გაყალბებული დოკუმენტური ფილმი მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

24007956_1412108938897806_1193411159_o
6.6k
VIEWS

20-21 ნოემბერს რუსულ მედიაში იტალიურ ტელეარხ Matrix-ით გაშუქებული საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“ -ის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფილმის თანახმად, 2014 წლის თებერვალში მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრო-რუსული უკრაინული სამთავრობო ძალების ნაცვლად ოპოზიციის ლიდერებისა და ევროკავშირისგან მხარდაჭერილი სნაიპერები ესროდნენ.

21 ნოემბერს, დოკუმენტური ფილმის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მედია საშუალებებშმაც –  Politicano-, Geworld.ge,  Sazogadoeba.ge,  გაზეთი  „ასავალ-დასავალი“ – გამოაქვეყნეს.

მტკიცება, თითქოს 2014 წლის თებერვალში მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრო-რუსული უკრაინული სამთავრობო ძალების ნაცვლად ოპოზიციის ლიდერებისა და ევროკავშირისგან მხარდაჭერილი სნაიპერები ესროდნენ, სიცრუეა. იტალიელი ჟურნალისტის ავტორობით მომზადებულ  დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი მტკიცებულებები კი ფაქტობრივ უზუსტობებს და მანიპულაციებს შეიცავს.

Fake #1. მამუკა მამულაშვილი კიევში ჩასულ „სნაიპერებს“ ინსტრუქციებს აძლევდა.

დოკუმენტური ფილმის ავტორი, იტალიური გაზეთის Il Giornale-ს სამხედრო კორესპონდენტი ჯან მიკალესინია, რომელიც  სამ ქართველ რესპოდენტს კობა ნერგაძეს, ზალოგი კვარაცხელიას და ალექსანდრე რევაზიშვილს ესაუბრება. რესპოდენტები აცხადებენ, რომ 2014 წლის თებერვალში, კიევის მაიდნის მოვლენებში მონაწილეობის მიღების მიზნით მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველმა მამუკა მამულაშვილმა მათ 1000 დოლარი გადაუხადა და კიევში ყალბი პასპორტებით ჩაიყვანა. რესპოდენტების თქმით, მამულაშვილის დავალებით მათ მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუხსნეს ცეცხლი.

მითების დეტექტორი დაუკავშირდა უკრაინაში მყოფ „ქართული ლეგიონის“ ლიდერს მამუკა მამულაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები სიცრუეა, რადგან მას უკრაინის საზღვარი 2014 წლის აპრილამდე არ გადაუკვეთავს, ხოლო მაიდნის აღნიშნულ მოვლენებს ადგილი 2014 წლის თებერვალში ჰქონდა. მამულაშვილის თქმით, მის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის თარიღის დადასტურება, როგორც საქართველოს ასევე უკრაინის  შესაბამის უწყებებშია შესაძლებელი.

Fake #2: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქეთრინ ეშტონს ოპოზიციის მიერ დაქირავებულ სნაიპერებზე ესაუბრება

ფილმის თანახმად,  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს უკრაინელი ექიმის ოლგას ნაამბობი მოუყვა, თითქოს დემონსტრანტებს ცეცხლი სნაიპერებმა გაუხსნეს, რომლებიც როგორც პოლიციის, ასევე მაიდანზე შეკრებილების მხრიდან იყვნენ.

უკრაინული  StopFake-ის ცნობით, ურმას პაეტმა 2014 წლის 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე  ინფორმაცია, თითქოს მან ქეთრინ ეშტონს მაიდნის ლიდერების მიერ იყვნენ დაქირავებულ სნაიპერებზე აცნობა –  უარყო. პაეტის თქმით, მედიამ მისი ნათქვამი დაამახინჯა, რადგან ის ქეთრინ ეშტონთან მხოლოდ იმ ვერსიების შესახებ საუბრობდა, რაც მაიდნის მოვლენებთან დაკავშირებით იმჟამად იყო გავრცელებული.

Fake #3: კობა ნერგაძის ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობის „დამადასტურებელი“ საიდენტიფიკაციო ბარათი გრამატიკული შეცდომებით

ანალიტიკურ პორტალ The Insider Russia-ს თანახმად, დოკუმენტური ფილმი ყალბია, რადგან „სნაიპერების“ მიერ მოთხრობილი ამბები უზუსტობებს და მანიპულაციებს შეიცავს.  დოკუმენტურ ფილმში ერთ-ერთი რესპოდენტი კობა ნერგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქართული უშიშროების თანამშრომელი იყო. ამის დასადასტურებლად ფილმში ნაჩვენებია დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე, გრამატიკული ხარვეზებით. დოკუმენტზე, რომელზეც ინფორმაციის ამოკითხვა საკმაოდ რთულია, ინგლისურად მითითებულია წარწერა Security Service of Defend (დაცვის უსაფრთხოების სამსახური) – რაც ინგლისური ენისთვის არასწორი გრამატიკული კონსტრუქციაა. ამასთან, დოკუმენტის სახელწოდებად მითითებულია  Certifikate, ნაცვლად სწორი ფორმისა – Certificate.

"

Fake # 4. მამუკა მამულაშვილი ერთ-ერთ სნაიპერს ვადამდელი არჩევნების „არდაშვების“ საჭიროებაზე ესაუბრება

ერთ-ერთი „სნაიპერის“ კობა ნერგაძის თქმით, 2014 წელს, მაიდნის მოვლენების დროს მას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგეი პაშინსკიმ იარაღი მიუტანა და აუხსნა, რომ ინსტრუქციებს  მამუკა მამულაშვილისგან მიიღებდა. ნერგაძე ყვება, რომ მოგვიანებით მასთან მამუკა მამულაშვილი  მივიდა და განუმარტა, რომ გართულებული სიტუაციის გამო სროლის დაწყება და ქაოსის დათესვა იყო საჭირო, რათა არ დაეშვათ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.  ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების არდაშვება იანუკოვიჩის რეჟიმის შენარჩუნებას ნიშნავდა. გამოდის, რომ ნერგაძის ვერსიით, მაიდანზე მამუკა მამულაშვილი და სამი სნაიპერი იანუკოვიჩის რეჟიმის შესანარჩუნებლად მოქმედებდა, მაშინ, როდესაც  სიუჟეტი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. როგორც ჩანს, ფილმის ავტორს შეუსაბამობა ნერგაძის ნათქვამსა და ფილმის სცენარს შორის მხედველობიდან გამორჩათ.

"

Fake #5:  კობა ნერგაძე უკრაინაში რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით  წავიდა

კობა ნერგაძის თქმით, ის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით  „ვარდების რევოლუციის“ მსგავსი რევოლუციის მოწყობის მიზნით გაემგზავრა. ნერგაძე ამბობს, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან ეს პრეზიდენტის ბრძანება იყო. მაიდნის მოვლენები 2014 წლის 21 ნოემბერში დაიწყო, დემონსტრანტებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება კი 2014 წლის თებერვალში მოხდა. მიხეილ სააკაშვილის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის 17 ნოემბერს ამოიწურა. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის ამოწურული იყო მისი უფლებამოსილება გაეცა ბრძანებები დაქვემდებარებულ პირებზე რომელიმე სახელმწიფო უწყებაში, მაგალითად უშიშროების სამსახურში,  როგორც ამას კობა ნერგაძე ამტკიცებს.

რუსული პროპაგანდა  „მაიდნის სნაიპერებზე“  

დოკუმენტური ფილმის „მიგნებები“ 20-21 ნოემბერს ტელეკომპანია НТВ-მ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია Звезда-მ და Царьград TV–მ გაავრცელეს. ასევე მედიასაშუალებებმა РИА Новости Украина, Sputnik Эстония, Regnum.ru.

მაიდნის სნაიპერების შესახებ დეზინფორმაციები რუსული პროპაგანდის გავრცელებული ნარატივია.

  •  უკრაინული   Stopfake-ის ცნობით, 2014 წლის მაისში ტელეკომპანია   Russia-1-მა გაავრცელა მასალა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მაიდანზე 2014 წლის თებერვალში სნაიპერები „Правий сектор“-დან იყვნენ.  ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილი იყო ფოტო, რომელზეც თითქოს კიევის ფილარმონიის შენობიდან გამოსული „Правий сектор“-ის შეიარაღებული მებრძოლები იყვნენ ასახულნი, საიდანაც  დემონსტრანტებს ესროდნენ. კიევის ფილარმონიის შენობა სნაიპერების მიერ დემონსტრანტების დახოცვის ადგილიდან მოშორებით მდებარეობს, ხოლო ფოტომტკიცებულებაზე გამოსახული შენობა არა ფილარმონია, არამედ სასტუმრო „დნიპროა“, საიდანაც „Правий сектор“-ის წევრები 2014 წლის მარტის ბოლოს გამოდიან – მაიდნის მოვლენებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.
  •  EU vs Disinfo-ს ცნობით, 2016 წლის დეკემბერში საინფორმაციო სააგენტო „«АНТИФАШИСТ-მა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს 2014 წელს  მაიდნის მოვლენების დროს დემონსტრანტებს ცეცხლი არსენ ავაკოვისა და სერგეი  პაშინსკის მიერ, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს დახმარებით  უკრაინაში ჩამოყვანილმა სნაიპერებმა გაუხსნეს.

ტელეკომპანია Matrix  და ჯან მიკალესინის შესახებ

გაზეთი Il Giornale, იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ოჯახის საკუთრებაში მყოფი ტაბლოიდია. ხოლო ტელეკომპანია Matrix, ასევე ბერლუსკონის ოჯახის მფლობელობაში მყოფ მედია-ჰოლდინგ Mediaset-ს ეკუთვნის. 2015 წლის სექტემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სილვიო ბერლუსკონის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლით აუკრძალა, რადგან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2015 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

დოკუმენტური ფილმის „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“ ავტორის, სამხედრო ჟურნალისტ ჯან მიკალესიანის  სტატიები ქვეყნდება ვებ-გვერდებზე „Русская весна“, inopressa.ru. გასული საუკუნის 70 -იან წლებში, ჯან მიკალესინი იტალიური ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფება  Trieste Youth Front-ის მებრძოლი იყო.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist