სხვადასხვა

“ობიექტივმა” Russia Today-ის 5 წლის წინანდელი მითი, ამერიკის გავლენით ავღანეთში ნარკოტიკების წარმოების გაზრდის შესახებ “გააცოცხლა”

6 ივნისი, 2018

2018 წლის 26 მაისს ტვ “ობიექტივის” წამყვანმა და პარტია “ნეიტრალური/სოციალისტური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ გადაცემაში “ოქროს კვეთა” განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის ჯარების შესვლის შემდეგ იქ ნარკოტიკული საშუალებების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა. მისი თქმით, ამერიკამ ავღანეთი მსოფლიო ჰეროინის ფაბრიკად, ხოლო ნარკოტიკი გეოპოლიტიკის ძლიერ ინსტრუმენტად აქცია.

ვალერი კვარაცხელია: “მსოფლიო ჰეროინის ფაბრიკად, ეს ქვეყანა [ავღანეთი], აქცია ამრიკის ხელისუფლებამ, საკუთრი არმიის შეყვანის შემდეგ 2001 წელს, კონტრ-ტერორისტული ოპერაცის საფარველით. ავღანეთის, ამერიკული ჯარებით ოკუპაციის დაწყებისთანავე, ჰეროინის წარმოება ქვეყანაში გაიზარდა ორმოცჯერ. ეხლა ყოველი მეექვსე მაცხოვრებელი ჩართულია ოპიუმის ბიზნესში. თუ 2000 წლის დასაწყისში ოპიუმის მინდვრები იკავებდნენ 8000 ჰექტარს, ეხლა, როცა, ვითომ ავღანეთში მიმდინარეობს ბრძოლა ტერორიზმთან, ასეთი მინდვრები უკვე 2000-ა.”

ვალერი კვარაცხელიას განცხადება მცდარია და მისი მონაცემები ავღანეთში ხაშხაშის (ოპიუმის) კულტივაციისა და წარმოების სტატისტიკას არ შეესაბამება. მითი, თითქოს აშშ-ის ჯარების შესვლის შემდეგ ავღანეთში ოპიუმის წარმოება 40-ჯერ გაიზარდა, უკვე 5 წელს ითვლის, მისი პირველწყარო კი რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტული მედია Russia Today-ა.

ავღანეთში ხაშხაშის ანუ ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციისა და ოპიუმის წარმოების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) აწარმოებს. 2015 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხაშხაშის კულტივაციის სრული ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით 19%-ით შემცირდა, რასაც ხაშხაშის ერადიკაციის (განადგურება) 40 %-იანი ზრდა მოჰყვა.

რაც შეეხება ოპიუმის წარმოებას, 2014 წელთან შედარებით, წარმოება 48 %-ით არის შემცირებული - თუ 2014 წელს პოტენციური წარმოება 6,400 ტონა იყო, 2015 წელს ეს მონაცემი 3,300 ტონამდე ჩამოვიდა. UNODC-ს სტატისტიკის მიხედვით, 2001 წელთან შედარებით 2002 წელს წარმოება მართლაც საგრძნობლად გაიზარდა - 2001-ში მხოლოდ 185 ტონა ოპიუმი აწარმოეს, 2002-ში კი 3,400 ტონა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით სწორედ 2001 წელს იყო წარმოებაში მკვეთრი ვარდნა, ხოლო 2002 წელს წარმოების რაოდენობა კვლავ 1994-2000 წლების საშუალო რაოდენობას დაუბრუნდა.

ავღანეთში ოპიუმის წარმოება 1994-2002 წლებში (ტონებში)

1994 1995 1996 1997 1998 1999 2000 2001 2002
3 400 2 300 2 200 2 800 4 700 4 600 3 300 185 3 400

მითის პირველწყარო რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახური და RT-ია

ინფორმაციას ავღანეთში აშშ-ის ჯარების შესვლის შემდეგ ნარკოტიკების წარმოების 40-ჯერ გაზრდის შესახებ რუსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო RT (Russia Today) 2013 წლის აპრილში ავრცელებდა. RT თავის მხრივ ეყრდნობოდა "რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის” ხელმძღვანელის, ვიქტორ ივანოვის განცხადებას, რომ "NATO-ს მიერ "ტერორის წინააღმდეგ ომის” დაწყების შემდეგ ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა”.

იგივე გაიმეორა  მოძრაობა “ანტიმაიდანის” ხელმძღვანელმა ნიკოლაი სტარიკოვმა წიგნში "კრიზი$ი: როგორ კეთდება?”. სტარიკოვზე დაყრდნობით კი იგივე მითი 2016 წლის 16 ივნისს და 7 ივლისს ონლაინ სააგენტო “საქართველო და მსოფლიომაც” გამოაქვეყნა.