დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს ანგარიში პედოფილიასა და ზოოფილიას ახალისებს, შვეიცარიაში კი ინცესტი კანონითაა დაშვებული

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გაერო
93
VIEWS

6 მარტს პარტია “ხალხის ძალამ”, გამოცემა “მარშალპრესმა” (1;2) და Newshub-მა გაავრცელეს პოლიტიკოსი დავით ქართველიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისრის სამმართველოსა და იურისტთა საერთაშორისო კომიტეტის წიაღში შემუშავდა რეზოლუციის პროექტი “ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებისა და სექსუალური აქტივობის ყველა სახეობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე”. ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ რეზოლუციის პროექტში თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს “თუნდაც პედოფილიის, ნეკროფილიის, ზოოფილიისა და აბორტების წახალისება”. ასევე, “ხალხის ძალის” წევრის მტკიცებით, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში მიღებულია კანონები ინცესტის ლეგალიზაციის შესახებ.

davith qarthvelishvili1 დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს ანგარიში პედოფილიასა და ზოოფილიას ახალისებს, შვეიცარიაში კი ინცესტი კანონითაა დაშვებული davith qarthvelishvili2 დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს ანგარიში პედოფილიასა და ზოოფილიას ახალისებს, შვეიცარიაში კი ინცესტი კანონითაა დაშვებული

პედოფილიის, ნეკროფილიის, ზოოფილიისა და აბორტების წამახალისებელი რეზოლუციის პროექტის შემუშავებაზე მტკიცება მანიპულაციურია. რეალურად, იურისტთა საერთაშორისო კომისია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან ბავშვები სექსუალური ძალადობისგან, მათ შორის, ძალადობის კრიმინალიზების გზით. გარდა ამისა, ანგარიში ეფუძება სისხლის სამართლის ზოგად პრინციპებს, რაც გამორიცხავს ზოოფილიისა და ნეკროფილიის დაშვებას. გარდა ამისა, დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს შვეიცარიაში ინცესტის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით კანონია მიღებული. ნიდერლანდებში აღნიშნული საკითხი კანონით არ არის რეგულირებული. 

მიიღეს თუ არა კანონი ინცესტის ლეგალიზაციაზე შვეიცარიასა და ნიდერლანდებში?

სიმართლეს არ შეესაბამება ქართველიშვილის მტკიცება, თითქოს ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში ინცესტის ლეგალიზაციის შესახებ კანონებია მიღებული. რეალურად, შვეიცარიაში ინცესტი არალეგალურია. კანონის 213-ე მუხლი (ინცესტი) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 3 წლით ან ფულად ჯარიმას ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი პირდაპირი ხაზით სისხლით ნათესავთან, ძმასთან ან დასთან, ასევე, ნახევარძმასთან ან ნახევარდასთან. 2010 წელს შვეიცარიაში განიხილავდნენ ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსიდან ინცესტთან დაკავშირებული 2013-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით. წინადადებამ კრიტიკა და დებატები გამოიწვია, საბოლოოდ, კანონი უცვლელი დარჩა. 

davith qarthvelishvili3 დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს ანგარიში პედოფილიასა და ზოოფილიას ახალისებს, შვეიცარიაში კი ინცესტი კანონითაა დაშვებული
შვეიცარიის კანონი ინცესტის შესახებ

რაც შეეხება ნიდერლანდებს, მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულ პირებს შორის კონსენსუალური ინცესტი კანონით არ რეგულირდება, და-ძმის (მათ შორის, ნახევარდისა და ნახევარძმის) დაქორწინება დაშვებული არ არის.  ასევე სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ინცესტის ლეგალიზებაზე ქვეყანაში კანონები მიიღეს.

რა წერია იურისტთა საერთაშორისო კომისიის ანგარიშში?

დოკუმენტი, რომელზეც დავით ქართველიშვილი საუბრობს, არა “რეზოლუციის პროექტი”, არამედ იურისტთა საერთაშორისო კომისიის (ICJ) მიერ 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული სამართლებრივი პრინციპების ანგარიშია. ICJ მუშაობს სამართლებრივ სახელმძღვანელო მითითებებსა და ახალი პრინციპების დანერგვაზე, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს გაერო სისხლის სამართლის კანონის პირობებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიშის სახელწოდება არ არის “ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებისა და სექსუალური აქტივობის ყველა სახეობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე”, როგორც ამას ქართველიშვილი ამტკიცებს. რეალურად, ICJ-ის ანგარიში,  რომელიც აივ ინფექცია/შიდსის შესახებ გაეროს ერთობლივ პროგრამასთან (UNAIDS) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით შეიქმნა, სხვაგვარად ცნობილია, როგორც “8 მარტის პრინციპები” და ის ასახავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას იმ კანონების მიმართ, რომლებითაც კრიმინალიზებულია სექსთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან, აივ ინფიცირებასთან, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, უსახლკარობასა და სიღარიბესთან დაკავშრებული ქცევები.  

დავით ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ ანგარიში იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, რომ მასში თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს პედოფილიის წახალისება. რეალურად, ანგარიშის მიხედვით, თანხმობის მინიმალურ ასაკს ქვემოთ მყოფ პირებთან სექსი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს ფაქტობრივად კონსესუსური, მიუხედავად კანონით აკრძალვისა. შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი ფაქტორები, მათ შორის, 18 წლამდე პირთა მოწიფულობა, უნარები და შესაძლებლობები, მიიღონ გადაწყვეტილება კონსენსუალური სექსუალური ქცევის შესახებ. თუმცა, ICJ არ მოუწოდებს ქვეყნებს, გააუქმონ სექსზე თანხმობის მინიმალური ასაკი – ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება 20 აპრილს გამოაქვეყნა. ICJ ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტი არ მოითხოვს ბავშვებთან სექსის დეკრიმინალიზებას და ქვეყნებს აქვთ მკაფიო ვალდებულება, დაიცვან ბავშვები ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან ამ ქცევის კრიმინალიზების გზით. 

რაც შეეხება აბორტს, ანგარიშში ნათქვამია, რომ არავის უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მუცლის მოშლის, მკვდრადშობის, აბორტის გაკეთების ან მცდელობის გამო. ასევე, კანონმდებლობა არ შეიძლება კრძალავდეს ორსულობის ან მშობიარობის შესახებ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს. ანგარიშის მიხედვით, აბორტის გაკეთებაში დახმარება, მედიკამენტების, მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდება სრულად უნდა იყოს ამოღებული სისხლის სამათლის დანაშაულებებიდან.   

გარდა ამისა, ანგარიშში არაფერია ნათქვამი ნეკროფილიასა და ზოოფილიაზე. როგორც იურისტთა საერთაშორისო კომისიამ შემდგომში განმარტა, ის ეფუძნებოდა სისხლის სამართლის ზოგად პრინციპებს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონსა და პრინციპებს. ევროპის ქვეყნების, ასევე, ამერიკის შტატების უმრავლესობაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ზოოფილია აკრძალულია (1;2). კრიმინალად განიხილება ნეკროფილიაც. ქვეყნების ნაწილში, მაგალითად, შვედეთში, კანონში სიტყვა ნეკროფილია ნახსენები არ არის, თუმცა მსგავსი ქმედება ისჯება მუხლით (Chapter 16, Section 10) რომელიც ცხედრისა და საფლავის შეურაცხყოფას კრძალავს. 2023 წელს ნეკროფილიის წინააღმდეგ მიიღეს ახალი კანონი ნიდერლანდებში, რადგან არსებული კანონით დანაშაულს ცხედრის დაზიანების მიხედვით განიხილავდნენ, რაც საქმის მიმდინარეობას ართულებდა.

იურისტთა სართაშორისო კომისიის დოკუმენტთან დაკავშირებით გავრცელებული მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

არქივი (1;2;3;4)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები, შვეიცარია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist