სპორტსმენებში გულის გაჩერების შემთხვევებს ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

89
VIEWS

31 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა მინდა დავრჩე ადამიანად გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ბარსელონას ფეხბურთელ სერხიო აგუერო შეუძლოდ გახდა და ტაქიკარდია დაუფიქსირდა, პოსტის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აგუერომ ვაქცინა ცოტა ხნის წინ გაიკეთა.

"

პირველ ნოემბერს ამავე პროფილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც 48 სპორტსმენის ფოტოს აერთიანებს. თითოეული მათგანის ფოტოს მათი სახელი და ასაკი ახლავს, პოსტის ავტორის მტკიცებით, ვაქცინაციის შემდეგ ყველა მათგანს გულის დაავადებები განუვითარდა, ნაწილი კი გარდაიცვალა.

"
პირველ ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა მარიამ მაკი ვიდეოში გამოყენებული კადრები ფოტოების სახით გამოაქვეყნა.

"

ინფორმაცია, თითქოს სერხიო აგუეროს შეუძლოდ გახდომა და გულის პრობლემები ვაქცინაციამ გამოიწვია, მტკიცებულების გარეშეა. ექიმებს ეს ვარაუდი არ გამოუთქვამთ. ამასთან, მას თამაშის დროს გონება აქამდეც დაუკარგავს. რაც შეეხება ვიდეოში დასახელებულ სპორტსმენებს, მათ უმეტესობას მართლაც უეცრად გაუჩერდა გული, თუმცა ასეთი შემთხვევები ახალგაზრდა სპორტსმენებში აქამდეც არაერთხელ დაფიქსირებულა, მათი უმეტესობის ვაქცინაციის სტატუსი კი ღია წყაროებით არ იძებნება. გარდა ამისა, ზოგიერთ სპორტსმენს გულის პრობლემები აქამდეც აწუხებდა.

მართალია, ვიდეოში ნაჩვენები სპორტსმენების უმეტესობას მართლაც უეცრად გაუჩერდა გული და სხვადასხვა გულის პრობლემა გამოუვლინდა, მათი ნაწილი კი გარდაიცვალა, თუმცა ასეთი შემთხვევები ახალგაზრდა სპორტსმენებში იშვიათი არ არის და ვაქცინაციის დაწყებამდეც ფიქსირდებოდა. გარდა ამისა, ვიდეოში ნაჩვენები სპორტსმენების უმეტესობაზე ღია წყაროებით არც ის იძებნება,  იყვნენ თუ არა ისინი ვაქცინირებული. შესაბამისად, მათი გულის პრობლემების ვაქცინაციასთან დაკავშირება მანიპულაციურია და არანაირ მტკიცებულებას არ ემყარება.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში დასახელებული სპორტსმენებიდან ზოგიერთს გულის პრობლემები აქამდეც აწუხებდა, ზოგიერთის შეუძლოდ გახდომის მიზეზი კი გულის გაჩერება არ ყოფილა.

გულის უეცარი გაჩერება ახალგაზრდა სპორტსმენების გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზია

ამერიკული სამედიცინო ცენტრის, Mayo Clinic-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გულის უეცარი გაჩერება ახალგაზრდა სპორტსმენების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია, თუმცა ასეთი შემთხვევების სიხშირე გაურკვეველია.

ვებ-გვერდზე ასევე ვკითხულობთ, რომ 35 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებში უეცარი სიკვდილი, ხშირად გულის ამოუცნობი დეფექტების ან შეუმჩნეველი დარღვევების გამო ხდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ყოველწლიურად 2000 25 წლამდე ასაკის ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გულის უეცარი გაჩერება ხდება. ასეთი უეცარი სიკვდილის შემთხვევები ხშირად ხდება ფიზიკური აქტივობის დროს, როგორიცაა სპორტი და უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

სერხიო აგუერომ გონება 2017 წელსაც დაკარგა

ინფორმაცია, თითქოს სერხიო აგუეროს შეუძლოდ გახდომა და გულის პრობლემები ვაქცინაციამ გამოიწვია, მტკიცებულების გარეშეა. მის ექიმებს ეს ვარაუდი არ გამოუთქვამთ. არც ღია წყაროებში იძებნება, თუ ზუსტად რამ გამოიწვია აგუეროს გულის პრობლემა, სწორედ ამიტომ მისი ვაქცინაციასთან დაკავშირება მანიპულაციურია და მტკიცებულებებს არ ემყარება.

“ბარსელონას” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ალავესთან გამართული მატჩის დროს თავბრუსხვევა იგრძნო, სუნთქვა გაუძნელდა და გულის დისკომფორტი იგრძნო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი შემოწმებით აგუეროს გულის არითმია დაუდგინეს, თუმცა ექიმების თქმით, სრული გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ბარსელონას მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აგუერო რამდენიმე თვე თამაშს აღარ გააგრძელებს, რათა გამოკვლევებისა და რეაბილიტაციის კურსი გაიაროს.

"
აგუერომ გონება 2017 წელს კრასნოდარში გამართული მეგობრული მატჩის დროსაც დაკარგა, რის შემდეგაც გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც sky sports წერს, არგენტინის გუნდის ექიმმა დონატო ვილანიმ განაცხადა, რომ აგუეროსთვის გამოკვლევების ჩატარების მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ მას სერიოზული პრობლემა არ ჰქონოდა, რადგან მას გულის პრობლემა ადრეც აწუხებდა და 15 წლის ასაკში ოპერაციაც ჩაუტარდა.

სამუელ კალუმ გონება დაკარგა, თუმცა მას გულის შეტევა ან გაჩერება არ დაფიქსირებია

ერთ-ერთი სპორტსმენი, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები ფრანგული საფეხბურთო კლუბ “ბორდოს” თავდამსხმელი სამუელ კალუა, მან საფეხბურთო მატჩის დროს გონება ნამდვილად დაკარგა, თუმცა დეზინფორმაციაა, თითქოს მას გულის შეტევა ჰქონდა, ამასთან პოსტის ავტორი ამ შემთხვევას ვაქცინაციას სრულიად უკონტექსტოდ და მანიპულაციურად უკავშირებს.

15 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ “ბორდოს” თავდამსხმელმა სამუელ კალუმ მარსელთან მატჩის დროს გონება დაკარგა. მას ექიმებმა სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება შეძლო, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებით მალევე ჩაანაცვლეს, რადგან თამაშის დროს დაბნეული იყო.

ექიმის თქმით, ეს უბრალოდ თავბრუსხვევა იყო. ზოგიერთი სპორტული გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ მატჩის დროს ტემპერატურა 30 გრადუსი იყო.

აღსანიშნავია, რომ სამუელ კალუმ გონება 2019 წლის აფრიკის ერთა თასის დროს, ნიგერიის გუნდის ვარჯიშისასაც დაკარგა, რისი მიზეზიც დეჰიდრატაცია იყო. კალუმ 2019 წლის შემთხვევის დროსაც გააგრძელა თამაში, თუმცა დაღლილობის გამო მაშინაც მალევე შეცვალეს.

"

ჯეფ სტრესერმა გონება 2018 წელს დაკარგა და არა 2021 წელს

ვიდეოში ასევე ნახსენებია 47 წლის ჯეფ სტრესერი, რომელიც ყოფილი ფეხბურთელი და ლუქსემბურგის საფეხბურთო კლუბ “ფოლა ეშის” ახალგაზრდული ნაკრების მენეჯერია.

ვიდეოში აღნიშნულია, რომ ჯეფ სტრესერს  2021 წლის 15 აგვისტოს, ვარჯიშის შემდეგ გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა ღია წყაროებში ეს ინფორმაცია არ იძებნება. სხვადასხვა მედიასაშუალების ვებ-გვერდზე ჯეფ სტრესერის გონების დაკარგვის მხოლოდ 2018 წლის შემთხვევა იძებნება. 2018 წლის 25 იანვარს, როცა სტრესერი კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი იყო, მან დარმშტატთან მატჩის დროს გონება დაკარგა, რის გამოც მატჩი გადაიდო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი, ექიმებმა გულის შეტევა გამორიცხეს.

"

ფრენკ ბერიერს გულის პრობლემები რამდენიმე წელია აწუხებდა

ვიდეო ყოფილი ფრანგი ფეხბურთელის ფრენკ ბერიერის გულის გაჩერებასა და გარდაცვალებასაც ვაქცინაციას უკავშირებს, რეალურად ბერიერს გულის პრობლემები დიდი ხანია აწუხებდა, სწორედ ამის გამო 2019 წელს მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

13 აგვისტოს ფრენკ ბერიერმა ჩოგბურთის თამაშის დროს გონება დაკარგა, აღმოჩნდა, რომ მას გული გაუჩერდა და საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში მას კიდევ ერთხელ გაუჩერდა გული, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

2019 წლის იანვარში ფრენკ ბერიერმა საფეხბურთო კარიერა სწორედ გულის პრობლემების გამო დაასრულა და თამაში შეწყვიტა. ის თვეების განმავლობაში გულის კუნთის ვირუსულ ინფექციას ებრძოდა. როგორც გამოცემა The Sun წერს, 2019 წელს ბერიერმა თქვა, რომ მისი გული 70%-ით მუშაობს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში რისკს არ შეიცავს, თუმცა დატვირთვის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, გულის შეტევა განვითარდეს.

ვიდეოში ნახსენებია დანიელი ფეხბურთელი ქრისტიან ერიქსენიც. 2021 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც ერიქსენმა მატჩის დროს გონება დაკარგა და გული გაუჩერდა, გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ამის მიზეზი ასტრაზენეკას ვაქცინა იყო. ინტერ მილანის დირექტორის განცხადებით, ერიქსენს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საერთოდ არ ყოფილა.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ცნობა, თითქოს ერიქსენის გულის შეტევა ვაქცინამ გამოიწვია, ყალბია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist