ტვ “ობიექტივი” და სასულიერო პირების ნაწილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ რუსულ კონსპირაციებს ავითარებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

covershare
2k
VIEWS

რუსულ კონსპირაციებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტვ “ობიექტივი” და მართლმადიდებელი მღვდლების ნაწილი ავრცელებს.  2018 წლის 20 დეკემბერს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარ გიორგი რაზმაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის უკრაინის ეკლესიისათვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის მინიჭებისა და 15 დეკემბერს საერთო კრებაზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტ ეპიფანეს არჩევის შესახებ კონსპირაციებს ავითარებს. მისი შეფასებით, მიტროპოლიტი ეპიფანე სწორედ იმიტომ აირჩიეს, რომ ის კონსტანტინოპოლისთვის ადვილი სამართავი იქნება. გიორგი რაძმაძის მტკიცებით, ავტოკეფალიის საკითხი მხოლოდ ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება, რადგანაც, მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის შემოსავალი ამიერიდან კონსტანტინოპოლის ხელში აღმოჩნდება.

გიორგი რაზმაძე, ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: “ეს პროცესები თავიდანვე იყო ფარსი, ვინაიდან დღეს მსოფლიო პატრიარქის ინტერესში არ შედის ვინმესთვის დამოუკიდებლობის მინიჭება. ამით ბართლომეოსმა ხელში ჩაიგდო უკრაინა და ამიერიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი შემოსავალი პირდაპირ მის ბიუჯეტში წავა… მსოფლიო საპატრიარქო იმართებოდა და დღესაც იმართება ორი სახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის _ სპეცსამსახურების მიერ… ბართოლომეოსი ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე, ალბათ, უარესს გააკეთებს…”

უკრაინის ეკლესიის შესახებ კრემლის გზავნილების ტირაჟირება ამით არ ამოწურულა. მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა, რომ უკრაინის პატრიარქი ფილარეტი მონათლულიც კი არ იყო.

მეუფე სპირიდონი: “ვინ არის ახლა ის, რომ აირჩიეს [უკრაინის ეკლესიის მეთაურად]? ფილარეტის ნაკურთხია. ფილარეტი თვითონ მონათლულიც არ არის და მისი ნაკურთხი როგორ იქნება?! რა უბედურებაა ეს, კაცო. რუსებზე გაბრაზებული, არიქა დაგვიპყრესო, ეშმაკს უჭერ მხარს?! ღმერთმა როგორც შემოიყვანა რუსები, ისე გაიყვანს. ღმერთს რომ მოიკიდებ მტრად, მოერევა იმას ვინმე?”

8 დეკემბერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს “ობიექტივის” წამყვანი ვალერი კვარაცხელიაც შეეხო და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის მრევლის სურვილი არ არის. მისივე თქმით, ავტოკეფალიის საკითხი აშშ-ის მხრიდან გეოპოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით არის წახალისებული.

ვალერი კვარცხელია: „თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ უკრაინის მრევლისგან მოდის იდეა, რომ იქ შეიქმნას დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია? არავითარ შემთხვევაში. ეს ყველაფერი წახალისებულია ამერიკის შეერთებული შტატებისგან და მათ სულაც არ აინტესესებთ ვინ იქნება მრევლი ამ ეკლესიებისა და როგორ იცხოვრებს ეს მრევლი. მათ აინტერესებთ ერთი რამ: გეოპოლიტიკური სარგებელი.“

ისტორიულად უკრაინის ეკლესია სწორედ კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა. მე-10 საუკუნეში კიევის რუსმა მართლმადიდებლობა ბერძნული ეკლესიის მეშვეობით მიიღო. მე-17 საუკუნეში მოსკოვმა კიევის მიტროპოლია მიიტაცა და შემდეგ გააუქმა. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკვანძო მომენტებს.

მითი N1: უკრაინის ეკლესიისთვის შემოსავალი მთლიანად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბიუჯეტში წავა

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიის მინიჭების შედეგად სხვა ეკლესიებისგან დამოუკიდებელი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მისი შემოსავალი უკრაინის ახალი გაერთიანებული ეკლესიის ბიუჯეტში დარჩება.

რაც შეეხება თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიას, მისი ფინანსების დიდი ნაწილი, დასავლეთის ქვეყნებს უკავშირდება, რაც იმით არის განპირობებული, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მრევლი, ეკლესია-მონასტრების უდიდესი ნაწილი დასავლეთ ევროპასა და აშშ-შია. შესაბამისად, განვითარებული ქვეყნები ფინანსურად ძლიერ მორწმუნეებსაც წარმოადგენენ. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო ექვსი არქიეპისკოპოსის ეპარქიისგან, რვა ეკლესიისგან და 18 მიტროპოლიისგან შედგება. რვა ეკლესიიდან ორი, ფინეთისა და ესტონეთის, ავტონომიურია.

მითი N2: უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელ კრებაზე ახალ მეთაურად მიტროპოლიტ ეპიფანეს დანიშვნით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს ეკლესია დაიმორჩილა

გიორგი რაზმაძის შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი მკვებავი არის ის ფაქტი, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად არა პატრიარქი ფილარეტი, არამედ მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს. ეპიფანეს არჩევის მოტივი რეალურად კი სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კონსპირაციები გამორიცხულიყო. კრებაზე უკრაინის ორი ეკლესია გაერთიანდა და კრების მონაწილეებმა რომელიმე ეკლესიის პატრიარქი შეგნებულად არ აირჩიეს, რათა ერთი ეკლესიის მიერ მეორე ეკლესიის დამორჩილებისა თუ დაქვემდებარების შთაბეჭდილება არ დარჩნილიყო. სწორედ ამ მოტივით, პატრიარქმა ფილარეტმა პოზიცია დათმო, ხოლო ახალი ეკლესიის მეთაურად ფილარეტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

მითი 3: პატრიარქი ფილარეტი მონათლული არ არის

რეალურად, ფილარეტი 1992 წლამდე რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. ფილარეტი მოსკოვის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიტი იყო,  ასევე იყო წმინდა სინოდის წევრი და მოსკოვის საპატრიარქოს არჩევნებშიც მონაწილეობდა. შესაბამისად, “მოუნათლავი” ფილარეტი ასეთ მაღალ თანამდებოებს ვერ დაიკავებდა და ვერც მოსკოვის საპატრიარქოს არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

უკრაინის ეკლესიის მოკლე ისტორია

“კიევის რუსეთი” თუ “კიევის რუსი”?

“ტაბულაზე” გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ილია ჭიღლაძე ტერმინებს “კიევის რუსეთსა” და “კიევის რუსს” შორის განსხვავებას ნათლად ხსნის. მისი განმარტებით, მე-10 საუკუნეში ჩამოყალიბებულ ახალ სახელმწიფოს რეალურად კიევის რუსეთი კი არა, არამედ კიევის რუსი  (კიევსკაია რუს) ეწოდა. ის თავდაპირველად აღმოსავლეთში მცხოვრებ სლავ ხალხს აერთიანებდა. შემდგომში სახელმწიფოს დაშლასთან ერთად კი ეს ჯგუფები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად ჩამოყალიბდნენ (უკრაინელები, რუსები და ბელორუსები). ქართულ ენაში ტერმინ “რუს”-ის “რუსეთად” თარგმნა პრობლემურს ხდის კიევის რუსის რუსეთიდან გამიჯვნას.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკვანძო თარიღები

  • 988 – კიევის რუსმა ბერძნული ეკლესიისგან მართლმადიდებლობა მიიღო, რითიც აღმოსავლეთ სლავების მართლმადიდებლობაზე გადმოსვლას ჩაეყარა საფუძველი. კიევის მიტროპოლია აღნიშნული ნაბიჯით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაექვემდებარა.
  • 1325 – მონღოლთა ექსპანსიის გამო კიევის რუსი დაეცა, კიევის მიტროპოლიის რეზიდენცია კი მოსკოვში გადავიდა. ადგილმდებარეობის შეცვლის მიუხედავად მიტროპოლიტები ინარჩუნებდნენ კიევისა და სრულიად რუსი მიტროპოლიტის წოდებას და კანონიკურად კვლავ კონსანტინოპოლს ექვემდებარებოდნენ.
  • 1448 – რუსეთის მთავარმა კიევის მიტროპოლიტად იონა მოსკოველი არაკანონიერად გამოაცხადა. კანონიკის თანახმად, ამის გადაწყვეტა არა რუსეთის მთავრის, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლებამოსილება იყო.
  • 1461 – იოანე მოსკოველის მემკვიდრე ფეოდოსმა უარი თქვა “კიევის მიტროპოლიტის” წოდებაზე და ახალი ტიტული “მიტროპოლიტი მოსკოვისა და სრულიად რუსი” მიიღო. დეკანოზ ილია ჭიღლაძის შეფასებით, “მოსკოვის მიტროპოლიის” შექმნა მოსკოვის მიერ კონსტანტინოპოლის დედა საპატრიარქოსგან სქიზმის გაფორმება იყო.
  • 1620 – კიევის მართლმადიდებლური მიტროპოლია კონსტანტინოპოლის პატრიარქის კურთხევით იერუსალიმის პატრიარქმა აღადგინა.
  • 1681 – პოლონეთ-ლიტვის სამეფოსთან ომის შედეგად, რუსეთმა ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინა კიევის ჩათვლით მიიერთა.
  • 1686 – კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლის ეკლესია საკმაოდ დასუსტებული იყო. 1686 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოსმალეთისა და რუსეთის ზეწოლით კიევის მიტროპოლია მოსკოვის იურისდიქციაში აღიარა, რაც კიევის მიტროპოლიის თანხმობის გარეშე განხორციელდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე მოსკოვმა კიევის მიტროპოლია გააუქმა.
  • 1944 – საბჭოთა ანტი-რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში ავტოკეფალისტი მღვლდების წინააღმდეგ დევნა გამოცხადდა. უკრაინელმა სასულიერო პირებმა უკრაინის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა ემიგრაციაში განაგრძეს. ისინი ძირითადად კანადასა და აშშ-ში, ასევე დასავლეთ ევროპასა და ავსტრალიაში დასახლდნენ.
  • 2018 – კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სამართლიანად მიიჩნია. საპატრიარქომ შეისწავლა ყველა ისტორიული წყარო და გადაწყვეტილება  მას შემდეგ გამოაქვეყნეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიის საკითხი საეკლესიო კანონიკას არ ეწინააღმდეგებოდა. 2018 წლის 15 დეკემბერს უკრაინის ეკლესიათა გამაერთიანებელ კრებაზე ერთიანი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

"


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

მგ
რაზმაძე გიორგი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist