სხვადასხვა

ვინ აკავშირებს ებოლას, ობამას, ბილ გეიტსს და COVID-19-ს “პლასტმასის კუბოებთან”?

11 თებერვალი, 2021

7 თებერვალს ფეისბუქ-პროფილმა Ketevan Gejadze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) ნაქირავები აქვს მიწის ფართი, სადაც ამ ორგანიზაციის მიერ შეძენილი მილიონობით “პლასტიკური კუბოა” განთავსებული. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ყუთებში რამდენიმე გვამი ეტევა, ხოლო ერთ საფლავში რამდენიმე ყუთი ერთად უნდა განთავსდეს. პოსტს აღნიშნული ყუთების ფოტოებიც ახლავს.

პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ “თუ ისინი ემზადებიან უმძიმესი ეპიდემიისთვის” ეს შესაძლოა ბილ გეიტსის ციტატას უკავშირდებოდეს, რომელშიც ის 30 მილიონი ადამიანის 6 თვეში გარდაცვალებაზე საუბრობდა.

11 თებერვლის მდგომარეობით, პოსტს 412 გაზიარება აქვს.

;

“პლასტმასის კუბოების” კონსპირაცია წლებია ვრცელდება და მას ებოლას ვირუსთანაც აკავშირებდნენ. რეალურად ფოტოებზე გამოსახული ერთგვარი ყუთები არა “პლასტიკური კუბოები”, არამედ კუბოს სათავსო კონტეინერებია, რაც წყლის გაჟონვისა და მიწის დაწევისგან დაცვას უზრუნველყოფს. ეს სათავსოები კომპანია Vantage Products Corporation-მა ჯორჯიას შტატში 90-იანი წლების ბოლოს გაყიდვის მიზნით განათავსა და მას CDC-სთან და კორონასთან კავშირი არ აქვს, ისევე როგორც ბილ გეიტსის 2017 წლის გამოსვლასთან.

პოსტის ავტორი ფოტოებზე გამოსახულ შავ ყუთებს “პლასტიკის კუბოებს" უწოდებს. რეალურად ფოტოზე გამოსახულია არა კუბოები, არამედ ერთგვარი სათავსო-კონტეინერები (burial vaults/grave liners), რადგან მათში უშუალოდ გარდაცვლილ ადამიანს კი არ ათავსებენ, არამედ კუბოების დამცავ გარსად იყენებენ, რადგან ისეთ ადგილებში, სადაც წყლის გაჟონვა ან მიწის დაწევა ხდება, კუბო მაქსიმალურად დაცული იყოს.

;;

აღნიშნული ფოტოები წლების განმავლობაში სხვადასხვა კონსპირაციის საგანი იყო. მას აკავშირებდნენ ებოლას ვირუსთან, ასევე ბარაკ ობამასთან და ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან (FEMA). პოსტის ავტორი კი მათ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC) აკავშირებს. რეალურად ჯორჯიას შტატში, ქალაქ მედისონში სათავსოები 90-იანი წლების ბოლოს მისმა მფლობელმა დამკრძალავმა კომპანიამ Vantage Products Corporation-მა განათავსა.

“პლასტმასის კუბოების” კონსპირაცია სათავეს ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერიდან იღებს, სწორედ ამ დროს გამოჩნდა რამდენიმე ბლოგი, რომლებიც ამ თემაზე წერდნენ, თუმცა პოსტების უმეტესობა 2008 წლის ივლისით თარიღდება, ამ დროს გააქტიურდა და  გავრცელდა ჭორები, თითქოს ნახევარი მილიონი კუბოს სათავსო აშშ-ის მთავრობის საკუთრება იყო და ბიოლოგიური კატასტროფის, საომარი მდგომარეობის განხორციელების ან ამერიკის ათასობით მოქალაქის დაპატიმრებისა და ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (FEMA) მიერ მართულ საკონცენტრაციო ბანაკებში განთავსების მოლოდინში ინახებოდა.

როგორც Snopes-ი წერს, 2014 წლის იანვარში კონსპირაცია ახალი კონტექსტით გავრცელდა: სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს “FEMA-ს ერთჯერადი კუბოები” ამერიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩუმად 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ებოლას ეპიდემიური აფეთქების პერიოდში, კონკრეტულად 2014 წლის ოქტომბერში, ჭორები კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამჯერად იმ მტკიცებით, რომ კუბოს სათავსოები აშშ-ში ებოლათი გარდაცვლილთა დიდი რიცხვის მოლოდინში იყო მომარაგებული.

ამერიკული წყაროები “პლასტმასის კუბოების” კონსპირაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ებოლას ეპიდემიური აფეთქების დროს აკავშირებდნენ. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ CDC-ის სათაო ოფისი ჯორჯიას შტატში, ატლანტაშია განთავსებული და კუბოს სათავსოების მარაგიც ჯორჯიას შტატში, ქალაქ მედისონში ინახებოდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელმაც სათავსოები მედისონში განალაგა, ასევე ჯორჯიას შტატში მდებარეობს, თუმცა შტატების დამთხვევა კუბოს სათავსოების CDC-ის კუთვნილებას ვერ ადასტურებს.

Snopes-ი გამოცემა Morgan County Citizen-ს ციტირებს, რომლის 2008 წლის სტატიის თანახმად, ათი ათასობით კუბოს სათავსო მედისონში, ჯორჯიას შტატში იჯარით აღებულ მიწაზე ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იყო განთავსებული. ამ მიწაზე სათავსოები მისი მწარმოებლის, ასევე ჯორჯიას შტატში დაფუძნებული Vantage Products Corporation-ის მიერ დისტრიბუციის მიზნით განთავსდა. კუბოს სათავსო ისე იყო დამზადებული, რომ მათი დახურულ სივრცეში შენახვა აუცილებელი არ იყო, ამიტომ კომპანიამ დიდი, გამოუყენებელი მიწა იჯარით აიღო და ის პრუდუქციის საწყობად გამოიყენა.

Morgan County Citizen-ს Vantage Products Corporation-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ლეისიმ უთხრა, რომ კუბოს სათავსოები ჯორჯიას შტატში, კერძოდ ქალაქ მედისონში კომპანიამ 1997-98 წლებში განათავსა და თავდაპირველად მათი რაოდენობა 70 000-80 000 იყო, 2008 წელს, ინტერვიუს ჩაწერის დროს კი მათი რაოდენობა დაახლოებით 50 000-ს შეადგენდა.

Snopes-ს სტატიაში ასევე მითითებული აქვს ადგილის კოორდინატები, რისი მეშვეობითაც Google maps-ის ფოტოებზე ჩანს, რომ მედისონიდან სათავსოები აღებულია.

ამჟამად კი Google maps-ში კოორდინატების ჩაწერისას ვხედავთ, რომ აღნიშნული ადგილის უკანასკნელი ფოტოები 2016 წლით თარიღდება, სატელიტის კადრებიდან კი ჩანს, რომ ადგილი, სადაც კუბოს სათავსოები იყო განლაგებული, ცარიელია.

;

;

რაც შეეხება ბილ გეითსის პროგნოზსს ვირუსით 30 მილიონი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მსგავსი ვარაუდი გეიტსმა 2017 წელს გამოთქვა, თუმცა პოსტის ავტორი მას “პლასტმასის კუბოებს” მანიპულაციურად უკავშირებს, რადგან კუბოს სათავსოები ჯორჯიას შტატში გაცილებით ადრე ინახებოდა.

2017 წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბილ გეითსმა ეპიდემიოლოგებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ჰაერში სწრაფად მოძრავმა პათოგენმა შესაძლოა, 30 მილიონზე მეტი ადამიანი წელიწადზე ნაკლებ დროში მოკლას. ასევე, მისი თქმით, ასეთი აფეთქების ალბათობა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში არსებობდა.


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


არქივის ბმული: Ketevan Gejadze


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.