ვინ იყენებს რეიგანის ფრაზას “აგენტების კანონის” მოწინაღმდეგეების დისკრედიტაციისთვის?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

68
VIEWS

14 მარტს ტელეკომპანია “იმედის” და “POSTV-ის” ახალი ამბების ფეისბუქ გვერდებზე სახელისუფლებო ექსპერტის გია გაბრიჭიძის პოსტი გავრცელდა, რომელშიც ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამავე დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. პოსტის მიხედვით, ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რონალდ რეიგანი საუბრობდა, როდესაც ამბობდა, რომ “თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა”, დღეს ცდილობს საქართველოს მეტასტაზივით მოედოს. გაბრიჭიძის პოსტის მიხედვით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და “ნაციონალური მოძრაობის” რიგითი წევრები, რომლებიც ირაკლი კობახიძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში არიან ჩართული, “გრძელი დანების ღამეს” და ნიურნბერგულ მასშტაბურ ყრილობებს ვერ აწყობენ და შავ ფორმებში ვერ მარშირებენ, მაგრამ მაქსიმალურად იყენებენ მედიას “საზიზღარი პიარ-კამპანიის” შესაქმნელად, რომელიც ხალხის მოტყუებისკენაა მიმართული. 

გაბრიჭიძის პოსტი სხვა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ახალი ამბების სააგენტოებმაც PIA.ge, მედიაჰოლდინგი “კვირა”, რეპორტიორი, საინფორმაციო სააგენტო “info 9”, Region Ge, For.ge გაავრცელეს. 

Screenshot 4 2 ვინ იყენებს რეიგანის ფრაზას “აგენტების კანონის” მოწინაღმდეგეების დისკრედიტაციისთვის?

გია გაბრიჭიძე რონალდ რეიგანის ფრაზას კონტექსტის გარეშე ავრცელებს და მას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს. რეიგანის აზრით, ფაშიზმის დაბრუნება ლიბერალიზმის სახით იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით მსგავსებაა, კერძოდ, კერძო საკუთრებასა და წარმოებას ორივე მთავრობის სრული კონტროლითა და რეგულირებით მოიაზრებს.  

14 მარტს გავრცელებულ პოსტში გია გაბრიჭიძე  ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელშიც “ქართულ ოცნების” თავმჯდომარემ “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 2003 წლის რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოუტანა, არასამთავრობო  ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდა და რომ აქციები ახალი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტები და “ნაციონალური მოძრაობის” რიგითი წევრებიც ახსენა და ისინი “ლიბერალური ფაშიზმის” კამპანიაში მონაწილეობაში დაადანაშაულა. 

ამ ფრაზის საპასუხოდ გია გაბრიჭიძემ საკუთარ პოსტში რონალდ რეიგანის ფრაზა მოიყვანა, რომლიც მიხედვითაც, “თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა” და დაამატა, რომ “ლიბერალური ფაშიზმი” ანუ ჭირი, რომელზეც აშშ-ის მეორმოცე პრეზიდენტი საუბრობდა, დღეს ცდილობს საქართველოს მეტასტაზივით მოედოს.  

გაბრიჭიძის პოსტის მიხედვით, დღეს ფაშისტები “გრძელი დანების ღამეს” ვერ მართავენ, ნიურნბერგულ, მასშტაბურ ყრილობებს ვერ აწყობენ და შავ ფორმებში გამოწყობილები ვერ მარშირებენ, მაგრამ მედიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ხალხის მოტყუებისთვის მაქსიმალურად იყენებენ.

ფრაზა ამერიკაში ფაშიზმის დაბრუნებაზე რონალდ რეიგანმა 1975 წელს მაიკ უოლესისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა, თუმცა, კონტექსტი განსხვავებული იყო. ინტერვიუს ეს კონკრეტული მონაკვეთი რეიგანისა და მისი ოპონენტების ფილოსოფიურ შეხედულებებს და მათ შორის განსხვავებებს ეხება. 

რონალდ რეიგანი აღნიშნავს, რომ მისი ფილოსოფიური ხედვა მეტად ლიბერტარიანულია, რაზეც მაიკ უოლესი პასუხობს, რომ დღესდღეობით ეს ტერმინი პოპულარულია და კონსერვატორი მხოლოდ კონსერვატორი აღარაა, ის ლიბერტარიანელიცაა. სწორედ ამის პასუხად ამბობს რეიგანი, რომ თუ ფაშიზმი ამერიკაში ოდესმე დაბრუნდება, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა, რადგან მათ შორის ეკონომიკური კუთხით მსგავსება არსებობს, კერძოდ ორივე მოიაზრებს კერძო საკუთრებასა და კერძო წარმოებაზე მთავრობის სრულ კონტროლსა და რეგულირებას. სრული ციტატა ასე გამოიყურება:

რონალდ რეიგანი: “ერთმა ადამიანმა მრავალი წლის წინ ძალიან საფუძვლიანად თქვა, რომ თუ ოდესმე ამერიკაში ფაშიზმი მოვა, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით. და რა არის ფაშიზმი? ფაშიზმი არის კერძო საკუთრება, კერძო წარმოება, მაგრამ მთავრობის სრული კონტროლი და რეგულირება. ლიბერალური ფილოსოფია სწორედ ეს არაა? ე.წ. კონსერვატორი არის ის, ვინც ამბობს, რომ ნაკლები მთავრობა, ზურგზე ნუ მეკიდები, ჩემს ჯიბეს მოშორდი და ნება მომეცი, საკუთარი ბედი უფრო მეტად ვაკონტროლო.”

ეკონომიკური ხედვები ამერიკის ორ წამყვან პარტიას შორის იდეოლოგიური დაპირისპირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წერტილია. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა პოზიცია მთავრობის ნაკლები ხარჯვისა და ეკონომიკაში ნაკლები ჩარევისკენ იხრება, ხოლო დემოკრატების უმრავლესობა თვლის, რომ მთავრობამ მეტი სოციალური პროგრამა უნდა დააფინანსოს და ეკონომიკის რეგულირების მიმართულებით მეტი როლი უნდა ჰქონდეს. ეკონომიკური ვარდნის პირობებში, დემოკრატები დეფიციტურ ხარჯვას მეტად ემხრობიან

რეიგანის ფრაზის დაკავშირება 7-9 მარტის აქციებთან არარელევანტურია, რადგან აქციები ერთი რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე ხედვების, ირგვლივ არ ერთიანდებოდა და ისინი განსხვავებული შეხედულებების პარტიებს, ორგანიზაციებსა და პირებს აერთიანებდა. 

რეიგანის ეს ფრაზა კონტექსტის გარეშე წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

აღსანიშნავია, რომ ლიბერალიზმმა ჩამოყალიბების პერიოდიდან მნიშვნელოვნად იცვალა სახე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა. შეერთებული შტატების შემთხვევაში კლასიკური ლიბერალიზმიდან თანამედროვე ლიბერალიზმზე გადასვლა იმ სირთულეებს უკავშირდება, რომელთა წინაშეც ინდუსტრიული რევოლუციისა და “დიდი დეპრესიის” პერიოდში მუშათა კლასი აღმოჩნდა და რომლებმაც მძლავრი სოციალისტური მოძრაობების წარმოქმნა გამოიწვია, რომლებიც ეკონომიკის რეგულირებაში მთავრობის მეტ ჩართულობას ითხოვდნენ. 

ეკონომიკური სფეროს გარდა თანამედროვე ლიბერალიზმის მიმდევართა უმრავლესობა მთავრობის როლს ხედავს როგორც სოციალური სერვისების უზრუნველყოფაში, ასევე ყველა იმ პირობის გაუმჯობესებაში, რისი არარსებობაც ადამიანის საბაზისო უფლებების განხორციელებას შეაფერხებს, ან ინდივიდუალურ ავტონომიას შეზღუდავს

რაც შეეხება “ლიბერალური ფაშიზმს”, რეიგანი აღნიშნულ ტერმინს არ ახსენებს. რეალურად, ლიბერალიზმი და ფაშიზმი ფუნდამენტურად განსხვავებული იდეოლოგიებია და ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” რაიმე რეალურ პოლიტიკურ იდეოლოგიას ან მოძრაობას არ აღწერს

ტერმინმა ფართო გამოყენება 2007 წელს ამერიკელი მწერლის იონა გოლდბერგის წიგნის “ლიბერალური ფაშიზმი: ამერიკული მემარცხენეობის საიდუმლო ისტორია მუსოლინიდან “მნიშვნელობის პოლიტიკამდე” გამოსვლის შემდეგ შეიძინა. წიგნის ავტორის მიხედვით, მემარცხენეები სიტყვა “ფაშისტს” ოპონენტების მისამართით ხშირად იყენებენ, რისი სამწუხარო შედეგიც ისაა, რომ ამერიკელები ფაშიზმს მემარჯვენე პოლიტიკურ მოძრაობასთან აიგივებენ, მაშინ, როდესაც რეალობა საპირისპიროა. გოლდბერგის აზრით, სწორედ ლიბერალიზმი იწონებს საზოგადოების სრულყოფის ფაშისტურ იდეალს ძლიერი სახელმწიფოსა და ყოვლისმცოდნე ლიდერების მეშვეობით. ასევე, მთავრობის იძულებაც ლიბერალებს მოსწონთ და არა კონსერვატორებს. 

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ბოლო დღეებში განსაკუთრებით გახშირდა. მმართველი პარტიის წევრებმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “ლიბერალური ფაშიზმის კამპანიის” წარმოებაში დაადანაშაულეს, რაც, მათი მტკიცებით, ბულინგსა და პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლაში გამოიხატება.  

გარდა ირაკლი კობახიძისა, ოპოზიციონერები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ბულინგსა და საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემაც დაადანაშაულა და მათ ქმედებას “ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინება” უწოდა. 

“ქართული ოცნების” წევრების პარალელურად, აღნიშნული ტერმინი ხალხის ძალის ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემაც გამოიყენა და განაცხადა, რომ ლიბერალური ფაშიზმი მას და მის მეგობრებს ვერ გააჩუმებს, სამშობლოს სიყვარულს კი საეჭვო სიჩუმეც აზიანებს. 

მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ და შემდეგ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს  6-9 მარტს საპროსტესტო აქციები მოჰყვა. 9 მარტს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო.

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საქართველო
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist