ახდენს თუ არა “ჭკვიანი მტვერი” გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

103
VIEWS

25 ივნისს ფეისბუკ-პროფილმა – დავით გიორგობიანი ნანონაწილაკების შესახებ რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ  თვითმფრინავებს ნანონაწილაკების გავრცელება შეუძლიათ, თუმცა ნაწილაკების სიმცირის გამო ისინი შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია. ვიდეოში ამტკიცებენ, რომ ნაწილაკებს ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურაში შეღწევა და ელექტრომაგნიტური ველის საშუალებით გარკვეული ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ. ეს პროცესი კი ადამიანის ფსიქიკაზე გავლენის საშუალებას იძლევა. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტექნოლოგიას დასავლეთში “ჭკვიან მტვერს” (smart dust) უწოდებენ. ვიდეოს მეორე ნაწილში საუბარი ახლადაღმოჩენილ ფენომენ “ტესლაფორეზის” შეეხება. ესაა პროცესი, რომლის დროსაც ტესლას კოჭას გამოყენებით ნახშირბადის ნანომილებზე ზეგავლენას ახდენენ, ისინი კი   ერთ სტრუქტურად ერთიანდებიან და ერთგვარ სადენებს ქმნიან. ვიდეოში მოყვანილია ფენომენის ერთ-ერთი შემქმნელის, პოლ ჩერუკურის ინტერვიუს თარგმანი, რომლის მიხედვით, ამ პროცესს ნერვული ქსოვილების შექმნის პერსპექტივა გააჩნია. Ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ჭკვიანი მტვერი” და ტესლაფორეზისი ერთმანეთთან კავშირშია.

mtveri ახდენს თუ არა "ჭკვიანი მტვერი" გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიაზე?

მტკიცება, თითქოს “ჭკვიანი მტვერი” ადამიანის ფსიქოლოგიაზე გავლენას ახდენს, მცდარია. აღნიშნული ტექნოლოგია უკვე მრავალი წელია არსებობს და მისი ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის შეგროვება და ანალიზია. თუმცა ტექნოლოგია პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ გამოიყენება.  ხოლო ტესლაფორეზისი “ჭკვიანი მტვერისგან” სრულიად განსხვავებული ფენომენია, მასში გამოყენებული ნანონაწილაკები “ჭკვიანი მტვერი” არ არის და  მისი გამოყენების არეალი ამ ეტაპზე საკმაოდ შეზღუდულია. 

  • რა არის ჭკვიანი მტვერი?

“ჭკვიანი მტვერი” არის მილიმეტრების ზომის ავტონომიური გამომთვლელი და სენსორული პლატფორმებისგან შემდგარი უსადენო ქსელი. ის 4 ძირითადი ნაწილისაგან შედგება: სენსორი, სქემები, კომუნიკაცია, კვების წყარო. 

mtveri2 ახდენს თუ არა "ჭკვიანი მტვერი" გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიაზე?
წყარო: nanowerk.com

ტექნოლოგიის ძირითადი იდეა ინფორმაციის შეგროვებაა. თითოეულ ნაწილაკს (mote) გააჩნია სენსორები, რომლებიც დანიშნულების მიხედვით ინფორმაციას ტემპერატურაზე, სინათლეზე, ვიბრაციაზე, ტოქსინებზე და ა.შ. აგროვებენ. შემდეგ ეს ინფორმაცია  მთავარ კომპიუტერში იგზავნება და იქ ხდება მისი ანალიზი ხდება, შესაძლოა ზოგიერთ ნაწილაკს ინფორამციის დამუშავების ფუნქცია თავადაც ჰქონდეს. ნაწილაკების დატოვება კონკრეტულ გარემოში ხდება და  ისინი თავად, ზედამხედველობის გარეშე პროგრამით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას იწყებენ. შედეგად, ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მოწმდება და  მასზე რეაგირება მიმდინარეობს. ამის მაგალითია შენობაში ტემპერატურის საგრძნობლად მომატების შემთხვევაში, მისი ავტომატური დაწევა.

“ჭკვიანი მტვერის” გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, გარემო, ჯანდაცვა, ინფრასტუქტურა, ინვენტარიზაცია, სატრანსპორტო სექტორი, სამხედრო სფერო, კოსმოსის კვლევა და სხვა. შედეგად, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლოა მოსავლის რაოდენობისა და უსაფრთხოების ზომების ზრდა, პროტეზების სფეროს განვითარება და შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უკეთესი პირობების შეთავაზება. სწორედ ამ უკანასკნელის გამო  ტერმინი “neural dust” “ნერვული მტვერი” წარმოიშვა. Ესაა ტექნოლოგია. რომელიც ინდივიდუალურ ნერვებზე ინერგება და ინფორმაციას ნერვებისა და კუნთოვანი ქსოვილების ელექტრული აქტივობების შესახებ იღებს. “ნერვული მტვერის” შექმნის ერთ-ერთი საფუძველი მისი ტვინში ჩანერგვა და ამ მხრივ როგორც ტვინის უკეთესად შესწავლა, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ინოვაციების დანერგვა გახდა.  თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის შესრულება ნაწილაკების არასაკმარისად მცირე ზომის გამო ჯერ ვერ ხერხდება. ამასთანავე, ამ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ელექტრომაგნიტური ველები გამოსადეგი არ არის, რადგან “ნერვული მტვერისათვის” საჭიროა მისი დიდი სიმძლავრის გამოყენება, რამაც შესაძლოა როგორც ტვინის უჯრედები, ისე თავად ნანონაწილაკები დააზიანოს. მას არ აქვს საკუთარი ელემენტი და სწორედ ამიტომ, ნაწილაკისათვის კვების წყაროს მისაწოდებლად და შეგროვებული ინფორმაციის მისაღებად ულტრაბგერითი მოწყობილობა გამოიყენება. აქედან გამომდინარე, შორ მანძილზე ამ ნაწილაკების მართვა ელექტრომაგნიტური მოწყობილობებით ვერ მოხერხდება. არანაკლებ მნიშველოვან პრობლემას წარმოადგენს ის საკითხიც, რომ ნაწილაკების ტვინში მოსახვედრად საკმაოდ სერიოზული ქირურგიული ჩარევაა, საჭირო. 

აშშ-ში არსებული ერთ-ერთი გამორჩეული ტექნოლოგიური კვლევებისა და საკონსულტაციო ფირმის “გარტნერის კორპორაციის” (Gartner Inc.)-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, “ჭკვიან მტვერს” 10 წელიწადზე მეტი (შესაძლოა რამდენიმე დეკადაც) სჭირდება, სანამ მისი საყოველთაოდ გამოყენება მოხერხდება.  

  • რა არის ტესლაფორეზისი?

ტესლაფორეზისი “ჭკვიან მტვერთან” შედარებით საკმაოდ ახალი ფენომენია. ის აშშ-ს რაისის უნივერსიტეტის (Rice University) პროფესორებმა აღმოაჩინეს. პროცესის ძირითადი იდეა მისმა აღმომჩენის პოლ ჩერუკურიმის მიხედვით, შორ მანძილზე მატერიის თვით-შეკრებაა (self-assembly). ექსპერიმენტები და აღმოჩენა  ნახშირბადის ნანომილების (ნნ) გამოყენებამ გახადა შესაძლბელი.  თუმცა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ პროცესისთვის ბევრი სხვა ნანომატერიის გამოყენებაც შესაძლებელია. უფრო კონკრეტულად სპეციალიური დიზაინით შექმნილი ტესლას კოჭას გამოყენებით მატერიაზე (ნნ) გავლენის მოხდენა ხდება, მისი ანტენა ქმნის მაღალი ძაბვის ძალის ველს გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებში მყოფი მატერიებიც პოლარიზირდება, ერთმანეთს ებმება და ერთგვარი სადენი იქმნება. აღნიშნული სადენით  ელექტრული წრედის შექმნა და მინიმუმ 2 ნათურის განათებაა შესაძლებელი. გასაოცარია ის მიგნებაც, რომ აღნიშული წრედი უსადენო კავშირით იღებს ელექტროობას ტესლას კოჭადან და  კოჭას მიერ ნანოსადენების მიზიდვაც შესაძლებელია. 

mtveri3 ახდენს თუ არა "ჭკვიანი მტვერი" გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიაზე?
წყარო:semanticscholar.org 

დავით გიორგობიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ქიმიის ასისტენტ პროფესორი –  პოლ ჩერუკურის ინტერვიუს ფრაგმენტი არასწორი თარგმანით ვრცელდება. ვიდეოს სრული ვერსია 2016 წელს რაისის უნივერსიტეტის იუთუბ-არხზე გამოქვეყნდა. ავთენტიკურ ვერსიაში პოლ ჩერუკური ნერვულ სისტემას საერთოდ არ ახსენებს. ის და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ამ ფენომენის გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიოლოგიურ ისე ხელოვნურ სფეროებშიც, მაგალითად, სილიკონის ჩიპების წარმოებაში. თუმცა, ამ მეცნიერთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ლინდსი ბორნჰოეფტმა რაისის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ ნანომილების სადენები ნერვებივით იზრდებიან და იქცევიან, ეს პროცესი კი მომავალში შესაძლოა  რეგენერაციულ მედიცინაში  შაბლონად  გამოიყენონ. ფენომენის გამოყენების არეალი სპეციალური მაღალი ძაბვის ველების გავრცელების არეალიდან გამომდინარე შეზღუდულია. ექსპერიმენტის თავდაპირველ ეტაპებზე მხოლოდ სანტიმეტრების სიგრძის სადენების შექმნა იყო შესაძლებელი, რადგან ტესლას კოჭას უფრო დიდ მანძილზე მოქმედებისათვის საჭირო საკმარისი ძალა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ ახალი, ბევრად უფრო მძლავრი სისტემების შექმნით ან მრავალი ტესლას კოჭას გამოყენებით პროცესის მასშტაბები გაზარდონ.

“ჭკვიანი მტვერი” და ტესლაფორეზისი სხვადასხვა ფემონენია, ნახშირბადის ნანომილები” ჭკვიანი მტვერი” არ არის და მათი კავშირი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ნანოტექნოლოგიას ეხება. ამასთანავე, ორივე ტექნოლოგია განვითარების ეტაპზეა და პრაქტიკაში არ გამოიყენება. მეცნიერები, ამ ეტაპზეც მუშაობენ იმაზე, რომ მათი გამოყენებით არ დაზიანდეს ადამიანის ჯანმრთელობა და სხვა პრობლემები არ შეიქმნას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist