როგორ გააშუქა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია საბჭოთა და უცხოურმა მედიამ?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

539
VIEWS

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში ცენზურა და კონტროლი შემცირდა, კრიტიკულ სიტუაციებში მედია მაინც მიკერძოებულად მოქმედებდა და თითოეულ მნიშვნელოვან ამბავს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აშუქებდა. ეს ქმედება ერთი მხრივ ინფორმაციის შინაარსის შეცვლას ან, მეორე მხრივ, ანტისაბჭოთა გამოვლინებების მკაცრი დაგმობისა და კრიტიკის გამოქვეყნებას მოიცავდა. წინა პერიოდებთან შედარებით ამ დროში პრესა უკვე ვეღარ/აღარ მალავდა რაიმე კონკრეტულ მოვლენას, რომელიც მიუღებელი იყო სსრკ ხელისუფლებისთვის.

იმის სადემონსტრაციოდ რომ საბჭოთა კავშირში, “ღიაობისა” და “პერესტროიკის” მიუხედავად, გარკვეულ საკითხებში კვლავ ცენზურა მოქმედებდა, 9 აპრილის მოვლენების გაშუქება ნათელი მაგალითია. თუმცა იმ პერიოდის პრესა ასევე იმის მანიშნებელიცაა, რომ ცენზურა ნელ-ნელა უკვე შემცირებას იწყებდა და ჟურნალისტების ქმედებები გარედან ნაკლებად კონტროლდებოდა.

9 აპრილის მასობრივ დემონსტრაციას და აქციის დარბევას წინ ყოველდღიური გამოსვლები უსწრებდა. თავდაპირველად მომიტინგეები აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა შემდგომში მოთხოვნები გაიზარდა და ის ძირითადად საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობაზე ორიენტირდა.

1
თბილისი, 1989 წლის 9 აპრილი

საბჭოთა ქართული პრესა 9 აპრილის ტრაგედიაზე

  • 9 აპრილამდე გამოქვეყნებული სტატიები

საბჭოთა პრესა აღნიშნულ ამბებს ჯერ კიდევ 6 აპრილიდან აქვეყნდებდა. ამ თემაზე საუბარი არც 9 აპრილის შემდგომ შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოვლენების დროს (განსაკუთრებით მიტინგები) ხშირად ინფორმაცია სრულიად დამალული იყო, ამ შემთხვევაში საბჭოთა მედია უფრო მეტად აქციის კრიტიკაზე და მომიტინგეთა დამცირებაზე გადავიდა.

6-9 აპრილის საგაზეთო სტატიები შესაძლებელია ორო მიმართულებით კლასიფიცირდეს:

  1. მომიტინგეთა შეურაცხყოფაზე ორიენტირებული;
  2. აღმზრდელობითი ხასიათის სტატიები.

აღნიშნულ დღეებში განსაკუთრებით გაზეთი “თბილისი’ აქტიურობდა. 6-7 აპრილს მის გვერდებზე სტატია სახელწოდებით “მიტინგი თბილისში” გამოჩნდა, რომელიც რეალურად არ მალავდა, თუ რა ხდებოდა აქციაზე და რატომ იყვნენ დემონსტრანტები შეკრებილი.

4 აპრილს თბილისში გაიმართა ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა ხალხმრავალი უსანქციო მსვლელობა, რომელიც გადაიზარდა მიტინგში მთავრობის სახლთან. შეკრებილებმა შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. 5 აპრილს მიტინგი გრძელდებოდა” – გაზეთი თბილისი, 6 აპრილი, 1989 წ.

მსგავსი ტიპის ინფორმაცია ასევე 7 აპრილსაც გამოქვეყნდა, თუმცა ვინაიდან და რადგანაც აფხაზეთზე ორიენტირებული დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე ორიენტირდა, პრესამ მაშინვე დაიწყო აქციის და მისი მონაწილეების გაკრიტიკება. 7 აპრილის სტატიაში უკვე ნათლად ჩანდა, რომ საბჭოთა მედია გამომსველელების გზავნილებს არ იწონებდა:

“ამ საერთო სულისკვეთებას, ვფიქრობთ, არ ემთხვევა ზოგიერთი ანტისაბჭოთა ლოზუნგი და მოწოდება, რომლებსაც მიტინგის მონაწილენი წარმოთქვამენ”

2

“მიტინგი თბილისში” – გაზეთი თბილისი, 1989 წლის 7 აპრილი.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

პრესა არ წუხდა იმაზე, რომ ქართველები აფხაზეთის შესაძლოს სეპარაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. პირიქით, გაზეთებში იყო დაპირება, რომ საბჭოთა კავშირი (რესპუბლიკის მმართველები) ამ საკითხს გადაჭრიდა და პრობლემას მოაგვარებდა:

“გაუმართლებელია ყველაფერი, რამაც დაარღვია დედაქალაქის ნორმალური ცხოვრება… [საქართველოს სსრ-ის მმართველი ჯგუფი] ყველანაირად ცდილობს [პრობლემის] მოგვარებას” – გაზეთი თბილისი, 8 აპრილი, 1989 წ.

პრესასა და სახელმწიფოში გაბრაზებას მხოლოდ ერთი ფაქტი იწვევდა: აქციაზე გამოხატული ანტისაბჭოთა და ამავე დროს ეროვნული სულისკვეთებით დატვირთული გზავნილები.

აღნიშნული იქიდანაც ჩანს, თუ რა ტერმინოლოგიას იყენებდა პრესა შეკრებილი ადამიანებისთვის:

“გვმართებს ზომიერება”, “მოვუწოდებ სიდინჯისკენ”, “ამ საერთო სულისკვეთებას… არ ემთხვევა ზოგიერთი ლოზუნგი”

აღსანიშნავია, რომ 8 აპრილის სტატიაში ისიც იყო აღნიშნული, რომ მომიტინგეებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნება უფრო ადრეულ წლებში ,სავარაუდოა, რომ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.

3

მცირედ კრიტიკასთან ერთად ამ დღეებში აღმზრდელობითი სტატიებიც გამოქვყნდა, რომლებიც შეფარულად ხალხს დაშლისკენ მოუწოდებდა, რადგან ხელისუფლება ისედაც ყველა პრობლემას მოაგვარებდა. ერთ-ერთი ამგვარი სტატია გაზეთ “თბილისში” შემდეგნაირად დასათაურდა: “გვმართებს ზომიერება, სიდინჯე”, მასში ხალხთა (განსაკუთრებით მასწავლებლების და მოსწავლეების) ქცევა და აღელვება იყო გაკრიტიკებული და სტატიის ავტორი მათ სიდინჯისკენ მოუწოდებდა.

  • 9 აპრილის დღეს გამოქვეყნებული სტატიები

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი 9 აპრილის დღეს გამოქვეყნებულ სტატიებს არ ინახავს, თუმცა სტატიების სავარაუდოდ თავის დროზე არ დაბეჭვდის მიზანი უცნობია.

  • 9 შემდგომ დღეებში გამოქვეყნებული სტატიები

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, 9 აპრილის ამბავზე სტატიები არც ტრაგედიის შემდგომ არ შეწყდა. ამ შემთხვევაშიც პრესა ძირითადად კრიტიკასა და ჭკუის სწავლებაზე იყო ორიენტირებული.

გაზეთმა კომუნისტმა დემონსტრაციას სხვადასხვა სტატიები მიუძღვნა:

პრესამ გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ აქციებზე უფროსი თაობის ხალხს (სავარაუდოდ ანტისაბჭოთა ინტელიგენციას) აქციებზე ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები ჰყავდა გამოყვანილი. კომუნისტის სტატიის ავტორი ასეთ ახალგაზრდებს “ექსტაზში შესულს” უწოდებს და მათ მკაცრად აკრიტიკებს:

სხვათა რჩევა — ბავშვებს მაინც ნუ აიყოლიებთო არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებმა არაფრად ჩააგდეს და მიაღწიეს იმას, რომ ქუჩებში მოეწყოთ ექსტაზში შესულ მეხუთე-მეექვსე კლასელთა გაუთავებელი სვლა მათთვის გაუგებარი ლოზუნგებითა და შეძახილებით. ნორჩებმა არც კი იცოდნენ ხეირიანად როგორი საქართველოსკენ მოუწოდებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები.” – გაზეთი კომუნისტი, 16 აპრილი, 1989 წ.

სტატია იმასაც არ მალავს, რომ 9 აპრილის მასობრივ დაემონსტრაციას მსხვერპლი და კომენდანტის საათი მოჰყვა, თუმცა ძირითადად ამ ტრაგედიას აქციის მონაწილეებს აბრალებდა და მათ “მოხულიგნო ელემენტებს” უწოდებდა.

მსგავსი ტიპის გზავნილები გავრცელდა 10 აპრილს გაზეთ თბილისის გვერდებზე. სტატიის ავტორი აქაც ბრალს დებს აქციის სულისჩამდგმელებს, რომ მათ ახალგაზრდები მიზნის მისაღწევად გამოიყენეს, რასაც მათი და მათი მშობლების მსხვერპლიც კი მოჰყვა. აქციის ორგანიზატორები გაზეთ თბილისის სტატიაში ასე იყვნენ მოხსენიებულები:

“უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს, რომლებმაც თავიანთი მიუღებელი, აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება” – გაზეთი თბილისი, 10 აპრილი, 1989წ.

4

გაზეთი თბილისი, 10 აპრილი, 1989წ.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აღმზრდელობით სტატიები კვლავ გაგრძელდა, რადგან აქციებზე მსხვერპლი მომიტინგეთა (ახალგაზრდების) მასწავლებლებსაც ბრალდებოდა, რამეთუ მათ ვერ შეძლეს წესიერი მოქალაქის აღზრდა.

გაზეთმა თბილისმა ამ დღეებში ასევე გორბაჩოვის ქართველებისადმი მიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ის ამოწმებს თავის პატივისცემას საქართველოსადმი, თუმცა ასევე აკრიტიკებს აქციის ორგანიზატორებსა და მომიტინგეებს:

“ყალბმა ორიენტირებმა თავგზა აუბნიეს ადამიანთა ერთ ნაწილს და დაიწყო უწესრიგობანი”.

ამ დღეებში ქართულმა პრესამ ასევე მრავალი სტატია გამოაქვეყნა წესრიგის აღდგენაზე, ხალხსა და სახელმწიფოს შორის დიალოგზე, ურთიერთობის აღდგენასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე.

5

გაზეთი “თბილისი”
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ანტისაბჭოთა ეროვნული აქციები ასევე დაგმო სპორტულმა გაზეთმა ლელომ, რომელმაც სახელმწიფოს სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

6

  • გამონაკლისი – ლიტერატურული საქართველო

სხვა გაზეთებთან შედარებით “ლიტერატურული საქართველო” ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო. 21 აპრილის სტატიაში გორბაჩოვისადმი ქართველ მწერალთა მიმართვა იყო გამოქვეყნებული, რომელიც გმობდა ძალადობას და აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულს.

7

“ლიტერატურული საქართველოს” ვრცელი სტატია, 21 აპრილი, 1989წ.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მწერლები მიმართვაში საბჭოთა კავშირის ქმედებებს აკრიტიკებდნენ. ასევე დაგმობილი იყო ის ფაქტი, თუ როგორ გადმოსცა საინფორმაციო პროგრამამ “ვრემიამ” მიმდინარე ამბები.

“რა სასაცილოდ (სატირალი რომ არ იყოს) ჩანდა მეორე დღეს გაზეთებში გამოქვეყნებული საქართველოს კომპარტიისა და მთავრობის მიმართვა საქართველოს მშრომელებისა და ახალგაზრდობისადმი. ეს იყო კიდევ ერთი ახალი დაცინვა დილის ოთხ საათზე ჩახოცილი და დაჭრილი ხალხისა, მთელი ქართველი ერისა” – გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”, 21 აპრილი, 1989წ.

სტატია ასევე კომენდანტის საათის შესახებ ინფორმაციის გვიან გამოცხადებასაც აკრიტიკებდა. ამასთანავე, საგაზეთო სტატიებში შესული იყო სხვადასხვა მწერლის კრიტიკული განცხადებებიც და მიმდინარე ამბებისადმი მიძღვნილი ლექსებიც.

სტატია 9 აპრილის მოვლენას “ბართლომეს ღამეს” უწოდებდა. მიმართვა საბჭოთა ჯარებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებდა ბრალს (იგულისხმება მომწამვლელი გაზი) და აღნიშნავდა, რომ ექიმებმა არ იცოდნენ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, ამიტომ უჭირდათ დაშავებულების დახმარება, ჯარისკაცები კი საიდუმლოს არ ამხელდნენ.

8
მიმართვაზე ხელისმომწერთა სია.

  • უცხოური პრესა 9 აპრილის ტრაგედიაზე

9 აპრილის მოვლენას სტატიები უცხოურმა მედიებმაც მიუძღვნეს.

რუსულ მედიაში ინფორმაცია ძირითადად Associates Press-ის ჟურნალისტმა ანა იმსმა გაავრცელა. ის თბილისში ჟურნალისტთა შეზღუდვების გამო 2 კვირის დაგვიანებით ჩამოვიდა. მართალია როგორც თავად On.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ვითარება იმ პერიოდში რადიკალურად განსხვავებული იყო და “ყველგან დამოუკიდებელი საქართველოს დროშები იყო გამოფენილი”, თუმცა მანამდე ის საკმაოდ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას ახერხებდა.

მისი თქმით, მართალია KGB ყველას უსმენდა, თუმცა სსრკ-ის ბოლო პერიოდში ხელი აღარ შეშლია იმაში, რომ გამოექვეყნებინა ის, რაც სურდა. ანა იმსი იყო ასევე ის ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოს ცეკას ახალ პირველ მდივანთან გადაამოწმა და დაადასტურა ის ფაქტი, რომ საბჭოთა ჯარებმა ქართველების წინააღმდეგ ნამდვილად გამოიყენეს მომწამვლელი აირი.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ასევე ამერიკულმა მედიამაც გამოაქვეყნა. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით “სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა საბჭოთა საქართველოში დემონსტრატებსა და პოლიციის შორის შეტაკებაში” განხორციელებულ მოვლენებს საკმაოდ ობიექტურად აფასებდა. სტატიაში განხილული იყო ორივე მხარის შეფასებები (მაგ. მიხეილ გორბაჩოვი და  ლანა ღოღობერიძე) და აქციის გამომწვევი მიზეზები.

9
New York Times-ის სტატია 9 აპრილის ტრაგედიაზე, 10 აპრილი, 1989წ.


 

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist