როგორ იყენებს კრემლი „ევროპულ სივრცეს“ პროპაგანდისტული თამაშის მოსაგებად

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

share cover
236
VIEWS

2018 წლის 23 თებერვალს ლიტვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ (Radio and Television Commission of Lithuania ) რუსული სახელმწიფო ტელეარხ РТР Планета-ს მაუწყებლობა 12 თვით შეუჩერა. მანამდე РТР Планета -ს ლიტვაში მაუწყებლობა 2- ჯერ შეუჩერეს.

რუსული ტელევიზიები ლიტვაში საბჭოთა კავშირის დაშლიდან 27 წლის შემდეგაც კი მოქმედებენ. მათ სტაბილური აუდიტორია ჰყავთ, რომელიც ძირითადად ადგილობრივი რუსულენოვანი და პოლონურენოვანი უმცირესობებისაგან შედგება და მათ მიზიდვას მაღალი ხარისხის გასართობი და კულტურული პროგრამების მეშვეობით ახერხებენ. ამგვარი პრაქტიკა მისაღები იქნებოდა, რომ არა აღნიშნული არხების მიერ თავიანთი მაყურებლებისთვის არა მხოლოდ გასართობი და კულტურული კონტენტის, არამედ  პროპაგანდის “მიყიდვაც”.

ევროპასა და აშშ-ში საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისეთი საინფორმაციო არხები, როგორებიცაა  RT (Russia Today) და „სპუტნიკი“, კრემლის აგრესიული და რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკის დამატებითი ინსტრუმენტები არიან. თუმცა, ისინი ლიტვის საინფორმაციო სივრცისთვის გამოწვევას არ წარმოადგენენ, რადგან უბრალოდ პოპულარულები არ არიან. რეალური საფრთხე ლიტვისთვის რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი იმ ტელეარხებიდან მომდინარეობს, რომლებიც სპეციალურად ბალტიურ ბაზარზე არიან ადაპტირებული. ადაპტირება ძირითადად გულისხმობს რუსული რეკლამის ადგილობრივი რეკლამებით ჩანაცვლებას. გარდა ამისა, აღნიშნული არხების პროგრამები იმეორებენ ორიგინალი რუსული არხების პროგრამებს. საიდუმლო არაა არც ის, რომ რუსეთში სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ტელეარხები კრემლის მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება. ისეთი ცნობილი ტელეწამყვანები კი, როგორებიც დმიტრი კისელიოვი და ვლადიმირ სილოვიოვი არიან არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობით ჟურნალისტები ვუწოდოთ, რადგან  ისინი სახელმწიფო პროპაგანდის რუპორები არიან.

რეტრანსლირების აკრძალვა

რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი რამოდენიმე ტელეარხის ტრანსლირება დროებით ლიტვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ ააკრძალა. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც არხი ლიტვურ კანონმდებლობას არღვევს. აღნიშნული საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული პროპაგანდის თემატიკასთან. ლიტვის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, აზრის გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის გავრცელება შეუთავსებელია ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებთან, როგორებიცაა:

„ეროვნული, რასობრივი, რელიგიური ან სოციალური სიძულვილის გაღვივება. ძალადობის ან დისკრიმინაციის წახალისება, ასევე ცილისწამება და დეზინფორმაცია“.

ხანდახან რუსული ტელეარხები ამ წესებს არღვევენ. გადაწყვეტილება მაუწყებლობის დროებითი შეწყვეტის შესახებ მიიღება  გამოძიების და კომისიის მიერ სასამართლოში შეტანილი საჩივრის განხილვის შემდგომ.

მაუწყებლობის დროებითი აკრძალვა პირველად  ლიტვაში 2013 წელს, ტელეარხ PBK-ის (Первий Балтийский канал) წინააღმდეგ გამოიყენეს. მიზეზი ერთ-ერთ სატელევიზო შოუში „ადამიანი და კანონი“, საბჭოთა ხელისუფლების ტყუილის გაჟღერება გახდა, რომლის თანახმად 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი არა საბჭოთა ჯარისკაცების,  არამედ ლიტვის ეროვნული მოძრაობის სნაიპერების ქმედებების შედეგი იყო. სინამდვილეში, 14 მშვიდობიანი მოქალაქე 1991 წლის 13 იანვრის ღამეს საბჭოთა რეგულარული ჯარების და სპეცრაზმის მიერ რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის შენობისა და ტელევიზიის კოშკის შტურმით აღებას შეეწირა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა.

რუსული არხების მაუწყებლობის დროებითი ან სამუდამო შეწყვეტა განსაკუთრებით გახშირდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და შესაბამისად კრემლის პროპაგანდისტული აქტივობების ინტენსიურობის მატების  შემდეგ . 2014 წელს 3 თვით აიკრძალა ტელეარხების РТР Планета და NTV Mir-ის მაუწყებლობა. РТР Планета -ს სამთვიანი აკრძალვა 2016-2017 წელსაც შეეხო. 2017 წელს მაუწყებლობა ორჯერ შეუწყდა არხ TVCI-საც. 2018 წელს РТР Планета-ს მაუწყებლობა 1 წლით შეუჩერდა.

2017 წელს, ლიტვას მხარი დაუჭირა ევროკომისიამ, რომლის განცხადებაში აღინიშნა რომ, სიძულვილის გაღვივების გამო ტელეარხ РТР Планета -ს მაუწყებლობის დაბლოკვის შესახებ გადაწვეტილება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან. ანალოგიური მხარდაჭერა ლიტვის მიმართ ევროკომისიამ 2018 წელსაც გამოხატა.

ტელევიზია საზღვრების გარეშე

იდეა საზღვრების გარეშე ტელემაუწყებლობის შესახებ ახალი არაა და კორელაციაშია ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპთან ერთიანი ბაზრის შესახებ. ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენცია (The European Convention on Transfrontier Television) 1989 წელს იქნა მიღებული და საფუძვლად დაედო ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის (ევროკავშირი) მიერ იმავე წელს მიღებულ დირექტივას  „ტელევიზია საზღვრების გარეშე“. უკვე ევროკავშირის ფარგლებში, დირექტივა 2007 წელს „აუდიო-ვიზუალური მედია სერვისებზე“ დირექტივით ჩანაცვლდა,  რომელიც მოგვიანებით 2010 წელს კიდევ ერთხელ შეიცვალა. დირექტივა და კონვენცია ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლის დაცვაზეა ორიენტირებული. კონვენცია ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნისათვის იყო განკუთვნილი.

ორივე დოკუმენტის ძირითადი არსი ინფორმაციის თავისუფალ გაცვლაში მდგომარეობს, რაც ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, თუმცა ის შეიძლება მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პირობებში სისუსტედაც იქცეს. ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციას კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს საკუთარი საინფორმაციო სივრცე სხვა მაუწყებლებისთვის მიუწვდომელი დატოვოს. მეორეს მხრივ, კრემლი  ამგვარ საკანონმდებლო შეუსაბამობებს (legal loopholes) ევროპის საინფორმაციო სივრცეში საკუთარი მტრული აქტივობებისთვის იყენებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი კითხვა ამ გვითარებაში მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უნდა შეჩერდეს კრემლის პროპაგანდა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაზიანების გარეშე.  ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ერთგვარი ამოცანა უნდა იყოს არა მხოლოდ ლიტვისა და ბალტიის დანარჩენი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად დასავლეთისთვის. აღნიშნული გამოწვევაზე პასუხისთვის, დასავლეთს დემოკრატიული ფასეულობების შენარჩუნების პარალელურად, ევროპულ საინფორმაციო სივრცეში კრემლისტური პროპაგანდის და დეზინფორმაციის ნაკადის გასაკონტროლებლად, ეფექტიანი გზების პოვნა სჭირდება.

ვიქტორ დენისენკო
ვილნიუსის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ფაკულტეტის ლექტორი.

"

მასალა მომზადებულია ლიტვური ორგანიზაციის, პოლიტიკის ანალიზის ვილნიუსის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების ხელშეწყობას (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელების გზით, თანამედროვე გადაწყვეტების მეშვეობით.  პროექტს ახორციელებს პოლიტიკის ანალიზის ვილნიუსის ინსტიტუტი და დაფინანსებულია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist