27 დეკემბერს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინტერვიუდან. ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთში მილიარდს ვერ იშოვი, “თუ არ ხარ შეკრული უშიშროების სამსახურთან, პოლიტიკოსებთან, ბიუჯეტთან და ა.შ”. ამოჭრილ ვიდეოს ებმის ინტერვიუს ის ნაწილი, რომელშიც პოლიტიკოსი ამბობს, რომ პირველი მილიონი მანეთი პეტერბურგში იშოვა.
“სირცხვილის კორიდორი” ვიდეოს მანიპულაციურად, სრული კონტექსტის გარეშე ავრცელებს. რეალურად, ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე საუბრობს, რომ პირველი მილიონი მანეთი პეტერბურგში იშოვა, თუმცა 1993 წელს ქვეყანა დატოვა, მას შემდეგ, რაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც უფრო დიდი ფანჯრის გახსნასთან ერთად უთხრეს, რომ “აქ სხვანაირი წესებია”.
ინტერვიუს ერთ ნაწილში მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთში მილიარდს მთავრობასთან ან უშიშროების სამსახურთან შეკვრის გარეშე ვერავინ იშოვის, მეორე ნაწილში კი საუბრობს მის პირველ მილიონ მანეთზე, რომელიც პეტერბურგში იშოვა. ანტიოპოზიციური გვერდის მიერ ამოჭრილი ამ ორი ნაწილის შეერთებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მამუკა ხაზარაძემ თანხა თავადაც იმ მეთოდებით მიიღო, რომელსაც პირველ ნაწილში აღწერს. თუმცა, ინტერვიუს სრული ვერსიით ირკვევა, რომ ხაზარაძე, მათ შორის, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს – მისი თქმით, პეტერბურგში პირველი მილიონის შოვნის შემდეგ მისთვის “უფრო დიდი ფანჯარა” გაიხსნა, თუმცა, პარალელურად, გამოჩნდენენ ადამიანები, რომლებმაც განუმარტეს, რომ “აქ სხვანაირი წესებია”, რის გამოც 1993 წელს ქვეყანა დატოვა. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა “ტელეკომპანია პირველის” გადაცემა “რეაქციაში” 26 დეკემბერს ისაუბრა.
სრული ციტატა |
გავრცელებული მოჭრილი ციტატა |
არავინ მოსკოვში და რუსეთში მილიარდს არ გაშოვნინებს, თუ არ ხარ შეკრული უშიშროების სამსახურთან, პოლიტიკოსებთან, ბიუჯეტთან და ა.შ. ასეთი მსგავსი მე არ მინახავს, მანახეთ. მე არ ვლაპარაკობ თანამედროვე კომპანიებზე, რომლებიც შეიქმნა – IT და ა.შ. რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბიუჯეტთან. მაგრამ 90-იან წლებში მეც იქ ვიყავი და 93 წელს წამოვედი. პეტერბურგში ვიყავი, პირველი თანხა მე იქ ვიშოვე, მილიონი რუსული მანეთი იყო, მაგრამ ეს ჩემთვის უზარმაზარი თანხა იყო. მაგრამ, როგორც კი დავინახე, რომ უფრო დიდი ფანჯარა იხსნებოდა, მივხვდი, რომ იქ უცბად გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გვითხრეს – აბა, ახლა უკვე მოდი, აქ სხვანაირი წესებია. | მოსკოვში და რუსეთში მილიარდს არ გაშოვნინებს, თუ არ ხარ შეკრული უშიშროების სამსახურთან, პოლიტიკოსებთან, ბიუჯეტთან და ა.შ. ასეთი მსგავსი მე არ მინახავს. […] პეტერბურგში ვიყავი, პირველი თანხა მე იქ ვიშოვე, მილიონი რუსული მანეთი.
|
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.