5 დეზინფორმაცია გიბრალტარიდან შვედურ ჯოგურ იმუნიტეტამდე 

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

42
VIEWS

29 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Koba Kuprashvili-მა ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დავით გარეჯის, COVID-19-ის და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საუბრობს. კუპრაშვილი ამბობს, რომ გიბრალტარში ვაქცინების შეტანის შემდეგ კორონავირუსით სიკვდილიანობა გაიზარდა, ასევე მისი მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინა არის ტყუილი და ექსპერიმენტული ინექცია, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებულია და საფრთხეს წარმოადგენს.

ამასთან, კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯოგური იმუნიტეტის, პანდემიის და ვაქცინის ცნებები შეცვალა, ხოლო COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი, მისი თქმით, 0.2-0.3 %-ს შორის მერყეობს. კუპრაშვილი იხსენებს შვედეთის მაგალითსაც და აცხადებს, რომ შვედეთმა ჯოგურ იმუნიტეტს ვაქცინაციის გარეშე მიაღწია.

გარდა ამისა, კუპრაშვილი ვაქცინირებული ხალხის სტიგმატიზებას ახდენს, როდესაც მათ ვირუსის ინკუბატორებს, ზომბების არმიას უწოდებს და ამბობს, რომ თუ  2020 წელს ვემალებოდით ვირუსს, 2021-ში – ვაქცინას, 2022-ში  ვაქცინირებულ ხალხს დავემალებით.

;

Koba Kuprashvili-ს ვიდეო ყალბ ინფორმაციასა და მანიპულაციებს შეიცავს, რადგან: 1. გიბრალტარში  COVID-19-ით სიკვდილიანობის ზრდა ვაქცინებს არ უკავშირდება; 2. mRNA ვაქცინები ახალია, თუმცა მკვლევრები ამ ტექნოლოგიას ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ; 3. პანდემიის ცნება არ შეცვლილა, ვაქცინისა და ჯოგური იმუნიტეტის განმარტებები კი ჯანმოს ვებ გვერდზე განახლდა; 4. COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ არა 0.2-0.3% არამედ 3%-ია; 5. შვედეთს ჯოგური იმუნიტეტისთვის არ მიუღწევია. 

  1. გიბრალტარში  კორონავირუსით სიკვდილიანობის ზრდა ვაქცინებს არ უკავშირდება. 

აღნიშნული ინფორმაცია Fullfact.org-მაც გადაამოწმა. გიბრალტარმა ვაქცინაცია 10 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, 27 იანვრის მონაცემებით, 54 ადამიანი COVID-19-ით გარდაიცვალა, მათ შორის 6 ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თუმცა ფატალურ შემთხვევებსა და ვაქცინას შორის კავშირი არ დასტურდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გიბრალტარის მთავრობამაც გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 იანვრის მდგომარეობით გიბრალტარში Pfizer ვაქცინის პირველი დოზა 11 073 პირმა მიიღო. მათი განცხადებით ვაქცინის გაკეთების შემდეგ 6 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაციას არ უკავშირდება. გიბრალტარის ჯანდაცვის სტრუქტურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული  6 პირი COVID-19-ით ვაქცინაციამდე დაინფიცირდა, თუმცა COVID-19- ზე ტესტირების შედეგად ვაქცინაციამდე ინფექციის აღმოჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილთა ასაკი 70-დან 100 წლამდე მერყეობდა, ერთი ადამიანის გარდა, ყველა მათგანი გიბრალტარის მოხუცთა საცხოვრებელი სახლის ბენეფიციარი იყო.

70 წელს გადაცილებული იმ ადამიანების 95%, რომელმაც Pfizer ვაქცინის პირველი დოზა  უკვე მიიღო, ვაქცინის მეორე დოზის მიღებაზე თანახმაა.

  1. mRNA ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ახალია, თუმცა ამ ტექნოლოგიას მეცნიერები ათწლეულები სწავლობდნენ

ვიდეოში მანიპულაციურად არის ახსნილი რნმ ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინები, თითქოს ის ექსპერიმენტულია და ვაქცინა არც შეიძლება ეწოდოს, რადგან ის ტრადიციული მეთოდით არ არის შექმნილი.

mRNA ვაქცინები ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად შექმნილი ახალი ტიპის ვაქცინებია. მანამდე იმუნური რეაქციის გამოსაწვევად ბევრი ვაქცინა დასუსტებულ ან ინაქტივირებულ ვირუსს იყენებდა. ამის ნაცვლად,  mRNA ვაქცინები ასწავლიან ჩვენს უჯრედებს, თუ როგორ უნდა შექმნან ცილა – ან თუნდაც მხოლოდ ცილის გარკვეული ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნური სისტემის პასუხს იწვევს. ეს იმუნური რეაქცია, რომელიც ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ინფიცირებისგან იმ შემთხვევაში გვიცავს, თუ ნამდვილი ვირუსი ჩვენს სხეულში შემოიჭრება.

მკვლევარები mRNA ვაქცინებზე ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ და მუშაობდნენ. ამ ვაქცინების მიმართ ინტერესი ბოლო დროს გაიზარდა, რადგან მათი შემუშავება ლაბორატორიაში ადვილად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებითაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება პროცესის სტანდარტიზება და მასშტაბურობის გაზრდა, რაც ვაქცინების დამზადების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ვაქცინის განვითარებას აჩქარებს.

mRNA ვაქცინები გრიპის, ზიკას, ცოფისა და ციტომეგალოვირუსის (CMV) შემთხვევაში ადრე შეისწავლეს. მაგალითად, 2017 წელს გერმანულმა კომპანია CureVac–მა სამედიცინო ჟურნალ Lancet–ში mRNA ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის I ფაზის შესახებ შედეგები გამოაქვეყნა, ხოლო 2019 წელს – Moderna-ს ორი ინფლუენსას ვირუსის საწინააღმეგო mRNA ვაქცინის პირველი ფაზის შედეგები.

MRNA ვაქცინის ტექნოლოგიამ შეიძლება უზრუნველყოს, რომ ერთი ვაქცინით მრავალი დაავადებისგან დაცვა გახდეს შესაძლებელი, რითაც აცრების რაოდენობა შემცირდება. ვაქცინების გარდა, mRNA ტექნოლოგია კიბოს კვლევაშიც გამოიყენება, რათა  ვაქცინამ სპეციფიკურ კიბოს უჯრედებზე იმუნური სისტემის პასუხი გამოიწვიოს.

რნმ ვაქცინებზე დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით “მითების დეტექტორის” პუბლიკაციებს:

  • რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?
  • Pfizer-სა და Moderna-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა
  1. პანდემიის ცნება არ შეცვლილა, ვაქცინიციისა და ჯოგური იმუნიტეტის განმარტებები კი ჯანმოს ვებ-გვერდზე განახლდა

პანდემიის ცნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ გვერდზე შეცვლილი არ არის. პანდემიის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია 2010 წლის 24 თებერვალით თარიღდება. აღნიშნულ განმარტებაში მითითებულია, რომ პანდემია არის ახალი დაავადების გავრცელება მსოფლიო მასშტავით. მაგალითად, გრიპის პანდემია არის მაშინ, როდესაც გრიპის ახალი ვირუსი ჩნდება და მთელს მსოფლიოში ვრცელდება, ადამიანთა უმეტესობას კი მისი საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ აქვს.

;

2020 წელს ჯანმოს ვებ გვერდზე ჯოგური იმუნიტეტის განმარტება მართლაც განახლდა, ივნისის თვეში აღნიშნულ ტერმინთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ აბზაციანი განმარტება იყო მოცემული, რომელიც ჯოგურ იმუნიტეტს განმარტავდა შემდეგნაირად: “ინფექციური დაავადებისგან ირიბი დაცვა, რაც ხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობას უჩნდება იმუნიტეტი, ვაქცინაციის  ან უკვე გადატანილი ინფექციის შედეგად.”

ამჟამად ჯანმოს ვებ-გვერდზე სწორედ იმავე განმარტებას ვხვდებით, თუმცა ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებების საპასუხოდ ჯანმო აღნიშნავს, რომ იგი მხარს უჭერს   ‘ჯოგური იმუნიტეტის’ ვაქცინაციის გზით მიღწევას და არა დაავადების გავრცელების გზით, რადგან დაავადების გავრცელებას თან სდევს მოსახლეობის ინფიცირება და სიკვდილი.

;

რაც შეეხება ვაქცინაციის განმარტებას, იგი ასევე 2020 წლის 31 დეკემბერსაა გამოქვეყნებული და ვაქცინაციას შემდგნაირად განმარტავს:

“მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზა დაავადებებისგან ადამიანების დასაცავად. ვაქცინა იყენებს თქვენი სხეულის ბუნებრივ დაცვით სისტემას სპეციფიკური ინფექციებისადმი მდგრადობის შესაქმნელად და აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. ვაქცინები ასწავლიან თქვენს იმუნურ სისტემას ანტისხეულების შექმნას, ისევე როგორც ეს ხდება დაავადების დროს. ამასთან, იმის გამო, რომ ვაქცინები შეიცავს ვირუსის/ბაქტერიის მხოლოდ მკვდარ ან დასუსტებულ ნაწილაკებს, ისინი არ იწვევენ დაავადებას და არ წარმოქმნიან გართულებების რისკს.”

  1.  COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ 3%-ია

ვიდეოში ნათქვამია, რომ COVID-19-ის სიკვდილიანობა 0.2 – 0.3%-ია, თუმცა 2021 წლის 2 თებერვლის მონაცემებით, ვირუსი სულ 104 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა, მათგან აქტიურია 25 მილიონამდე შემთხვევა, 78 მილიონზე მეტი შემთხვევა კი უკვე დაიხურა (გამოჯანმრთელდა ან გარდაიცვალა), ხოლო ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 2.26 მილიონს შეადგენს, რაც დახურული საქმეების 3%-ია.

;
წყარო: Worldmeters.info

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებლის გამოთვლა ასე მარტივად არ ხდება და სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებული მაჩვენებელი შეიძლება იყოს. როგორც ჯანმო წერს, სიკვდილიანობა სხვადასხვა ქვეყანაში 0,1%-დან 25%-მდე შეიძლება მერყეობდეს. ამგვარად, უნივერსალური მონაცემი არ არსებობს.  გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია მიმდინარეა რიცხვები ცვალებადია, თუმცა, მსოფლიო მასშტაბით შემთხვევების რაოდენობით საშუალოდ აღებული ფატალურობის მაჩვენებელი, როგორ უკვე აღვნიშნეთ, 3%-ია.

  1. შვედეთს ჯოგური იმუნიტეტისთვის არ მიუღწევია

გასული წლის ბოლოსაც ვრცელდებოდა, ინფორმაცია, თითქოს შვედეთმა ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთანავე, შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ფინეთში, ნორვეგიასა და დანიაში.

2 თებერვლის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ – 566,957, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 11,591 ადამიანი შეადგინა. შვედეთის მოსახლეობა 10,2 მილიონ ადამიანს შეადგენს.

;

4 ნოემბერს Lancet– ის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, SARS-CoV-2 გადაცემის შეჩერებისთვის საჭირო ჯოგური იმუნიტეტის დონე დაახლოებით 60-დან 72% -მდე უნდა იყოს. თუმცა ამჟამად COVID-19 შვედეთის მოსახლეობის დაახლოებით 5.5 % აქვს გადატანილი.

მაშინაც კი თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური ინფიცირების მაჩვენებელი ყველა შემთხვევას ვერ მოიცავს, შვედეთი კვლავ შორს არის იმ მაჩვენებლისგან, რომელსაც შესაძლოა ჯოგური იმუნიტეტი ვუწოდოთ.

24 ნოემბერს ანდრეს ტეგნელმა, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა  სტოკჰოლმში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ”ჩვენ ვერ ვხედავთ იმუნიტეტის არსებობის ნიშნებს, რომლებიც ამჟამად შეანელებდნენ ინფექციის გადაცემას მოსახლეობაში”

აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსით რეინფიცირების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინფიცირების შედეგად ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების საკითხს.

არქივის ლინკი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, გიბრალტარი, შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist