როგორ აბამს Bellingcat-ი კატას ეჟვანს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7
VIEWS

მომზადებულია Mishpasha.com-ის მასალის მიხედვით

გასულ ხუთშაბათს ცნობილმა პუტინის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, მოსკოვის მიმართულებით გაფრენამდე ჩაის მირთმევა გადაწყვიტა, თუმცა აღნიშნული ჩაი მოწამლული აღმოჩნდა და ნავალნი ამჟამად ბერლინში კომაში იმყოფება.

ამ მოვლენამ დიდი განგაში გამოიწვია ყველასთვის, ვინც კარგად იცნობს კიდევ ერთ გახმაურებულ მოწამვლის ფაქტს, რომელიც 2018 წელს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელდა.

ამჟამად ყველას ყურადღება ბრიტანეთის ერთ პატარა ქალაქში მდებარე წყნარი გარეუბნის სახლისკენაა მიპყრობილი, რომელშიც ელიოტ ჰიგინსი ცხოვრობს, ადამიანი, რომელმაც შესაძლოა რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დანაშაულები უფრო ეფექტიანად გამოავლენოს, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა სპეცსამსახურებმა.

ნავალნის მოწამვლის ფაქტს ჰიგინსი საკმაოდ მშრალად გამოეხმაურა ტვიტერზე და მხოლოდ ასეთი კომენტარი გააკეთა: “რუსი ოპოზიციონერები ტრაგედიას უეცრად განიცდიან ხოლმე”.

ჰიგინსი არც ჰაკერია და არც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი. სინამდვილეში, მისი საქმიანობის ყველაზე სათანადო აღწერა დაზვერვა და გამოძიებაა. საკუთარი სახლიდან გაუსვლელად, როგორც თავად აღწერს “მოქალაქე ჟურნალისტმა” ჰიგინსმა, გამოააშკარავა სირიის ომის დანაშაულებები, გამოავლინა სეპარატისტები, რომლებმაც 2014 წელს უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდეს, და, ასევე, რუსული სამხედრო დაზვერვის, GRU-ს დაქირავებული მკვლელები. ყოველგვარი ფორმალური სადაზვერვო მომზადების, უცხო ენების უნარებისა თუ კონფლიქტურ ზონებში ვიზიტების გარეშე, ოფიციალური ბიუჯეტის გარეშეც კი, ჰიგინსი მხოლოდ საკუთარ ლეპტოპს, მონაცემთა ანალიზსა და დიდ მოთმინებას ეყრდნობა.

“მთელ მსოფლიოში ადამიანები აზიარებენ უზარმაზარი რაოდენობის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ მედიაში და ეს ტოვებს კვალს ინტერნეტში. მაშინაც კი, თუ მათ წაშლას ეცდებიან, კვალი მაინც რჩება, ხოლო ღია წყაროების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად Google Earth და გეოლოკაციის მსგავსი მეთოდებით, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, ზუსტად სად იყო ეს ფოტოები გადაღებული და გამოვააშკარაოთ ცრუ მტკიცებულებები,” – განმარტავს ჰიგინსი. ამ ციფრული კვალის გამოძიება თავდაპირველად მხოლოდ ჰობი იყო, თუმცა ჰიგინსმა იგი დაზვერვისა და გამოძიების ახალ შესანიშნავ დარგად გარდაქმნა, რომელიც ცნობილია როგორც OSINT, იგივე, გამოძიება ღია წყაროებზე დაყრნობით, რომლის ტექნიკების შესწავლის სურვილსაც უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები გამოთქვამენ.

სირიის ომის დანაშაულების გამოძიებით დაწყებული ჰიგინსის პირადი ბრძოლა მალევე საგამოძიებო ვებ-გვერდ Bellingcat-ის შექმნაში გადაიზარდა, რომელიც მკვლევარებისა და ღია წყაროების ენთუზიასტების არმიას მოიცავს. ვებ-გვერდის სახელი ეზოპეს იგავის მიხედვით ეწოდა, რომელშიც თაგვების ჯგუფი გადაწყვეტს, რომ კატის შეჩერების ერთადერთი გზა მისთვის ყელზე ზარის შებმაა, რაც თაგვებს მისი მოახლეების შესახებ ამცნობდა, თუმცა ამ საქმის გაკეთებას ყველა ერიდებოდა. Bellingcat იმისთვის შეიქმნა, რომ მანკიერი ქმედებები გამოააშკარავოს, სადაც არ უნდა იყოს ჩადენილი ისინი. დროთა განმავლობაში Bellingcat იმ ყველაფრის სამიზნე გახდა, რასაც რუსული დაზვერვის სუნი ასდის.

რუსულ დაზვერვასთან კატა-თაგვობანას თამაში ახალგაზრდა ელიოტ ჰიგინსს, ალბათ, არასდროს წარმოედგინა, თუმცა მისი კომპიუტერისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. არცაა გასაკვირი, 2012 წლამდე იმის გაანალიზება, რომ ვიღაცას შეეძლო მაღალი დონის საგამოძოებო ოპერაცია მხოლოდ ლეპტოპის დახმარებით ეწარმოებინა, არარეალისტური იყო. ელიოტის გლობალური პოლიტიკით დაინტერესებამ შედეგად მოიტანა ის, რომ 2011 წელს ლიბიაში მუამარ კადაფის წინააღმდეგ აჯანყებამ მას გეოლოკაციით ფაქტების გადამოწმებაში პირველი გამოცდილება შესძინა, როცა ლიბიის ამბოხებულების მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ქალაქის აღების ვიდეოკადრებს Google Earth-ის, გეოლოკაციისა და სატელიტური სურათების შედარებით ადგენდა, თუ რეალურად სად იყო გადაღებული ზემოაღნიშნული ვიდეო. შედეგად, როცა უკვე 2012 წელს სირიის სამოქალაქო ომი მწვავდებოდა, ჰიგინსს უკვე ჰქონდა მოვლენებზე დაკვირვებისა და ფაქტების გადამოწმების საწყისი გამოცდილება. იგი იყო პირველი, რომელმაც სირიის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ინგლისურად გამოაქვეყნა. ის ასობით YouTube არხს აკვირდებოდა და პირველმა გამოავლინა ასადის რეჟიმის კასეტური ბომბების, ანტი-საჰაერო რაკეტებისა და ასევე, ქიმიური იარაღის გამოყენება. ძალიან მალე მის მიერ მოძიებული ინფორმაცია დიდმა მედია საშუალებებმაც გამოიყენეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ გამოცდილებისა, 2014 წლამდე ჰიგინსისა და მისნაირი კომპიუტერის ენთუზიასტი ადამიანების ჯგუფისთვის აღნიშნული საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ჰობი იყო.

“კატისთვის ზარის შებმა”

აღმოსავლეთ ევროპის თავზე მომხდარი ავია კატასტროფა ჰიგინსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატების ეტაპი გახდა, როცა მან და მისმა ჯგუფმა მალაიზიური MH17-ის ჩამოგდება გამოიძიეს. კატასტროფიდან ერთი კვირის ვადაში Bellingcat-მა ჩამოაყალიბა საგამოძიებო ჯგუფი და სოციალური მედიაში რუსული ანგარიშების მიერ გავრცელებული ინფორმაციებისა და პოსტების საფუძველზე, მათ მიაკვლიეს იმ ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემას, რომელმაც MH17-ის ჩამოაგდო და დაადგინეს, რომ აღნიშნული რუსული წარმოების BUK-ის სისტემაა. ინფორმაცია, რომელიც ჰიგინსის გუნდმა გამოძიებას მიაწოდა, მიმდინარე სასამართლო საქმეში მეამბოხეების წინააღმდეგ მტკიცებულებად იყო გამოყენებული. ამის შემდგომ, Bellingcat-ის პროფესიონალიზმი რუსეთის შფოთის საგანი გახდა. საპასუხოდ, რუსებმა ჰიგინსის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის აგორება დაიწყეს, მათ შორის ბრალდებების, თითქოს Bellingcat არც მეტი, არც ნაკლები დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის MI6-ის საინფორმაციო ომის დეპარტამენტია. გარდა ამისა, 2015 წელს რუსებმა დაჰაკეს მათი იმეილები, რამაც Bellingcat-ის გუნდისთვის იმის ნიშანი იყო,  რომ პუტინის უსაფრთხოების სპეცსამსახურებმა მათ წინააღმდეგ ბრძოლა სერიოზულად დაიწყეს. როგორც აღმოჩნდა, “ისინი წარმატებით ახერხებდნენ კატისთვის ყელში ზარის შებმას და ეს კატას სულაც არ მოსწონდა”.

Bellingcat-ის წარმატებული საქმიანობა 2018 წლის სკრიპალების მოწამვლის დროსაც გაგრძელდა. თავად ჰიგინსის თქმით, ისინი საქმეში მაშინ ჩაერთვნენ, როცა ორმა ეჭვმიტანილმა პრო-რუსულ RT-ს ინტერვიუ მისცეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ სალისბერიში ორჯერ ქალაქის შთამბეჭდავი კათედრალის სანახავად ჩავიდნენ. როცა ჰიგინსმა საჯაროდ გამოააშკარავა და ამოიცნო დამნაშავეები, Bellingcat გეოპოლიტიკური შტორმის ცენტრში აღმოჩნდა. სწორედ მაშინ რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში რამდენჯერმე დაგმო კიდეც ამ ორგანიზაციის საქმიანობა და მას ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის დეპარტამენტობა დააბრალა.

მანამდე, 2017 წელს Bellingcat-მა შეძლო, გამოეაშკარავებინა, რომ რუსეთმა კომპიუტერული თამაშის მეშვეობით სამხილები გააყალბა, თითქოს  აშშ  ISIS-ს ეხმარებოდა.

აღნიშნულმა მაღალპროფილურმა მხილებებმა Bellingcat საავიაციო და სადაზვერვო თავსატეხების ბუნებრივ ადრესატად აქცია. შედეგად, როდესაც უკრაინული ავიალაინერი თეირანის თავზე აფეთქდა, Bellingcat-მა სწრაფად მოახერხა, გეოლოკაციით გაერკვია ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში მდებარეობა, რომელშიც ნათლად ჩანდა ჰაერში თვითმფრინავის აფეთქება.

საინტერესოა, რომ Bellingcat-ის “დამსახურებით” რუსულ უსაფრთხოების სამსახურებში გამკაცრდა ზომები. მაგალითად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯარისკაცებს აუკრძალეს სოციალური მედიის გამოყენება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ახლა მიუწვდომელნი არიან. როგორც ჰიგინსი აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ინტერნეტიდან ინფორმაციას ვიღებთ, ვშლით, ის მაინც ტოვებს გარკვეულ წარუშლელ კვალს.

Bellingcat-ის დამფუძნებლის თქმით, წარმატების ფაქტორი მათ საქმიანობაში არის ერთი ჩვეულებრივი ლეპტოპი და ღია წყაროებით საგამოძიებო საშუალებები (ფოტოებში მცირე დეტალების შედარება, Google Earth-ის გამოყენება, გეოლოკაცია, სოციალური მედიის პოსტები და ა.შ.), თუმცა უმთავრესია დრო, შეუპოვრობა და მოთმინების უნარი.
ჰიგინსი იმედოვნებს, რომ მისი და Bellingcat-ის საქმიანობის წარმატება ბიძგს მისცემს ღია წყაროებზე დაყრდნობით გლობალური საგამოძიებო ქსელის შექმნას, რომელიც მსოფლიოში ფარულ საიდუმლოებებს გამოამჟღავნებს.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist