NGO

აფინანსებს თუ არა სოროსი და “ღია საზოგადების ფონდი” ანტიფას?

23 სექტემბერი, 2020

18 სექტმებერს ფეისბუკ გვერდ ,,ალტ-ინფოს” გადაცემაში ერთ-ერთმა წამყვანმა, ზურაბ მახარაძემ ამერიკის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მოგება აღშფოთებას გამოიწვევს საერთაშორისო მოძრაობა ,,ანტიფაში”, რომელსაც, მისივე თქმით, “ღია საზოგადოების ფონდი” (ე.წ. სოროსის ფონდი) აფინანსებს. 

 

ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: ,,ამერიკაში რო სამოქალაქო ომი მოხდეს, მერე რას ვშვებით? ოღონდ ეს, რამე კი არ ვხუმრობთ, აი, ტრამპი რო ეხლა დიდი ალბათობით მოიგებს, იქ რო სოროსის დაფინანსებული ანტიფას რო პანიკები დაეწყება და რო გაგიჟდებიან და სხვა ქვეყნებში რაც არის ტექნოლოგია დამუშავებული ფერადი რევოლუციის, სრული მასშტაბებით ამერიკაში დაიქოქება ეხლა”.

“ალტ-ინფოს” მტკიცება, თითქოს ,,ღია საზოგადოების ფონდი” მოძრაობა ანტიფას აფინანსებს დეზინფორმაციაა. მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი, ანტიფაშისტური მოძრაობა ანტიფა აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორია. ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების politifact-ის და snopes-ის, ასევე New York Times-ის, Forbes-ის თანახმად არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება, რომ ჯორჯ სოროსი ან/და მისი ორგანიზაცია აშშ-ში პროტესტის/არეულობის ორგანიზატორებს აფინანსებს. 

ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ იდენტური ბრალდებები მინეაპოლისში დაკავებისას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღასთნ დაკავშირებით გააქიტურდა, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა მოძრაობა  ანტიფა (ANTIFA), რომელიც მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი ანტიფაშისტური მოძრაობაა

შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც ორგანიზებული პროტესტი ჯორჯ სოროსის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა. სოციალური ქსელების აქტივობის სტატისტიკური ანალიზი politifact-მა გამოაქვეყნა:

  • Dataminr-ის თანახმად, ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით ჯორჯ სოროსი ტვიტერზე 34 ათასჯერ იყო ნახსენები;
  • The New York Times-ის მიხედვით კი ერთი კვირის მანძილზე YouTube-ზე 5 ენაზე   90 ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც სოროსთან დაკავშირებულ შეტქმულების თეორიას ტირაჟურებდა.
  • The Times-ის ცნობით, ერთი კვირის მანძილზე ფეისბუკზე  სოროსი 72,000 პოსტში იყო ნახსენები. 10 ყველაზე პოპულარული პოსტიდან ცხრა აშშ-ში მიმდინარე არეულობასთან მის კავშირს ეხებოდა. საერთო ჯამში ეს ინფორმაცია 110 000-ზე მეტჯერ გაზიარდა. 

იხილეთ ,,მითების დეტექტორის” მასალა:

ალტ-ინფო  “ღია საზოგადოების ფონდის” დაფინანსებების შესახებ დეზინფორმაციას აქამდეც ავრცელებდა. ,,მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებულ მასალაში საკითხი ქართული პროდასავლური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას შეეხებოდა. ალტ-ინფოს ცრუ მტკიცების საპასუხოდ, “ღია საზოგადოების ფონდმა” “მითების დეტექტორს” დაუდასტურა, რომ ფონდი პოლიტიკური პარტიის ან მის მხარდამჭერ/საწინააღმდეგო კამპანიას არასოდეს აფინანსებს და ეს საკითხი ფონდის მანდატსა და პროცედურებში გაწერილია.

ამასთანავე, ფონდის ვებ გვერდზე ხელმისაწვდომია საგრანტო კონკურსების განაცხადის ფორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროექტი პოლიტიკური პარტიის/პირის მხარდამჭერ საქმიანობას არ უნდა ითვალისწინებდეს

,,ღია საზოგადოების ფონდის” დაფინანსების მასშტაბები 7 რეგიონსა და 10 თემატურ კატეგორიას მოიცავს, რომელთაგან არც ერთი არ ითვალისწინებს პოლიტიკური კამპანიების მხარდაჭერას. 

ანტიფას შესახებ:

ანტიფა (ANTIFA) მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი ანტიფაშისტური მოძრაობაა. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას არ ჰყავს ოფიციალური ლიდერი, მისი წარმომადგენლები აქტიურად ერთვებიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მათი პროტესტის გამოხატვის ფორმა ფიზიკური წინააღმდეგობასაც ითვალისწინებს, რის გამოც ანტიფას რადიკალურ ჯგუფადაც მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია ანტიფას ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანის შესახებ. პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებული აქციების ძალადობრივ შეტაკებაში გადაზრდის პასუხსიმგებლობა მოძრაობას დააკისრა. 

ალტ-ინფოს და სხვა ანტილიბერალური წყაროების მიერ გავრცელებული ანტიდასავლური ნარატივი, რომელიც ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს ეყრდნობა 2019 წელსაც იყო აქტიური. მედიის განვითარბის ფონდის კვლევის მიხედვით, დომინანტ გზავნილებს შორის იყო სოროსის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის საკითხი, ასევე სოროსის ფონდის აკრძალვის მოთხოვნა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების შეზღუდვისა და გაკონტროლების მოწოდებებიც. 

ჯორჯ სოროსისა და მისი ფონდის საქმიანობის შესახებ არსებული შეთქმულების თეორიები მას ე.წ. “ფერადი რევოლუციების” და სამოქალაქო პროტესტების მთავარ დამფინანსებელ წყაროდაც მოიაზრებენ. 

პროფილები: