთან თანამშრომლობა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე აეკრძალათ. შესაბამისად, ჩინური კომპანია ვეღარ შეძლებდა ამერიკული ტექნოლოგიის შეძენას, რომელსაც საკუთარი ტექნიკის წარმოებისათვის იყენებდა. აშშ-ის მაშინდელმა ვაჭრობის მდივანმა ვილბურ როსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერდა გადაწყვეტილებას, რომელიც “დაიცავდა ამერიკულ ტექნოლოგიას, რათა არ მომხდარიყო მისი გამოყენება უცხოური ორგანიზაციების მიერ აშშ-ის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისათვის პოტენციურად საზიანო გზით”. სავაჭრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჰუავეის ბრალი წაუყენა ირანისათვის ფინანსური სერვისების მიწოდების შეთქმულებაზე.

სწორედ ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს 2018 წელს ჰუავეის დამფუძნებლის ქალიშვილი მენგ ვანჭოუ კანადაში. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში მან აღიარა, რომ კომპანია HSBC შეცდომაში შეიყვანა ჰუავეის Skycom-თან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ირანში ოპერირებდა. მენგ ვანჭოუს კანადაში დაკავების შემდეგ ჩინეთმა კანადის ორი მოქალაქე დააკავა და ჯაშუშობისთვის ასამართლებდა. 2021 წელს ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე დაკავებულთა გაცვლა მოხდა და მენგ ვანჭოუ ჩინეთში დაბრუნდა.

პარალელურად, აშშ მოკავშირეებს მოუწოდებდა აეკრძალათ ჰუავეის მონაწილეობა საკუთარ ქვეყნებში 5G ქსელის განვითარების პროექტებში. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, შვედეთმა, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ. გერმანიამ, საფრანგეთმა და იაპონიამ კი შეზღუდვები გაამკაცრეს. მიზეზი აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის მთავრობა ჰუავეის ტექნოლოგიის სხვა ქვეყნებზე თვალთვალისთვის გამოყენებას ცდილობს.

2021 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდემა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც კომპანიებს, რომლებიც აშშ-ის უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენენ (მათ შორის ჩინურ კომპანიებს ჰუავეის და ZTE-ს), მარეგულირებელი სააგენტოებისგან ახალ ტექნოლოგიებზე ლიცენზიის გაცემა შეუჩერდებათ.

  • რა შეზღუდვები დააწესა ობამამ და რატომ აიკრძალა სამსუნგ ნოუთ 7 რეალურად?

დავით თარხან-მოურავი ასევე ირწმუნება, რომ აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოლო 70 წლის განმავლობაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სავაჭრო ემბარგო დაადო კორეულ კომპანია სამსუნგს, რისი მიზეზსაც ის ამგვარად ხსნის:

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “მაშინ სამსუნგ ნოუთ 6 თუ ნოუთ 7 გამოვიდა, რაღაც მოდელი, და ამ მოდელის შესვლა ბაზარზე აკრძალა იმიტომ, რომ ეს მოდელი მთლიანად ეფლს დაანგრევდა.”

რეალურად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება არა სამსუნგ ნოუთ 7-ს (რომელიც 2016 წელს გამოვიდა), არამედ სამსუნგსა და ეფლს შორის პატენტების თაობაზე არსებულ დავას შეეხებოდა. ობამამ ვეტო დაადო საერთაშორისო სავაჭრო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავდა ეფლის iPhone-ისა და iPad-ის ძველი მოდელების, iPhone 3GS-ის, iPhone 4-ის, iPad 3G-ს და iPad 2 3G-ს იმპორტს და დისტრიბუციას. კომისია დაეთანხმა სამსუნგს, რომელიც ეფლს სამსუნგის პატენტების დარღვევას ედავებოდა, თუმცა ობამას გადაწყვეტილებამ იმპორტის აკრძალვა შეაჩერა. ეს პირველი შემთხვევა იყო 1987 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა საერთაშორისო სავაჭრო კომისიის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

რაც შეეხება სამსუნგ ნოუთ 7-ს, 2016 წელს ის აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა თვითმფრინავებში აკრძალა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც მობილური ტელეფონის ამ მოდელს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით თავად სამსუნგმა ამ მოდელის ტელეფონების წარმოება შეაჩერა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, იაპონია, ჩინეთი
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist