ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

127
VIEWS

13 სექტემბერს ფეისბუქ-ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” მომხმარებელმა Lado Qartvelishvili გააზიარა რუსულენოვან ვებგვერდ Redko da Metko-ზე გამოქვეყნებული სტატია ვაქცინების შესახებ. პოსტის აღწერისა და გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, “ჯანდაცვის მსოფლიო საბჭომ” გამოსცა ოფიციალური გაფრთხილება ყველა იმ ვაქცინის წინააღმდეგ, რომელიც ბავშვთა ვაქცინაციის გრაფიკში შედის. Redko da Metko-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ვაქცინირებულ ბავშვებს ჯანმრთელობის მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულებს. ასევე, სტატიის მიხედვით, აუტიზმი, ასთმა და სხვადასხვა დაავადება ვაქცინაციით არის გამოწვეული, ინფექციური დაავადებების შემცირება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული და არა ვაქცინაციასთან, ასევე,  Covid-19-ის ვაქცინები უსაფრთხო არ არის და არაეფექტურია. იგივე სტატია ლადო ქართველიშვილმა ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” 14 სექტემბერსაც გააზიარა. Redko da Metko-ს სტატია ფეისბუქზე რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3). სტატიის წყაროდ “ჯანდაცვის მსოფლიო საბჭოს” საიტზე 5 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციაა მითითებული.

Screenshot 2023 09 22 130020 ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს Screenshot 2023 09 22 130027 ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს Screenshot 2023 09 22 130104 ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

“ჯანდაცვის მსოფლიო საბჭო” ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაციაა, რომელიც ანტივაქსერულ ჯგუფებს აერთიანებს და ვაქცინების შესახებ მცდარ მტკიცებებს რეგულარულად ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: 1. კვლევებს, რომლებიც თითქოსდა ამტკიცებს, რომ ვაქცინირებულ ბავშვებს არავაქცინირებულებზე მეტი ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, მეთოდოლოგიური ხარვეზები აქვს, არასანდო და მიკერძოებულია; 2. ვაქცინები აუტიზმს არ იწვევს; 3. მცდარია მტკიცება, რომ ვაქცინებს ინფექციური დაავადებების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი არ მიუძღვით. 4. Covid-19-ის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია.

  • “ჯანდაცვის მსოფლიო საბჭო” ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაციაა, რომელიც ანტივაქსერულად განწყობილ ჯგუფებს აერთიანებს

ჯანდაცვის მსოფლიო საბჭო” (WCH) ფსევდო-სამედიცინო ორგანიზაციაა, რომელიც სამედიცინო ექსპერტულ ორგანოდ პოზიციონირებს და ცდილობს თავი ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციისა და სამოქალაქო ჯგუფის გლობალურ გაერთიანებად წარმოაჩინოს, თუმცა რეალურად ანტივაქსერული ჯგუფებს აერთიანებს და ვაქცინების საწინააღდეგო მცდარ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს აქტიურად ავრცელებს. 

ორგანიზაცია ავრცელებდა მცდარ მტკიცებებს, რომ კორონავირუსის ვაქცინები სახიფათო და არაეფექტიანია. ასევე “შეიმუშავა” სპაიკ ცილისგან “დეტოქსის” მეთოდი, რომელიც იმ მოსაზრებაზეა დაფუძნებული, რომ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი სპაიკ ცილა ტოქსიკურია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სპაიკ ცილასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ხოლო მისგან “დეტოქსის” სხვადასხვა მცდარ მეთოდზე გავრცელებული ინფორმაცია არაერთმა ფაქტების გადამოწმების სამსახურმა და მედიამ გადაამოწმა, მათ შორის Factcheck.org-მა, PolitiFact-მა, AFP Factcheck-მა, LeadStories-მა და USA Today-მ. “ჯანდაცვის მსოფლიო საბჭოს” მიერ გავრცელებული კიდევ ერთი მცდარი მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინა “პოსტ Covid-19-ის ინექციის სინდრომს” იწვევს, ფაქტების გადამოწმების ავსტრალიურმა სამსახურმა AAP Factcheck-მა გადაამოწმა.

“ჯანდაცვის მსოფლიო საბჭო” ცდილობს თავი ლეგიტიმურ და სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა რეალურად კორონავირუსის და სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით არასწორ, შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ხარვეზიან კვლევებსა და მეცნიერულად დაუმტკიცებელ ინფორმაციას ეყრდნობა.

  • კვლევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ვაქცინირებულ ბავშვებს არავაქცინირებულ ბავშვებზე მეტი ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, მეთოდოლოგიურ ხარვეზებს შეიცავს, არასანდო და მიკერძოებულია

“მსოფლიო ჯანდაცვის საბჭო” აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ბავშვებს არავაქცინირებულებზე მეტი ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და ქრონიკული დაავადებებისკენ უფრო მიდრეკილები არიან. საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში ორგანიზაციას ინფორმაციის წყაროებიც აქვს მითითებული და ისინი არსებითად ენტონი მავსონის და ბრაიან ჰუკერის ე.წ სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობიან. სინამდვილეში, ეს კვლევები მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ ხარვეზებს შეიცავს, რაც მათ მიგნებებს მიკერძოებულსა და არასანდოს ხდის. ბრაინ ჰუკერის იგივე მცდარი მტკიცებები რამდენიმე თვის წინ Health Feedback-მა, ჯანდაცვისა და სამეცნიერო სფეროში გავრცელებული ინფორმაციაზე ორიენტირებულმა ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. 

Health Feedback-ის თანახმად, ენტონი მავსონის კვლევა, ორი ანტივაქსერული ორგანიზაციის მიერ იყო დაფინანსებული. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ იმ ბავშვების დედები, რომლებიც სკოლაში არ დადიოდნენ და სახლში იღებდნენ განათლებას. კითხვები ბავშვების ვაქცინაციასა და მათი ჯანმრთელობის ისტორიას ეხებოდა. გამოკითხვის პასუხებზე დაყრდნობით კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ვაქცინირებულ ბავშვებს არავაქცინირებულებთან შედარებით ალერგიული რინიტის, სხვა ალერგიების, ეგზემასა და ატოპიური დერმატიტის, ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD), აუტიზმის სპექტრის აშლილობის, დასწავლის უნარის დარღვევის განვითარების მნიშვნელოვნად მეტი შანსი ჰქონდათ. თუმცა ინფორმაციის მოგროვების ეს მეთოდი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს. ონკოლოგიურმა ქირურგმა დევიდ გროსკიმ კვლევის ხარვეზებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პირველ რიგში ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიან და სახლში იღებენ განათლებას, არ წარმოადგენენ საერთო მოსახლეობას და ასეთი ცხოვრების წესის მქონე ოჯახები ანტი-ვაქსერულ განწყობებს ავლენენ. ეს ჩანს მოსახლეობის კვლევაში, რომლის თანახმად, ასეთ ოჯახებში ბავშვების მესამედი აუცრელია, მაშინ როცა აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით 2016-2017 წლებში დაბადებული ბავშვებს შორის მხოლოდ 1.3%-ია 2 წლამდე სრულიად აუცრელი. შესაბამისად, კვლევა არ არის რეპრეზენტატული. ასევე, განსხვავებულია ანტივაქსერი მშობლებისა და იმ მშობლების ქცევა, რომელიც რეგულარულად ცრიან ბავშვებს, ეს უკანასკნელნი უფრო მეტად ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და რეგულარულად დაჰყავთ ბავშვები სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, ასეთ ოჯახებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების უფრო ხშირი დიაგნოზირება ხდება. კვლევა ვერ აჩვენებს, რომ აცრილი ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები უფრო ხშირად უვითარდებათ. თუმცა კვლევა განსხვავებას არ აკეთებს ჯანმრთელობის პრობლემის დაიგნოზირების სიხშირესა და დაავადების განვითარების სიხშირეს შორის. მკვლევრებმა მშობლებისგან გამოკითხვით მიღებული ინფორმაცია დამოუკიდებლად, მაგალითად, ბავშვების ჯანმრთელობის ისტორიაზე დაყრდნობით, არ გადაამოწმეს. ენტონი მავსონის კვლევა ორჯერ იყო უკან გაწვეული.

“მსოფლიო ჯანდაცვის საბჭო”  ბრაიან ჰუკერის და ნილ მილერის ორ კვლევას ეყრდნობა, რომლებიც ასევე მეთოდოლოგიურ ხარვეზებს შეიცავს და, შესაბამისად, არასანდოა. ორივე კვლევაში განხილული იყო აშშ-ში არსებული სამი პედიატრიული კლინიკისგან მიღებული ბავშვთა ჯანმრთელობის ისტორიები. თუმცა, კვლევაში არ არის მითითებული, როგორ შეარჩიეს ეს კლინიკები. კვლევა, რომელიც ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს განვითარების შეფერხების, ასთმის, ყურის ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების შემთხვევის სიხშირეს ადარებდა ერთმანეთს, ასკვნის, რომ არავაქცინირებულ ბავშვებს ეს დაავადებები უფრო იშვიათად უვითარდებათ. თუმცა მეცნიერებმა, რომლებმაც კვლევა შეაფასეს, Health Feedback-თან აღნიშნეს, რომ კვლევას მრავალი მეთოდოლოგიური ხარვეზი აქვს, რის შედეგადაც კვლევა მიკერძოებული და არასანდოა. იგივე ხარვეზები აქვს ჰუკერისა და მილერის მეორე კვლევასაც, რომელსაც “მსოფლიო ჯანდაცვის საბჭოს” ციტირებს.

  • ვაქცინები აუტიზმს არ იწვევს

მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ვაქცინაციასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობების განვითარებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის. (1,2,3) მიმდინარე კვლევები მიანიშნებს, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი უცნობია და სავარაუდოდ ის გენეტიკური, განვითარებისა და გარემოს ფაქტორების კომბინაციით არის გამოწვეული. 

მტკიცება, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს, ვაქცინებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომელსაც საფუძვლად 1998 წელს გამოქვეყნებული ხარვეზიანი და გაყალბებული კვლევა უდევს. 

1998 წელს ენდრიუ ვეიკფილდმა გავლენიან სამედიცინო ჟურნალ Тhe Lancet-ში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია აუტიზმთან იყო დაკავშირებული. მათ გამოიკვლიეს 12 ბავშვი, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები და განვითარების დარღვევები ჰქონდათ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ვეიკფილდმა განაცხადა, რომ წითელას, ყბაყურას და წითურას ვაქცინასა და აუტიზმს შორის კავშირი არსებობს. იმის მიუხედავად, რომ კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო დამაჯერებელი დასკვნის გასაკეთებლად, ეს კვლევა ძალიან აქტიურად გაშუქდა მედიაში, რამაც ხელი შეუწყო ვაქცინების მიმართ სკეპტიკური განწყობების განვითარებას.

გამომძიებელმა ჟურნალისტმა ბრაიან დიარმა გამოავლინა, რომ ვეიკფილდის კვლევას არაერთი ხარვეზი ჰქონდა, რომელიც მთლიანად უარყოფდა მის შედეგებს. დიარმა მიაკვლია, რომ გარდა იმისა, რომ კვლევას მონაცემთა გაყალბების და მანიპულაციის ნიშნები ჰქონდა, ვეიკფილდმა ასევე დაარღვია ეთიკის სტანდარტები და რამდენიმე შემთხვევაში არ გააცხადა ინტერესთა კონფლიქტი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვეიკფილდმა განაცხადი შეიტანა წითელას დიაგნოსტირების და მის უფრო “უსაფრთხო” ვაქცინის პატენტზე. ასევე ჩამოაყალიბა კომპანია, რომელსაც ეს პროდუქტი უნდა გაეყიდა და რომელიც სავარაუდოდ მოგებას მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ არსებული ვაქცინები დისკრედიტირებული იქნებოდა. გარდა ამისა, ვეიკფილდი ასევე დაკავშირებული იყო ადვოკატთან, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების სახელით ვაქცინების მწარმოებლების წინააღმდეგ საჩივარს ამზადებდა და არგუმენტები სჭირდებოდა. ვეიკფილდი ამ ადვოკატის მრჩეველი იყო და გაწეული სამსახურისთვის ანაზღაურებას იღებდა.

ბრაიან დიარის გამოძიების შედეგად ბრიტანეთის გენერალური სამედიცინო საბჭომ ვეიკფილდის კვლევის ოფიციალური გამოძიება 2007 წელს დაიწყო. 2010 წელს ვეიკდფილდი დამნაშავედ ცნეს “სერიოზულ პროფესიულ გადაცდომაში” და მას სამედიცინო ლიცენზია შეუჩერეს. Тhe Lancet-მა კვლევა 2012 წელს უკან გაიწვია.

  • მცდარია მტკიცება, რომ ინფექციური დაავადებების შემცირებაზე ვაქცინებს გავლენა არ ჰქონია

ბოსტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის  SHIELD-ის საინფორმაციო სტატიაში აღნიშნულია, რომ ინფექციების გავრცელების შემცირებაში ვაქცინაციის როლის უგულებელყოფა არ შეიძლება. უკეთესმა სანიტარიულმა პირობებმა, საკვების ხარისხის გაუმჯობესებამ და ანტიბიოტიკების არსებობამ ინფექციური დაავადებების შემცირებასა და გაქრობაში როლი ნამდვილად ითამაშა, თუმცა ამ ფაქტორების იზოლირების შედეგად ვაქცინების მნიშვნელობის გამოკვეთა შესაძლებელია.

მაგალითად, 1963 წლისთვის, როდესაც აშშ-ში წითელას ვაქცინა პირველად გამოჩნდა, წლიურად წითელათი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 400 000 იყო. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰიგიენური ჩვევები და სანიტარიული მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა, მაგრამ 1970 წლისთვის, წითელათი ინფიცირების შემთხვევების წლიური რაოდენობა 25 000-მდე შემცირდა. კიდევ ერთი მაგალითია B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცათი ინფიცირების შემთხვევების შემცირება. CDC-ის თანახმად, ამ დაავადების ვაქცინის გამოყენების დაწყების შემდეგ, სამ წელიწადში, 1990-იდან 1993-მდე ინფიცირების შემთხვევების წლიური რაოდენობა 20 000-იდან 1 500-მდე შემცირდა.

  • Covid-19-ის ვაქცინები ეფექტიანი და უსაფრთხოა

Covid-19-ის ვაქცინები ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის (1,2,3) და ვირუსთან ბრძოლის ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა. შედარებითა ახლი ტიპის რნმ ვაქცინები ასევე უსაფრთხოა და მათ დამტკიცებამდე ყველა საჭირო კლინიკური კვლევა გაიარეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ბოლო, 2023 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციები კვლავ ურჩევს 6 თვეზე უფროს მოსახლეობას ვაქცინაციას, რათა თავიდან აირიდონ Covid-19-ით გამოწვეული გართულებები. CDC აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია რჩება Covid-19-თან დაკავშირებული გართულებებისა და სიკვდილიანობის თავიდან არიდებს საუკეთესო საშუალებად. 

კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული სხვადასხვა დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:

ქართული ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც ანტივაქსერული ინფორმაცია გავრცელდა:

ჯგუფი “ანტილაბ-საქართველო” ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციას ავრცელებს. ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” პოსტებს ძირითადად ერთი მომხმარებელი, ჯგუფის ადმინისტრატორი Lado Qartvelishvili-ი აქვეყნებს. ამ ჯგუფში ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist