გამოდის თუ არა მწერალი იუვალ ნოა ჰარარი ბიბლიის გადაწერის მოთხოვნით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

490
VIEWS

11 ივნისს ფეისბუქზე 10 ივნისით დათარიღებული ინგლისურენოვანი სტატიის სქრინშოტი გავრცელდა სათაურით: “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოუწოდებს ხელოვნურ ინტელექტს გადაწეროს ბიბლია, შექმნას “რელიგიები, რომლებიც რეალურად მართალია”. სქრინშოტზე “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” დამფუძნებლის კლაუს შვაბისა და მწერალი იუვალ ნოა ჰარარის ფოტოებია მოცემული. 

12 ივნისს მსგავსი ინფორმაცია “Athens News-ის” ქართულ და რუსულენოვან ფეისბუქ გვერდებზეც გავრცელდა. ქართულენოვანმა გვერდმა იუთუბიდან ჰარარის ერთ-ერთი ინტერვიუს ვიდეო გააზიარა აღწერით: “WEF მოუწოდებს AI-ს, რომ გადაწეროს ბიბლია”, ხოლო რუსულენოვანი პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ WEF-ის მაღალჩინოსანმა ახალი, გლობალიზებული ბიბლიის შექმნის მიზნით ხელოვნური ინტელექტის მიერ რელიგიური წერილების გადაწერის მოწოდება გააჟღერა

Screenshot 7 5 გამოდის თუ არა მწერალი იუვალ ნოა ჰარარი ბიბლიის გადაწერის მოთხოვნით?

მტკიცება, რომ იუვალ ნოა ჰარარი ხელოვნური ინტელექტის მიერ რელიგიური ტექსტების გადაწერის ინიციატივით გამოდის, მცდარია. ჰარარის განცხადებით, იმის გამო, რომ AI-ს ახალი იდეების შექმნა შეუძლია, შესაძლებელია ის რელიგიური ტექსტების შესაქმნელადაც გამოიყენონ, თუმცა, ის არ ამბობს, რომ ამას თავად აპირებს ან მიესალმება. ჰარარის აზრით,  AI-ს საჯარო გამოყენების რეგულირებაა საჭირო, რადგან ის საფრთხეებს შეიცავს.

11 ივნისს ფეისბუქზე გავრცელებული სქრინშოტი ონლაინ გამოცემა Slay News-ის სტატიას ასახავს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ იუვალ ნოა ჰარარიმ, რომელიც “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” (WEF) ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და ფორუმისა და მისი ხელმძღვანელის – კლაუს შვაბის უფროსი მრჩეველია, კაცობრიობის მომავლისადმი მიძღვნილ გამოსვლაში გააჟღერა მოწოდება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (Artificial Intelligence, AI) რელიგიური ტექსტები გადაწეროს და “ახალი ბიბლია” შექმნას და განაცხადა, რომ AI-ს ძალა შესაძლოა სულიერების შესაცვლელად და მის WEF-ის გლობალისტურ ხედვასთან მოსარგებად გამოვიყენოთ. 

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჰარარიმ პორტუგალიის ქალაქ ლისბონში ჟურნალისტ პედრო პინტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ძველი ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანის ტვინის მიერ შექმნილ იდეებს ავრცელებდნენ, AI-ს ახალი იდეების გენერირება შეუძლია. ჰარარის მაგალითად იოჰან გუტენბერგის საბეჭდი მანქანა მოჰყავს, რომელსაც წიგნის იმდენი ასლის შექმნა შეეძლო, რამდენსაც გუტენბერგი დაავალებდა, მაგრამ ერთი ახალი გვერდის შექმნაც კი არ შეეძლო. სტატიის მიხედვით, ჰარარიმ გაამჟღავნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები WEF-ში აქედან გამოსავალს AI-ს მიერ ახალი ბიბლიის შექმნაში ხედავენ. ამის დასტურად სტატიაში მოყვანილია ჰარარის ფრაზა, რომ ისტორიის მანძილზე რელიგიები ოცნებობდნენ ისეთი წიგნის ქონაზე, რომელიც ზეადამიანური ინტელექტის, არაადამიანური სუბიექტის მიერ იქნებოდა შექმნილი, რამდენიმე წელიწადში კი შესაძლოა გაჩნდეს რელიგიები, რომელთა წმინდა წიგნებიც AI-ს მიერ იქნება დაწერილი. 

სტატიაში ჰარარის იუთუბ არხიდან ვიდეოცაა მოყვანილი. ვიდეო 19 მაისს შოუს “ეს ასეთი მარტივი არაა” პირველი ეპიზოდის ჩაწერას ასახავს, რომელშიც ჰარარი და ჟურნალისტი პედრო პინტო ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ საუბრობენ

Athens News-ის სტატიაში, რომელიც ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა გვერდებმა გაავრცელეს იდენტური მტკიცებებია გაჟღერებული და მთავარ მტკიცებულებად სწორედ ჰარართან პედრო პინტოს ინტერვიუა მოყვანილი

Slay News-ისა და Athens News-ის სტატიებში ჰარარის ფრაზების ნაწილი სწორი ფორმითაა მოყვანილი, თუმცა, ისინი მანიპულაციურადაა გამოყენებული და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჰარარი ან მოგვიწოდებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ბიბლია შევქმნათ, ან ამას თავად აპირებს.

ჰარარი და პინტო AI-ს შესაძლებლობაზე, შექმნას ახალი იდეები, ნამდვილად საუბრობდნენ, თუმცა, ჰარარი ამ ფაქტს იმ კონტექსტში განიხილავდა, რომ ეს ტექნოლოგია საფრთხის შემცველია. 

ჰარარის მიხედვით, AI თავისი განვითარების პირველ საფეხურებს გადის, თუმცა, ის საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მისი გამოჩენა არ ჰგავს აქამდე შექმნილი სხვა ტექნოლოგიების გამოჩენას, რადგან ისტორიაში არც ერთ წინა ტექნოლოგიას გადაწყვეტილების მიღება ან ახალი იდეების გენერირება არ შეეძლო. სწორედ აქ ახსენებს მწერალი გუტენბერგის საბეჭდ მანქანას, რომელსაც, მისი თქმით, შეეძლო ბიბლიის უამრავი ასლი შეექმნა, მაგრამ ერთი ახალი გვერდის შედგენის უნარიც კი არ ჰქონდა, AI-ს კი შეუძლია ახალი ბიბლია მთლიანად შექმნას. ამასთან, ისტორიის მანძილზე რელიგიები ამტკიცებდნენ, რომ მათი წმინდა წიგნები ზეადამიანური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ხოლო რამდენიმე წელიწადში შესაძლოა მართლაც გაჩნდეს რელიგიები, რომელთა წმინდა ტექსტებიც AI-ს გამოყენებით იქნება შექმნილი. 

შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებულ სქრინშოტზე მოცემული ფრაზა “რელიგიები, რომლებიც რეალურად მართალია”, ერთი მხრივ, აქამდე არსებული რელიგიების მტკიცებას ეხებოდა, რომ მათი წმინდა წიგნები ადამიანის მიერ შექმნილი არაა, ხოლო მეორე მხრივ, მომავალში ახალი რელიგიების გაჩენის შესაძლებლობას, რომელთა წიგნებსაც ხელოვნური ინტელექტი შექმნის და ისინი მართლები იქნებიან იმაში, რომ ეს წიგნები ადამიანის მიერ შექმნილი არაა. 

ინტერვიუს მანძილზე ჰარარი არსად ახსენებს, რომ WEF-ის ინტერესების გასატარებლად  მსგავსი რელიგიების ან ახალი ბიბლიის შექმნას გეგმავს. საუბრის დიდ ნაწილს მწერალი AI-ს განვითარების სწრაფი სიჩქარის საფრთხეების აღწერას უთმობს. მისი მტკიცებით, კაცობრიობას ახალ ტექნოლოგიასთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება და AI-ს საზოგადოებაში დანერგვის რეგულირება მთავრობების პასუხისმგებლობაა

Slay News-ის სტატიაში მეორე წყაროდ Times of Israel-ის 3 მაისის სტატიაა მოყვანილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემაზე ჰარარის სხვადასხვა გამოსვლასა და ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს აერთიანებს. ამ შემთხვევაშიც, სტატიაში ჩანს, რომ ჰარარი ფაქტს, რომ AI-ს შეუძლია ახალი რელიგიური ტექსტები შექმნას, ან საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს, საფრთხედ აღიქვამს და მისი საჯარო გამოყენების რეგულირებას აუცილებლად მიიჩნევს

აღსანიშნავია ისიც, რომ Slay News-ისა და Athens News-ის სტატიებში ჰარარი მოხსენიებულია, როგორც WEF-ის მაღალჩინოსანი, ან ორგანიზაციის ან მისი დამაარსებლის კლაუს შვაბის მრჩეველი. რეალურად, ჰარარის ორგანიზაციაში რაიმე ოფიციალური პოზიცია არ უჭირავს. Reuters-ის მიხედვით, ეს თავად WEF-ის წარმომადგენელმაც დაადასტურა და დამატებით განმარტა, რომ “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” საიტზე ჰარარის ბიოგრაფია იმ მიზეზითაა განთავსებული, რომ მწერალი ორგანიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობდა. 

არქივის ლინკები: 1234


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist