10 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდმა SM Group Morganne C Samayas -ს სახელით ცნობილი გვერდის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ საუბრობს. მისი მტკიცებით, ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შემდეგი პანდემიის დროს პანიკის დასათესად გლობალურად მოხდება ელექტროენერგიის გათიშვა, რასაც უამრავი პრობლემა მოყვება, მათ შორის: წყლის მიწოდების შეწყვეტა ქალაქში მცხოვრები ხალხისათვის, აუცილებელი გახდება გარდაცვლილთა ერთ დღეში დასაფლავება; რადგან გენერატორების გამოყენების უფლებას პოლიცია არავის მისცემს; ხალხის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ მათ ერთმანეთის დახოცვა და ჭამა დაიწყონ. Morganne C Samayas -ს მიმართვაში ფონზე კაცის კადრი ჩანს, თუმცა მისი ხმა არ ისმის. ფეისბუკ-გვერდის თქმით, ის სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტია. Morganne C Samayas-მ ვიდეო საკუთარ გვერდზე 20 მაისს გამოაქვეყნა.
კაცი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს იულიუს მალემაა და ის არა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის პარლამენტის წევრი და პარტია “ეკონომიკური თავისუფლების მებრძოლების” დამფუძნებელია. ავთენტიკურ ვიდეოში იულიუს მალემა სამხრეთ აფრიკაში არსებულ ენერგო კრიზისზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ელექტრო ენერგიის მიწოდების შეზღუდვას იწვევს და არსად ახსენებს, რომ “შემდეგი პანდემიისას” ელექტორენერგიის საყოველთაო გათიშვა იგეგმება.
რაზე საუბრობს იულიუს მალემა ვიდეოში?
სამხრეთ აფრიკის პარლამენტის წევრმა იულიუს მალემამ 2023 წლის 15 მაისს განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის სრულად გაითიშებოდა დენი, რადგან ქვეყანა სერიოზული ენერგო კრიზისის წინაშე დგას. მისი მტკიცებით, მოსახლეობა ვერც წყალს მიიღებს, რადგან ამისათვის საჭიროა ელექტროენერგია, ფაქტობრივად ვერაფერი ვერ იფუნქციონირებს, ხალხი ვერ შეძლებს მუშაობას და გარდაცვლილები ერთ დღეში უნდა დამარხონ, რადგან სპეციალური მაცივრები ვერ იმუშავებს. მალემას თქმით, გენერატორები ვერ იქნება პრობლემის გადაჭრის საშუალება, რადგან ისინი მხოლოდ მოკლე პერიოდზეა გათვლილი და რამდენიმე დღის დატვირთვას ვერ გაუძლებენ. აღსანიშნავია, რომ ის არსად ახსენებს “შემდეგ პანდემიას” და არც იმას, რომ ელექტროენეერგის გათიშვის გლობალური პრობლემა შეიძლება დადგეს. მალემას გამოსვლაში არც ხალხის მიერ ერთმანეთის დახოცვას თუ ჭამა უხსენებია. ვიდეოში ის კოვიდ პანდემიას მხოლოდ ერთხელ ახსენებს, როდესაც არსებულ პრობლემებს პანდემიის პერიოდს ადარებს და ამბობს, რომ უშუქობით გამოწვეული სიტუაცია უარესი იქნება ვიდრე კოვიდ პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა. მან სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი და მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და მათი გადადგომაც მოითხოვა.
რამ გამოიწვია სამხრეთ აფრიკის ენერგოკრიზისი?
სამხრეთ აფრიკის ენერგოკრიზისი წლების მანძილზე არსებობს, თუმცა ის განსაკუთრებით თვალსაჩინო 2022 წლის სექტემბრიდან გახდა, როდესაც გახშირდა ელექტროენერგიის გეგმიური გათიშვები, რამაც ქვეყანაში უამრავი პრობლემა გამოიწვია, მათ შორის: ავარიები, უწყლოობა, კრიმინალის ზრდა, საკვების გაფუჭება და სხვა. შედეგად, მიმდინარე წლის თებერვალში პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ მთელი ქვეყნის მასშტაბით “კატასტროფის მდგომარეობა” გამოაცხადა. მან დაამატა, რომ ეს პრობლემა ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ეკონომიკასა და სოციალურ სტრუქტურას.
საერთაშორისო მედია ბიბისი და როიტერსი წერენ, რომ ეს ენერგოკრიზისი პირველ რიგში ქვეყანაში არსებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ და კორუფციამ გამოიწვია. სამხრეთ აფრიკაში ელექტროენერგიის 80%-ს ქვანახშირზე მომუშავე ელექტრო სადგურები გამოიმუშავებენ. ქვანახშირის კონტროლი კი, კრიმინალების დიდი ნაწილის მიზანია, რომელთაც ახლო კავშირები აქვთ ხელისუფლების გარკვეულ წევრებთან და შედეგად ეს იწვევს კორუფციას, საბოტაჟს და სხვა ალტერნატიული რესურსების ათვისებაზე უარის თქმას. სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო კლიმატის კომისიის წევრის განცხადებით, ქვეყანაში ენერგო ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ ის ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ზემოაღნიშნული პრობლემების გამო. აღსანიშნავია, რომ დასავლურმა ქვეყნებმა 8.5 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტები და სესხები გამოყვეს, იმისათვის რომ სამხრეთ აფრიკა განახლებად ენერგიაზე გადავიდეს და 2050 წლისთვის გამოყოფილი ნახშირბადი “წმინდა ნულოვან” დონემდე დაიყვანოს.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-გვერდი Morganne C Samaya ხშირად აქვეყნებს კონსპირაციულ და ანტივაქსერულ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.