როგორ რეგულირდება ევთანაზია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

121
VIEWS

19 იანვარს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ ევთანაზიაზე ისაუბრა. დეკანოზი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში სადაც ევთანაზია დაკანონებულია, ავადმყოფი გაიგივებულია სიკვდილთან.  გიორგი რაზმაძის საუბრიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევთანაზია ავადმყოფ ადამიანზე ზრუნვის ალტერნატივაა და თუ ვინმეს ავადმყოფზე ზრუნვა არ სურს, მისი “დაძინება” შეუძლია. დეკანოზის თქმით, მომავალში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს ქვეყანაში ევთანაზიის – “ადამიანის დაძინების” კანონის მიღებას, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: ‘’როგორც წეღან ავღნიშნე ევთანაზია, მომავალი ნაბიჯი აუცილებლად იქნება, როგორც მაგალითად ნიდერლანდებში არის, შვედეთის სახელმწიფოშია და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, ავადმყოფის გაიგივება სიკვდილთან… საქართველოში როცა დადგება ამის საკითხი და ევროკავშირი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ესეთი საშინელი კანონების მიღებას, ადამიანს უკვე გადალახული იქნება ეს ბარიერი და იტყვის, რომ რატომ უნდა დავხარჯოთ ჩვენ მაგალითად შემოსავალი მის პამპერსებე, საჭმელზე, მის მოვლაზე,  არ ჯობია, რომ დავაძინოთ?!”

evthanazia როგორ რეგულირდება ევთანაზია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში?

ევთანაზიასთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი რაზმაძის განცხადებები მანიპულაციურია და მათი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება: 1) ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, სადაც ევთანაზია ლეგალურია, პროცედურასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. აუცილებელია, ადამიანმა პირადად მოითხოვოს ევთანაზიის ჩატარება და ამასთანვე მას ჯანმრთელობის მძიმე, უკურნებელი პრობლემები უნდა ჰქონდეს, რომელიც გაუსაძლის ტანჯვას იწვევს. ასევე ევთანაზია არ განიხილება პაციენტის აბსოლუტურ უფლებად და მას შეიძლება პროცედურაზე უარი ეთქვას. 2) ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებისგან ევთანაზიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გატარებას არ ითხოვს, არ არსებობს რაიმე ერთიანი დირექტივა, რომლებიც გაერთიანების წევრებმა უნდა გაითვალისწინონ. ევროკავშირის იმ ქვეყნებში სადაც ევთანაზიის ესა თუ ის ფორმა დაშვებულია, ლეგალიზაციის პროცესი ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე განხორციელდა.

აქტიური ევთანაზია ევროკავშირის წევრ სულ რამდენიმე ქვეყანაშია ლეგალიზებული და ხელმისაწვდომი, რამდენიმეში კი მხოლოდ ასისტირებული სუიციდია ლეგალური. ყველა შემთხვევაში ევთანაზიის ხელმისაწვდომობისთვის მთავარი კრიტერიუმი  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით გამოწვეული გაუსაძლისი მდგომარეობაა, რომლის შემსუბუქების და გაუმჯობესების იმედი არ არსებობს და ევთანაზიით სიცოცხლის დასრულება ტანჯვის დასრულების ერთადერთ საშულებად ფასდება. ასევე სავალდებულოა პაციენტის პირადი მოთხოვნა, ევთანაზია ჩაუტარდეს. აუცილებელია, რომ ევთანაზიის გადაწყვეტილება პაციენტმა სხვისი გავლენისა და ჩარევის გარეშე გააზრებულად მიიღოს. ყველა ქვეყანაში ევთანაზიას საკმაოდ მკაცრი რეგულაციები და კრიტერიუმები აქვს და ის პაციენტის აბსოლუტურ უფლებად არ მიიჩნევა. კრიტერიუმების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში მას, შეიძლება, ევთანაზიაზე უარი ეთქვას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს საკითხთან დაკავშირებით რაიმე ერთიანი რეკომენდაცია და დირექტივა არ აქვს და მოქალაქეების ჯანდაცვაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ. 2017 წელს იტალიელმა ევროპარლამენტარმა, მარა ბიზოტომ ევროკომისიას მიმართა კითხვით, განიხილავდა თუ არა ევროკომისია შესაძლებლობას, უფლებამოსილების გადაჭარბების გარეშე ევთანაზიასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაეცა წევრი სახელმწიფოებისთვის. ევროკომისიის პასუხის მიხედვით, ჯანდაცვაზე და მათ შორის ტერმინალური დაავადებების მქონე პაციენტებზე ზრუნვა და აღნიშნული ეთიკური საკითხები წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად კომისია არ გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემას.

ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ევთანაზიასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს

ევროკავშირის ქვეყნებში ევთანაზიასთან დაკავშირებული რეგულაციების განხილვამდე უნდა აღინიშნოს, რომ ევთანაზიის რამდენიმე განსხვავებული ფორმის გამორჩევა შეიძლება. არსებობს აქტიური და პასიური ევთანაზია. აქტიური ევთანაზია გულისხმობს ადამიანის სიკვდილის სამედიცინო მუშაკის მოქმედების შედეგად, მაგალითად ექიმის მიერ პაციენტისთვის მედიკამენტის სასიკვდილო დოზის მიცემას. პასიური ევთანაზია გულისხმობს უიმედო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობის შეჩერებას (მაგ. ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვა). არსებობს ასევე არაპირდაპირი ევთანაზია, რაც გულისხმობს პაციენტის ტანჯვის შემსუბუქებისთვის ისეთი წამლების მიცემას (მაგალითად მორფინი), რომელმაც, შესაძლოა, მისი სიკვდილი დააჩქაროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ, მათ შორის სიცოცხლის გამახანგრძლივებელ მკურნალობაზე უარის თქმის უფლება ფართოდ გავრცელებული უფლებაა ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში. აქტიური ევთანაზიისგან ასევე განარჩევენ ასისტირებული სუიციდს (assisted suicide) – როდესაც ადამიანი სხვისი, ჩვეულებრივ, სამედიცინო მუშაკის, დახმარებით იკლავს თავს – სამედიცინო მუშაკი სუიციდისთვის საჭირო მედიკამენტს პაციენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის, მაგრამ მედიკამენტს პაციენტი თავად იღებს.

ნიდერლანდები 

პირველი ქვეყანა ევროკავშირსა და მსოფლიოში, სადაც 2002 ევთანაზია ლეგალური გახდა ნიდერლანდებია. ნიდერლანდებში აქტიური ევთანაზიაც და ასისტირებული სუიციდიც ლეგალურია. ევთანაზიის პროცედურის ჩატარებისთვის მთელი რიგი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს. ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტის მოთხოვნა ნებაყოფლობითია, ხოლო მისი მდგომარეობა გაუსაძლისია გაუმჯობესების პერსპექტივის გარეშე. პაციენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ექიმი ასევე ვალდებულია, რომ სულ მცირე ერთ სხვა დამოუკიდებელ ექიმთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც ასევე შეაფასებს პაციენტს და წერილობით დაადასტურებს დაკმაყოფილებულია თუ არა ყველა საჭირო კრიტერიუმი. გარდა ამისა თითოეული შემთხვევის შესახებ აუცილებელია საგანგებო საბჭოს ინფორმირება, რომელიც თითოეულ შემთხვევას განიხილავს და ექიმის ქმედებებს აფასებს. აღსანიშნავია, რომ ევთანაზიის მიღება არ არის აბსოლუტური უფლება და პაციენტს შეიძლება პროცედურაზე უარი ეთქვას, გარდა ამისა არც ერთი ექიმი არ არის ვალდებული, რომ ევთანაზიის პროცედურა ჩაატაროს. ასეთ შემთხვევაში მან წინასწარ უნდა შეატყობინოს პაციენტს თავისი უარის შესახებ, რათა მოხდეს სხვა ექიმის პოვნა. ნიდერლანდებში ევთანაზია დაშვებულია 12 წელს ზევით არასრულწლოვანებში. 12-იდან 16 წლამდე მოზარდების შემთხვევაში სავალდებულოა მშობლების თანხმობა. 16 და 17 წლის მოზარდების შემთხვევაში მშობლების თანხმობა სავალდებულო არ არის, თუმცა ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ. აღსანიშნავია, რომ იგეგმება ევთანაზიის დაშვება 12 წელს ქვევით ბავშვებისთვისაც. მთავრობის განცხადების თანახმად, ცვლილებები სავარაუდოდ წელიწადში 5-10 ბავშვს შეეხება, რომლებიც სხვადასხვა დაავადების შედეგად გაუსაძლისად იტანჯებიან, არ არსებობს გაუმჯობესების იმედი და პალიატიურ მზრუნველობას შვება არ მოაქვს, ასეთ შემთხვევებში სიცოცხლის დასრულება ბავშვის ტანჯვის ერთადერთი გონიერი ალტერნატივაა.

ბელგია

გარკვეულ შემთხვევებში ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია ბელგიაში 2002 წელს მოხდა. სავალდებულოა, რომ პაციენტს შეეძლოს საკუთარი სურვილების დაფიქსირება, იყოს გამოუვალ სამედიცინო მდგომარეობაში და განიცდიდეს მუდმივ, გაუსაძლის და შეუმსუბუქებელ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რომელიც განუკურნებელი სამედიცინო მდგომარეობის შედეგია. აუცილებელია რომ ევთანაზიის მოთხოვნა იყოს ნებაყოფლობით, გარე წნეხის გარეშე და რამდენჯერმე გამეორებული. ისევე როგორც ნიდერლანდებში, ბელგიაშიც ევთანაზია არ არის აბსოლუტური უფლება და პაციენტს შეიძლება მასზე უარი ეთქვას, ასევე არც ერთი ექიმი არ არის ვალდებული ევთანაზია ჩაატაროს თუ თავად ამის წინააღმდეგია.

2014 წლიდან ბელგიაში ევთანაზია ხელმისაწვდომია არასრულწლოვანებისთვის. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს თავისი მდგომარეობის განსჯის უნარი, განიცდიდეს ფიზიკურ ტანჯვას და უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელიც ახლო მომავალში სიკვდილს იწვევს. არასრულწლოვანების შემთხვევაში ფსიქოლოგიური ტანჯვა ევთანაზიის მიღებისთვის საკმარისი კრიტერიუმი არ არის. ასევე აუცილებელია მშობლების თანხმობა.

შესაძლებელია ასევე ევთანაზიის სურვილის წინასწარ წერილობით გაცხადება, რაც გულისხმობს თანხმობას მომავალში ისეთ მდგომარეობაში ჩატარდეს ევთანაზია, როცა პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობა არ არსებობს.

ლუქსემბურგი

ევთანაზია და ასისტირებული სუიციდი დეკრიმინალიზებულია ლუქსემბურგშიც. შესაბამისი კანონმდებლობა 2009 წელს იყო მიღებული. კანონმდებლობის თანახმად, პაციენტი, რომელსაც ევთანაზია სურს, მოთხოვნის გაკეთებისას უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედითუნარიანი. მოთხოვნა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, გარე წნეხის გარეშე გაკეთებული. საჭიროების შემთხვევაში კი განმეორებითი.პაციენტს უნდა ჰქონდეს მძიმე, განუკურნებელი და ტერმინალური სამედიცინო მდგომარეობა და განიცდიდეს მუდმივ და აუტანელ ფიზიკურ ან მენტალურ ტანჯვას მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივის გარეშე. თავის მხრივ ექიმია ვალდებულია პაციენტის მიაწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ევთანაზიის ალტერნატივების შესახებ, დარწმუნდეს, რომ მოთხოვნა ვალდებულია და პაციენტი თვლის, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. გონიერი ინტერვალებით ჰქონდეს რამდენიმე გასაუბრება პაციენტთან, რათა ჯეროვნად შეაფასოს მისი მდგომარეობა და დარწმუნდეს რომ ევთანაზიის სურვილის პაციენტი განმეორებითად გამოთქვამს; გაიაროს კონსულტაცია სხვა ექიმთან. ლუქსემბურგის კანონმდებლობის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რომელი დაავადება იწვევს პაციენტის გაუსაძლის მდგომარეობას, თუმცა მსოფლიოში არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ ევთანაზიის მოთხოვნის შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებულია გვიანი სტადიის კიბოსთან და ნერვ-კუნთოვან დაავადებებთან, რომლებიც ტერმინალურ სტატიაში პარალიზებას იწვევს.

ევთანაზიასთან დაკავშირებულ საკითხებში ლუქსემბურგში ასევე არსებობს კონტროლისა და შეფასების ეროვნული კომისია. კომისია ვალდებულია კანონმდებლობის სწორი აღსრულება უზრუნველყოს. კომისიასთან რეგისტრირდება ევთანაზიის მოთხოვნები, ასევე ევთანაზიის პროცედურის ჩატარების შემდეგ ექიმი ვალდებულია შეავსოს შესაბამისი ანგარიში, რათა კომისიამ თითოეულ განიხილოს შესაბამისობაში იყო თუ არა კანონთან ჩატარებული პროცედურა. ორ წელში ერთხელ კომისია კანონმდებლობასთან დაკავშირებით ანგარიშს ადგენს. 

ესპანეთი

ევთანაზია და ასისტირებული სუიციდიც დაშვებულია ესპანეთში. სავალდებულოა, ევთანაზიის მოთხოვნისას პაციენტი, რომელსაც აქვს სერიოზული და განუკურნებელი დაავადება, რომელიც გაუსაძლის ტანჯვას იწვევს, სრულწლოვანი და ქმედითუნარიანი იყოს. ესპანეთში ევთანაზია ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის, რეზიდენტებისთვის და მათთვის, ვინ ქვეყანაში 12 თვეზე დიდხანს ცხოვრობდა. პაციენტს უნდა ჰქონდეს წერილობითი ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სხვა ალტერნატიული მოქმედებების შესახებ, მათ შორის პალიატიური მზრუნველობისა და ხელმისაწვდომი შეღავათების შესახებ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც მკურნალ ექიმს შეუძლია თავად პროცედურის შესრულებაზე უარი თქვას, რა დროსაც პაციენტს შეუძლია სხვა ექიმს მიმართოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ევთანაზიის მოთხოვნებს ასევე განიხილავს შეფასების კომისია – ექიმების, ექთნების, სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების გუნდი, რათა შეფასებული იყოს, რომ დაკმაყოფილებულია ევთანაზიისთვის აუცილებელი ყველა პირობა. პაციენტებს შეუძლიათ შეფასების კომისიას მიმართონ იმ შემთხვევებშიც, როცა მათ აპლიკაციაზე უარი მიიღეს. პაციენტს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ევთანაზიაზე.

ავსტრია

2020 წელს ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ასისტირებული სუიციდის კრიმინალიზაცია არაკონსტიტუციურია. შესაბამისად 2022 წლიდან ძალაში შევიდა კანონმდებლობა, რომელიც ასისტირებულ სუიციდს არეგულირებს. აქტიური ევთანაზია ავსტრიაში დაშვებული არ არის. ასისტირებული სუიციდის მოთხოვნა სრულწლოვან ქმედითუნარიან ადამიანს შეუძლია, რომელსაც მძიმე ან ტერმინალური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა გაუსაძლისია. მოთხოვნის შემდეგ პაციენტის მდგომარეობას ორი ექიმი ექიმი აფასებს, ერთი ოჯახის ან მკურნალი ექიმი, მეორე კი ექიმი რომელსაც პალიატიურ მზრუნველობაში აქვს კვალიფიკაცია. ასევე დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ავადმყოფობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ორივე ექიმი ამ უკანასკნელს დამოუკიდებლად აფასებს, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა შეფასების პროცესში ფსიქიატრების და ფსიქოლოგების ჩართვა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა, გათვალისწინებულია 12-კვირიანი მოცდის პერიოდია. სუიციდთან დაკავშირებული კვლევების თანახმად, ეს პერიოდია კრიზისული ფაზის გადალახვისთვის არის საჭირო. დაავადების ტერმინალურ ფაზაში მყოფი ადამიანებისთვის, რომლებსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, მოცდის პერიოდი ორ კვირამდეა შემცირებული.

გერმანია

აქტიური ევთანაზია გერმანიაში აკრძალულია და ქვეყნის ნაცისტური წარსულის გამო სენსიტიური საკითხია. ნაცისტური რეჟიმის მმართველობის პერიოდში იძულებითი ევთანაზიის შედეგად სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების 200 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. თუმცა ქვეყანაში დაშვებულია არაპირდაპირი და პასიური ევთანაზია.

2020 წელს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ასისტირებული სუიციდის, როგორც სერვისის კრიმინალიზაცია, არაკონსტიტუციურია. სასამართლოს თანახმად, ადამიანის აქვს თვითდეტერმინაციის და ავტონომიის უფლება, რაც საკუთარი სიცოცხლის საკუთარი სურვილით დასრულებასაც მოიცავს. შესაბამისად ასისტირებული სუიციდი დაშვებულია და ექიმს შეუძლია პაციენტს საჭირო მედიკამენტი მიაწოდოს. გერმანიის კანონმდებლობით სუიციდი დანაშაული არ არის, შესაბამისად სუიციდში დახმარებაც არ ითვლება დანაშაულად. აღსანიშნავია, რომ ასისტირებულ სუიციდთან დაკავშირებულ საკითხებზე და რეგულაციებზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს. 2023 წლის ზაფხულში ბუნდესტაგში ორი კანონპროექტი ჩავარდა, რომლებიც პრაქტიკის რეგულაციებისთვის იყო შემუშავებული.

გერმანიაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ადამიანებს ასისტირებულ სუიციდში ეხმარებიან. მაგალითად Verein Sterbehilfe (ასისტირებული სუიციდის ასოციაცია) და German Society for Dying with Dignity (გერმანიის საზოგადოება ღირსეულად სიკვდილისთვის). ეს ორი ორგანიზაცია 2022 წელს 400-მდე ადამიანს დაეხმარა ასისტირებულ სუიციდში, მათგან უდიდეს უმრავლესობა მძიმე დაავადებები ჰქონდა.

პორტუგალია

2023 წლის გაზაფხულზე პორტუგალიის პარლამენტმა შეზღუდულ შემთხვევებში ევთანაზიის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. პროცესს 3 წელი დასჭირდა და პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტის რამდენიმე ვეტოს გადალახვა მოუწია. თუმცა მთავრობას ევთანაზიასთან დაკავშირებული პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებია. 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე მოახლოებული არჩევნების და საკითხის კომპლექსურობის გამო პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ევთანაზიასთან დაკავშირებული რეგულაციების და პროტოკოლის დამტკიცება მომდევნო მთავრობას გადააბაროს.

დეკანოზი გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, რომ ევთანაზია შვედეთშიც დაკანონებულია, თუმცა აქტიური ევთანაზია შვედეთში კანონით აკრძალულია. არ არის მიღებული არც ასისტირებული სუიციდის პრაქტიკა. თვითმკვლელობაში დახმარება შვედეთში კანონით არ ისჯება, თუმცა თუ ექიმი პაციენტს მედიკამენტს თვითმკვლელობის მიზნით გამოუწერს, მას ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist