1 ივლისს PostTV-ის ფეისბუქ გვერდზე ფრანგულ გამოცემა Resistance Republicaine-ის მიერ ფრანგ პოლიტიკოსა და ევროპარლამენტის წევრის რაფაელ გლუკსმანისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სტატიის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. იგივე ინფორმაცია “იმედის” ეთერშიც გაშუქდა და ვიდეო არხის ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა. მედიასაშუალებების მიხედვით, ფრანგული გამოცემა აცხადენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხგავსად გლუკსმანიც ციხეში უნდა იჯდეს, პუბლიკაციაში კი სააკაშვილის დანაშაულებიცაა მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ ფრანგული გამოცემის ამ სტატიის შესახებ ინფორმაცია “იმედმა” ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა, თუმცა ამჟამად აღნიშნული მასალა გვერდზე აღარ იძებნება.
გლუკსმანის შესახებ სტატია ფრანგულ გამოცემაში 26 ივნისს გამოქვეყნდა. იქამდე 24 ივნისს გლუკსმანი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთ ხალხს ევროკავშირის წევრობა ასე არ დაუმსახურებია. უფრო ადრე ღარიბაშვილმა “გლუკსმანის შეკვეთილი” უწოდა ცნობილ ფრანგულ გამოცემაში Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელსაც შემდეგი სათაური ჰქონდა “საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს.”
“მითების დეტექტორმა” ის ფრანგული გამოცემა შეისწავლა, რომელსაც სახელისუფლებო სამთავრობო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები რაფაელ გლუკსმანისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დროს დაეყრდნენ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ
- Resistance Republicaine ფრანგული ისლამოფობიური ვებ-გვერდი და ორგანიზაციაა;
- ამჟამად ვებ-გვერდის რეგისტრაციიას ადგილი ისლანდიაა, ხოლო IP მისამართი მოსკოვში მდებარეობს;
- გამოცემის რედაქტორი ქრისტინ ტასინია, რომელიც კიდევ ერთი ღიად ისლამოფობიური გამოცემის Riposte laïque-ის დამფუძნებელთან პიერ კასენთან ერთად ანტიისლამურ აქციებს მართავს.
Resistance Republicaine-ის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გამოცემის რედაქტორის პოზიციას Christine Tasin-ი იკავებს.
ტასინი ამ გამოცემის გარდა, ამავე სახელწოდების მქონე ანტიისლამურ მოძრაობასაც ხელმძღვანელობს. ტასინისა და კიდევ ერთი ანტიისლამური ორგანიზაციისა და გამოცემის Riposte laïque-ის ორგანიზებით, 2010 წელს პარიზში ისლამოფობიური აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უმეტესად მუსლიმებით დასახლებულ ქუჩებში ტასინმა და მისმა თანამოაზრეებმა ღორის ხორცი და ღვინო მიიტანეს და მუსლიმებისგან ქუჩების დაბრუნებას ითხოვდნენ. 2019 წელს ტასინი ლონდონის ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამართლების გამო გაასამართლეს. 2017 წლის ივნისში რამადანის ლოცვის დროს მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ტასინი შემთხვევის შესახებ წერდა, რომ თავდასხმა ტერორიზმის ან ისლამიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გამოცემა პარიზში გენერალ ლეკლერკის გამზირზე მდებარეობს.
ვებ-გვერდის შესახებ მოძიებული ინფორმაციით, ის 2019 წელს შეიქმნა და ამჟამინდელი რეგისტრაციის ადგილი ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკია, ხოლო IP მისამართი მოსკოვში მდებარეობს.
საიტის საარქივო სქრინშოტები 2020 წლის 11 ოქტომბრიდან ადასტურებს, რომ ამ პერიოდიდან დომეინის resistancerepublicaine.com ქვეშ ნამდვილად აღნიშნული გამოცემა არსებობდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ პერიოდში რეგისტრაციის ადგილად პანამა იყო მითითებული.
აღსანიშნავია, რომ ამავე სახელწოდებისა და ლოგოს მქონე ბლოგი წარსულში WordPress-ის პლატფორმაზე ფუნქციონირებდა, ბლოგზე გამოქვეყნებული ბოლო მასალა 2011 წლის 9 მარტით თარიღდება.
საინტერესოა ისიც, რომ გამოცემის რედაქტორი ტასინი პიერ კასენთან ხშირად თანამშრომლობს. კასენი ღიად ისლამოფობიური გამოცემის Riposte laïque-ის დამაარსებელია.
ამ გამოცემის ვებ-გვერდი ვიზუალურად Resistance Republicaine-ის ამჟამინდელ ვებ-გვერდს ჰგავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Riposte laïque-ს IP მისამართი ასევე მოსკოვში ფიქსირდება, ხოლო საიტის რეგისტრაციის ადგილი ჟენევაა.
ორივე ისლამოფობიური გამოცემა რაფაელ გლუკსმანს წარსულშიც აკრიტიკებდა. მათ შორის იმის გამოც, რომ ჩინეთის მიერ მუსლიმი უიღურების გენოციდს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა.
Resistance Republicaine არქივი – https://archive.is/F6iar
PostTV-ის არქივი