როგორ მანიპულირებს კრემლის მედია ხერსონში შექმნილ მდგომარეობაზე Sky News-ის სტატიით

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

264
VIEWS

2022 წლის 13 დეკემბერს, რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიამ Ria Novosti სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხერსონის მოსახლეობამ ბრიტანულ მედიასთან, კონკრეტულად კი Sky News-სთან, უკმაყოფილება გამოთქვეს იმ ფაქტზე, რომ, მას შემდეგ რაც ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუარესდა. Ria Novosti ხერსონის რამდენიმე მცხოვრების ინტერვიუს ციტირებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ქალაქში ელექტროენერგია ხშირად ითიშება, არ არის საკმარისი რაოდენობის წყალი და მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარების სახით მიწვდილ საკვებზეა დამოკიდებული. სტატიაში კონკრეტულ ფრაზასაც ვხვდებით, სადაც ერთ-ერთი რესპონდენტი კითხვაზე, გაუმჯობესდა თუ არა ცხოვრების დონე, აღნიშნავს, რომ “სიტუაცია უარესია: ზოგიერთები იღებენ დახმარებას, თუმცა ყველა არა.” მსგავსი სახის ინფორმაცია სხვა რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა (Baltnews, Lenta.ru, Duma TVSputnik, REN TV) და Facebook მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1, 2, 3, 4).

tsts როგორ მანიპულირებს კრემლის მედია ხერსონში შექმნილ მდგომარეობაზე Sky News-ის სტატიითsphdeeph როგორ მანიპულირებს კრემლის მედია ხერსონში შექმნილ მდგომარეობაზე Sky News-ის სტატიით

რუსული მედია Sky News-ის მასალას მანიპულაციურად აშუქებს და ხერსონის ერთ-ერთი მცხოვრების ციტატას კონტექსტის გარეშე იყენებს, რაც მცდარ წარმოდგენას ქმნის, თითქოს რუსული ოკუპაციის პირობებში რეგიონის მოსახლეობა უკეთ ცხოვრობდა. ბრიტანული Sky News-ის სტატია რუსული არმიის მიერ ხერსონის დაბომბვის თემას ეხებოდა, რის შედეგადაც ქალაქს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები შეექმნა. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც Sky News-ის სტატიაში არიან ნახსენები, არსებული სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ქალაქის უკრაინული მხარის კონკტროლის ქვეშ დაბრუნებას სიხარულით შეხვდა.

კრემლის პროპაგანდისტული მედია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ხერსონში არსებული კრიტიკული მდგომარეობა უკრაინის კონტროლის ქვეშ რეგიონის დაბრუნების შედეგია. ამისათვის, შერჩევითად აღებული და განზოგადებულია ერთ-ერთი რესპონდენტის ციტატა, რომელიც სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს, ხოლო ის კონტექსტი, რაც Sky News-ის სტატიაშია მოცემული, რუსულ მედიაში ნახსენები არ არის.

რეალურად, Sky News-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული არმიის მიერ განხორციელებულ საჰაერო შეტევას 40-მდე ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეტევამ ასევე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქალაქის ინფრასტრუქტურას. სტატია ციტირებს ქალაქის დე-ფაქტო მერს, ჰალინა ლუჰოვას, რომელიც აღნიშნავს: “ისინი [რუსები] ყოველდღიურად გვბომბავენ… უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან… თუმცა თუნდაც მშივრები, გაყინულები და ელექტრობის გარეშე ვიყოთ, ჩვენ რუსების გარეშე ვართ.”

Ria Novosti-ს სტატიაში გამოყენებული ციტატა ნატალია სკიბას ეკუთვნის, რომელიც მერს მიუახლოვდა და უთხრა, რომ თვალი სტკიოდა. როდესაც რეპორტიორმა მას ჰკითხა, გაუმჯობესდა თუ არა ცხოვრება მას შემდეგ, რაც რუსული ოკუპაცია დასრულდა, მან უპასუხა: “გაუარედა, გაუარესდა. ზოგიერთები იღებენ დახმარებას, თუმცა ყველა არა.” მანამდე მერმა მის საყვედურზე აღნიშნა, რომ ისინი ხალხს “სამედიცინო დახმარების ჩანთებს დაურიგებდნენ, და რომ იგი ყველა საჭირო სამედიცინო ნივთის მქონე ჰუმანიტარული დახმარების ჩანთას მიიღებდა.”

Sky News-ის სტატია მოცემული ციტატის შემდეგ საუბრობს იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობდა ხერსონის მოსახლეობა რუსული ოკუპაციის პერიოდში, რომ მათ დაპატიმრების, წამებისა და სიკვდილის მუდმივ შიშში უწევდათ ყოფნა. ხერსონის ოლქის ოფიციალური დედაქალაქი რუსული მხარის კონტროლის ქვეშ 2022 წლის მარტში აღმოჩნდა. შემდეგი 8 თვის განმავლობაში, რუსული მხარის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. Human Rights Watch-მა დაადასტურა, რომ რუსული მხარე აწამებდა, აპატიმრებდა ხერსონისა და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. რუსული მხარე ასევე აწამებდა ომის ტყვეებს, რომელთანგან მინიმუმ ორი გარდაიცვალა. ნოემბერში უკრაინული არმიის მიერ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ Human Rights Watch კვლავ აგრძელებს რუსული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულის დოკუმენტირებას.

Sky News-ის სტატია და ადგილობრივები გამოწვევებსა და პრობლემებს ძირითადად რუსულ მხარეს მიაწერენ და აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ქალაქის დაბომბვა იქ ცხოვრებას სახიფათოს ხდის. მიუხედავად ახალი სიძნელეებისა, Sky News-ის სტატიაში ნახსენები ადამიანების უმრავლესობა გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ უკრაინულმა მხარემ ხერსონის საკუთარი კონტროლის ქვეშ დაბრუნება მოახერხა. სტატიაში ნახსენები პირველი რეპსონდენტი იულია ხომჩუკი, რომელმაც თებერვალში აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო, ბავშვი ქალაქის განთავისუფლების შემდეგ გააჩინა და აღნიშნავს, რომ იგი ბედნიერია რომ მისი შვილი “ნამდვილი უკრაინელია, რომელიც ყოველგვარი ოკუპაციის გარეშე დაიბადა.” ლეონიდ ბოროვსკის, რომლის საცხოვრებელი სახლი რუსული ბომბების შედეგად დაზიანდა, ჰკითხეს, ღირდა თუ არა რუსული შეტევების გაძლება გათავისუფლების ფასის გადახდად, რაზეც მან უპასუხა, რომ “ერთი მხრივ, კი, მეორე მხრივ არა.” თუმცა, იქამდე აღნიშნა, რომ “თავისუფლება ძვირად ფასობს.” ვიქტორია ტუპიკონენკომ Sky News-ს  უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ქალაქს დაბომბვის გამო ტოვებდა, ტკივილი თავისუფლების ფასად მაინც ღირდა: “თავისუფლება, დიახ! ჩვენ უნდა გავმაგრდეთ!”


ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist