15 თებერვალს კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდმჭერმა ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “მესხეთის შვილი” გავრცელა ვიდეო, რომელიც, მასზე დატანილი წარწერის მიხედვით, თურქეთის მოქალაქემ გააზიარა და რუსულად დააწერა, რომ ბათუმი თურქეთს ეკუთვნის (არქივი).
ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ Tik-Tok ანგარიში, რომელმაც ვიდეო რუსული წარწერით გაავრცელა, თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის. ერთ-ერთ კომენტარში ის წერს, რომ აფხაზია.
როგორ გავრცელდა ვიდეო Tik-Tok-ზე?
ვიდეო, რომელიც, ფეისბუქ-ანგარიშის მტკიცებით, თურქმა მომხმარებელმა გაავრცელა, Tik-Tok-იდან არის აღებული. მასზე დატანილი წარწერების მიხედვით, თავდაპირველად ვიდეო გამოქვეყნდა ანგარიშზე, რომელსაც “natali.newlife4” ჰქვია. Tik-Tok-ის მომხმარებელს ბათუმის შესახებ მრავალი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. კადრები, რომელზეც შემდეგ წარწერები შეცვალეს, natali.newlife4-მა 7 თებერვალს გააზიარა და დააწერა – “გზა ბათუმიდან”, “ბათუმი, საყვარელი ქალაქი”.
შემდეგ, აღნიშნული ვიდეო შეცვლილი წარწერით გაავრცელა Tik-Tok ანგარიშმა, რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს: “Батум Это Турция” (“ბათუმი თურქეთია”). კადრებს, რომელსაც თავდაპირველად “გზა ბათუმიდან” ეწერა, წარწერა აქვს გადაფარული და “თურქული ბათუმი” აწერია.
მომდევნო დღეებში ვიდეო წარწერით “თურქული ბათუმი” ქართულენოვანმა Tik-Tok ანგარიშმა “qartveliqartveli” გამოაქვეყნა და დაამატა წარწერა: “ვიღაც თურქს უდევს ეს ვიდეო, ბათუმი თურქეთიაო, გენეტიკური მტერი არ მოისვენებს, არა”.
რა ვიცით ანგარიშზე, რომელიც წერს, რომ ბათუმი თურქეთია?
ანგარიშს, რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს, რომ ბათუმი თურქეთს ეკუთვნის, რუსულენოვანი მომხმარებელი მართავს. ვიდეოების აღწერებსა და კომენტარებში ის რუსულად წერს. 2023 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარებში ავტორი წერს, რომ აფხაზია.
ანგარიშზე პირველი ვიდეო 2023 წლის 13 აგვისტოს იძებნება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეხება. აღსანიშნავია, რომ ვიდეო დეზინფორმაციულია – რეალურად, კადრები ჯო ბაიდენის თვითმფრინავის კიბეებიდან დაგორებას არ ასახავს.
მომდევნო ვიდეოებს ანგარიში თან ურთავს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშას, ასევე, აზიარებს რუსი პოლიტიკოსების, მათ შორის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გამოსვლებს, რომლებშიც აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობაზე საუბრობს. Tik-Tok ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების დიდი ნაწილი ანტიდასავლური, ჰომოფობიური შინაარსის არის და, ზოგიერთ შემთხვევაში, ქართველ აქტივისტებსა და თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს ასახავს (1;2;3;4).
აღსანიშნავია, რომ Tik-Tok ანგარიშის მიერ 2023 წლის 11 თებერვლამდე გამოქვეყნებული ყველა ვიდეო ოკუპირებული აფხაზეთის, ოკუპირებული ცხინვალის, უკრაინისა და რუსეთის შესახებ არის. 2023 წლის 11 იანვარს გაზიარებული კადრები კი ბათუმს ასახავს და მასზე დატანილია წარწერა: “ბათუმი, თურქეთი, სილამაზე”. იმავე დღეს ანგარიშმა პროფილის ძველი ფოტო ბათუმის ფოტოთი განაახლა. ბოლო (19.02.2023) მონაცემებით, ანგარიშის მთავრ ფოტოზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის ფრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვხედავთ.
შესაბამისად, ღია წყაროებით არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანგარიში, რომელმაც აღიშნული ვიდეო გამოაქვეყნა, თურქია. სხვადასხვა დროს ის აზიარებდა ოკუპირებული აფხაზეთის, ოკუპირებული ცხინვალისა და რუსეთის შესახებ ვიდეოებს, ასევე, ყველა ვიდეოს რუსულენოვან აღწერებს ურთავს და სხვა მომხარებლებთან კომუნიკაცია რუსულ ენაზე აქვს, ერთ-ერთ კომენტარში კი თავად წერს, რომ აფხაზია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.