ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მიგრანტების მიღებას გაწევრიანების შემთხვევაში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

182
VIEWS

2 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხევაში საქართველოს მილიონობით მიგრანტის მიღება მოუწევს. პოსტის ავტორის მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა არაა მზად “უთვალავი რაოდენობის მიგრანტის” მისაღებად, რაც ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მილიონობით მიგრანტის მიღების ვალდებულებას აკისრებს. “მილიონობით მიგრანტი უნდა მიიღოს, უთვალავი, რამდენიც წამოვა იმდენი…” – ვკითხულობთ პოსტში.

milioni migranti ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მიგრანტების მიღებას გაწევრიანების შემთხვევაში?

მტკიცება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მიგრანტების მიღების პასუხიმგებლობას აკისრებს მანიპულაციურია, ხოლო ინფორმაცია მილიონობით მიგრანტის მიღების ვალდებულებაზე სიმართლეს არ შეესაბამება. დღეისათვის, თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილების პროგრამებში ჩართვა მოხალისეობრივი ხასიათისაა და ევროკავშირი არც ერთ მის წევრ სახელმწიფოს მიგრანტთა მიღების ვალდებულებას არ აკისრებს. 

აიძულებს თუ არა ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას?

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო სისტემა მოქმედებს, რომელიც დუბლინის რეგულაციას ეყრდნობა და განსაზღვრავს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის განხილვაზე. შეთანხმების თანახმად, პირველმა ევროპულმა ქვეყანამ, სადაც ლტოლვილები ჩადიან, უნდა განიხილოს მათი განაცხადი თავშესაფრის მინიჭების შესახებ და შესაბამისი უფლებით სარგებლობაც უზრუნველყოს. 

სირიის კონფლიქტის ფონზე მიგრანტთა ნაკადის ზრდასთან ერთად ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მიდგომის ამ მოდელმა განსაკუთრებული სირთულეები შექმნა და მიგრანტთა კოორდინირებული განთავსების აუცილებლობა გააჩინა. 2015 წელს ევროკავშირმა დროებითი გადაადგილების სქემა დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს იტალიიდან და საბერძნეთიდან 2 წლის ვადით თავშესაფრის მაძიებელების მიღებას სთხოვდა. წინასწარ შეთანხმებული კვოტა ყველაზე მაღალი გერმანიის შემთხვევაში იყო და  27 536 მიგრანტს არ აღემატებოდა. კვოტების დადგენისას ევროკომისიამ ოთხი კრიტერიუმით იხელმძღვანელა: 

  1. მოსახლეობის რაოდენობა (40%)
  2. მთლიანი შიდა პროდუქტი (40%)
  3. 2010-2014 წლებში მიღებული თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების რაოდენობის შეფარდება მიღებულ მიგრანტთა რაოდენობასთან ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით (10%) 
  4. უმუშევრობის დონე (10%)

ბევრი სახელმწიფო არ დაეთანხმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ რიცხვს და თავად განსაზღვრა მიგრანტთა ის რაოდენობა, რომლის მიღებასაც შეძლებდა. საბოლოოდ, 2017 წლის ივნისისთვის მხოლოდ ხუთმა, ხოლო პროგრამის დასასრულს მხოლოდ რვა  სახელმწიფომ მოახერხა მათზე დაკისრებული კვოტის 50%-ის შესრულება, ხოლო მათ შორის მალტა ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც ნაკისრი პასუხისმგებლობის წარმატებით შესრულება შეძლო.

milioni migranti1 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მიგრანტების მიღებას გაწევრიანების შემთხვევაში?
წყარო: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, 2017 წლის ივნისის მონაცემები
milioni migranti2 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მიგრანტების მიღებას გაწევრიანების შემთხვევაში?
წყარო: ფრედრიხ ებერტის ფონდი, 2017 წლის სექტემბრის (პროგრამის დასასრული) მონაცემები

რელოკაციის დროებითი სქემა განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა რამდენიმე სახელმწიფოსთვის. პროცესში თანამონაწილეობაზე უარის თქმის გამო, 2017 წლის 15 ივნისს ევროკომისია იძულებული გახდა ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების წინასწარ ნაკისრი ვალდებულების წარმატებით შესრულება სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც ვერ შეძლეს, ჩეხეთის, პოლონეთის და უნგრეთის შემთხვევაში პრობლემა ნაწილობრივ თანამონაწილეობაზე უარის თქმა იყო. რაც შეეხება კვოტების რაოდენობას, ჩეხეთის შემთხვევაში ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კვოტა  2691, უნგრეთის შემთხვევაში 1294, ხოლო პოლონეთის შემთხვევაში 6182 მიგრანტს შეადგენდა. ორწლიანი პროგრამის დასასრულს, პოლონეთმა და უნგრეთმა არცერთი, ხოლო ჩეხეთმა მხოლოდ 12 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. 

ევროკავშირის სასამართლომ ევროკომისიის სარჩელზე გადაწყვეტილება 2020 წლის 2 აპრილს გამოიტანა და დაადგინა, რომ სამივე ქვეყანამ ვალდებულების შეუსრულებლობით ევროკავშირის კანონმდებლობა დაარღვია. პოლონეთის და უნგრეთის არგუმენტი, რომ მიგრანტების მიღება საზოგადოებრივ წესრიგს შეუქმნიდა საფრთხეს, სასამართლომ არასაკმარისად მიიჩინია, ხოლო მექანიზმის არაეფექტურობაზე ჩეხეთის მტკიცების პასუხად, სასამართლომ განაცხადა, რომ მექანიზმის დახვეწა სახელმწიფოს სქემაზე მუშაობის და იმპლემენტაციის პროცესში შეეძლო. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამივე სახელმწიფოს ევროკომისიისთვის საქმეზე გაწეული ფინანსური ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა. 

2017 წელს ევროკავშირის პირველი სწრაფი რეაგირების პროგრამის დასრულების შემდეგ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა წევრ სახელმწიფოებს შორის ამ საკითხზე საერთო პოზიციის არარსებობა, ევროკომისიის ჩართულობით განხორციელებული თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილების ყველა პროგრამა მოხალისეობრივი ხასიათისაა და ევროკავშირი არც ერთ მის წევრ სახელმწიფოს მიგრანტთა მიღების ვალდებულებას არ აკისრებს. ცენტრალური ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან და საბერძნეთიდან გადაადგილების პროგრამებში და 2022 წლიდან მოქმედი მოხალისეობრივი სოლიდარობის მექანიზმში ჩართვა სახელმწიფოს სურვილზეა დამოკიდებული და არც ერთ პროგრამაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრებისთვის სავალდებულო ხასიათი არ აქვს. 

თავშესაფრის მინიჭების და მიგრაციის მართვის ახალი მოდელი 

მიგრანტთა კრიზისთან გასამკლავებლად ერთიანი ევროპული სტრატეგიის შემუშავება ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. თავშესაფრის მინიჭების პროცედურების და მიგრაციის მართვის რეგულირების მოდერნიზებულ მიდგომაზე შეთანხმებას ევროკავშირის ოცდაერთმა წევრმა სახელმწიფომ 2023 წლის 8 ივნისს მიაღწია. ევროკომისიასა და ევროპარლამენტში მოლაპარაკების პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავშესაფრის მინიჭების და მიგრაციის მართვის ახალი რეგულაცია (AMMR) ამჟამად მოქმედ დუბლინის რეგულაციას ჩაანაცვლებს. 

ალტერნატიული მიდგომის მთავარი მიზანი სამართლიანი მიგრაციის სისტემის შექმნაა, რომელიც სოლიდარობის მექანიზმის გამოყენებით, წევრ სახელმწიფოებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებას შეუწყობს ხელს. ახალი მოდელი თავშესაფრის მაძიებელების მიმღები თავდაპირველი ქვეყნიდან ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებში მათი გადაადგილების მექანიზმს რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე დაყრდნობით განსაზღვრავს: 

  • ჯამში, მთლიანად ევროკავშირის მასშტაბით, მიმღები ქვეყნიდან სხვა სახელმწიფოებში ყოველწლიურად 30 000 მიგრანტის გადაადგილება მოხდება.
  • არც ერთი სახელმწიფო არ იქნება ვალდებული მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიიღოს მიგრანტები.
  • სანაცვლოდ, სისტემა საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს თავად აირჩიონ სოლიდარობის მათთვის მისაღები ფორმა – ფინანსური კონტრიბუცია, რომელიც ერთ გადაადგილებაზე 20 000 ევროს შეადგენს და სხვა ალტერნატიული დახმარების გზები (მაგ. პერსონალის განლაგება, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით დახმარება ან შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები). 
  • იმ შემთხვევაში, თუ რელოკაციის წლიური რაოდენობა საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული რიცხვის 60%-ზე ან რეგულაციით დამტკიცებულ მინიმალურ ლიმიტზე (30 000) ნაკლები იქნება, ახალი მოდელი სახელმწიფოებს მეორადი სოლიდარობის პასუხისმგებლობას აკისრებს. ამ მექანიზმით, გადაადგილებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო პასუხისმგებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლების მიმღები ქვეყნის ნაცვლად თავად განიხილოს თავშესაფრის მოთხოვნის აპლიკაციები.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist