6 სექტემბერს ფეისბუკ გვერდზე “მე თამარაშნელი ვარ” შავი ზღვის წარმოშობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. გვერდის თანახმად, ერთ-ერთ უკრაინულ სახელმძღვანელოში წერია, რომ შავი ზღვა ძველი უკრაინელების ნიჭისა და შრომის წყალობით ხელოვნურად გაჩნდა:
“უძველეს დროში, როცა ჩვენი თანამემამულეები შორეული ხეტიალიდან შინ ბრუნდებოდნენ და უცხო ქვეყნებში წყლის დიდ ფართობზე საუბრობდნენ, გადაწყდა, რომ თავად შეექმნათ ზღვა. თქვენი წინაპრების ერთზე მეტი თაობის გმირული შრომის შედეგად უზარმაზარი ტბა გაითხარა. კიდევ ერთი მტკიცებულებაა წყალბადის სულფიდის დაგროვება ამ წყალსაცავის ქვედა ფენებში, რაც აიხსნება მისი ინტენსიური გამოყენებით ჩვენი წინაპრების დასაბანად და დასაბანად”.
ასევე, პოსტში წყარო — ედმუნდ კვასივის ”უკროვის ისტორია აკვანიდან დღემდე”, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და თარიღი არის მითითებული (კიევი, ”პროსვიტა“, 2006).
იდენტური შინაარსის ინფორმაციას 2022 წლის თებერვალში რუსულენოვანი ფეისბუკ-მომხმარებლებიც (1, 2, 3) აქვეყნებდნენ, უფრო ადრე კი რუსულენოვანი ფეისბუკ-მომხმარებლების მიერ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია 2014 წელსაც ვრცელდებოდა (1, 2, 3, 4).
წიგნი, რომელშიც უკრაინელების მიერ შავი ზღვის დაარსების შესახებ ისტორია გვხვდება, სინამდვილეში არ არსებობს. გამომცემლობა “პროსვიტა” წიგნის გამოცემას არ ადასტურებს, ხოლო წიგნის ავტორის — ედმუნდ კვასივის — სახელი გამომცემლობისთვის უცნობია. რეალურად, ედმუნდ კვასივი იუმორისტული გადაცემის “UA-Україна Афігенна” ერთ-ერთი ეპიზოდის პერსონაჟი იყო, რომელიც უკრაინელების მიერ შავი ზღვის ტერიტორიის გათხრის შესახებ ხუმრობდა.
ისტორია უკრაინელების მიერ შავი ზღვის დაარსების შესახებ თავდაპირველად 2014 წელს გავრცელდა. 2014 წლის ნოემბერში რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო tvc.ru წერდა, რომ უკრაინელი ისტორიკოსები მოსახლეობისთვის ფსევდორეალობას ქმიან და ამტკიცებენ, რომ შავი ზღვა ხელოვნურად წარმოიშვა — ის ძველმა უკრაინელებმა გათხარეს. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცლებულ პოსტებს წყაროდ ედმუნდ კვასივის ”უკროვის ისტორია აკვანიდან დღემდე” აქვთ მითითებული. რეალურად, ედმუნდ კვასივი ფიქციური პიროვნებაა — იუმორისტული გადაცემის “UA-Україна Афігенна” ერთ-ერთი ეპიზოდის პერსონაჟი, რომელიც უკრაინელების მიერ შავი ზღვის ტერიტორიის გათხრის შესახებ ხუმრობს. გადაცემის “UA-Україна Афігенна” აღწერაში ნათქვამია, რომ პროგრამა ეფუძნება იდეას, რომლის თანახმადაც, პლანეტის ნებისმიერ კუთხეში ცივილიზაციის ფუძემდებლები უკრაინელები არიან, რომ უკრაინელმა ასტრონომებმა ახალი თანავარსკვლავედი აღმოაჩინეს და სწორედ უკრაინელმა ერმა დაამყარა სავაჭრო ურთიერთობა ამერიკასთან ასი წლით ადრე, მანამ, სანამ კოლუმბი ამ კონტინენტს აღმოაჩენდა. ასევე აღწერაში ნათქვამია, რომ უკრაინელები დიდი და მამაცი ერია, რომელსაც საკუთარ თავზე სიცილი შეუძლია. გადაცემის წამყვანი პროგრამის თითოეულ ეპიზოდში აღნიშნავს, რომ ნანოტექნოლოგიის გამოყენებით ზედა დონის ეროვნული დომენი – UA გაიშიფრა და ფრაზის “უკრაინელები მაგრები არიან” (Украинцы Афигенные) აბრევიატურას წარმოადგენს. მიუხედავად გადაცემის იუმორისტული და თვითირონიული შინაარსისა, ამ ისტორიის ტირაჟირება რუსულენოვან საიტებზე უკრაინელი ისტორიკოსების დისკრედიტაციის მიზნით დაიწყო, რომ თითქოს უკრაინაში ბავშვებს ასეთი მითებით კვებავენ.
2014 წელს უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლათფორმამ Stofake.org გამომცემლობა Просвита-ს მიმართა. გამომცემლობის დირექტორმა აღნიშნა, რომ მსგავსი წიგნი არასდროს გამოუციათ და მათთვის არც ავტორი – ედმუნდ კვასივი არის ცნობილი. Stopfake-ის თანახმად, ავტორის სახელი არც უკრაინელი ისტორიკოსებისა და სამეცნიერო წრისათვის არაა ცნობილი. გარდა ამისა, ედმუნდ კვასივის შესახებ ინტერნეტში არანაირი ბიოგრაფიული ცნობა არაა ხელმისაწვდომი. ასევე, არ გვხვდება მისი ფოტოები და მისი სხვა ციტატები წიგნიდან ”უკროვის ისტორია აკვანიდან დღემდე”. აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნების ავტორობით ღია წყარობში ერთი და იგივე აბზაცი იძებნება, რომელიც ძველი უკრაინელების მიერ შავი ზღვის გათხრების შესახებ მოგვითხრობს.
რაც შეეხება შავ ზღვას, ენციკლოპედია Britannica-ს თანახმად, ზღვის ამჟამინდელი ფორმა, პალეოცენის ეპოქის ბოლოს (დაახლოებით 55 მილიონი წლის წინ) გაჩნდა, როდესაც ანატოლიაში ტექტონიკურმა ცვლილებებმა კასპიის აუზი ხმელთაშუა ზღვისგან გამოყო. ახლად შექმნილი შავი ზღვის აუზი თანდათან იზოლირდა ოკეანისგან და მისი მარილიანობაც შემცირდა. მიოცენის ეპოქის დასაწყისში შავი ზღვა თანდათან გამოეყო კასპიის რეგიონს. დედამიწის შემდგომი მოძრაობისა და ზღვის დონის ცვლილებების შემდეგ, რომლებიც პლეისტოცენის გამყინვარებასთან იყო დაკავშირებული, ხმელთაშუა ზღვასთან წყვეტილი კავშირები გამოიწვია. ბოლო დიდი გამყინვარების დროს შავი ზღვა იქცა დიდ მტკნარ ტბად. დღევანდელი კავშირი ხმელთაშუა ზღვასთან დაახლოებით 6500-7500 წლის წინ გაჩნდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.