რას ვუწოდებთ “ევროპულ ღირებულებებს” და რამდენად მისაღებია ისინი ქართული ეროვნული ტრადიციისათვის?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

555555555
1.1k
VIEWS

მერაბ ღაღანიძე

ევროპული ცივილიზაცია, რომელიცსაუკუნეთა განმავლობაშიყალიბდებოდა დაყალიბდება, რამდენიმეგანსაკუთრებული თვისებითხასიათდება. პირველყოვლისა, აღსანიშნავია სწორედ ესუწყვეტობა და დაუსრულებლობა: ევროპაში არაფერია, რაც არ იცვლებოდეს და რისიგააზრებაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე ხელახლა არ ხდებოდეს. ამ ცივილიზაციას მსჭვალავს მუდმივი დაუშიშარი სწრაფვა განახლებისაკენ, მოვლენათა ახალი ან ახლებური დაწყებისაკენ.

მაინც, ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება ღირებულებებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, სწორედმისი ქვაკუთხედია. ამათგან განსაკუთრებით გამოიყოფა სამი რამ: ადამიანური პიროვნების უპირობოღირებულება, პიროვნების მხრივ საზოგადოების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის განცდა და საკუთარითავის მუდმივი შეცნობა შეეჭვების, დაეჭვების, ანუ, საზოგადოდ, კრიტიკული მიდგომა-დამოკიდებულებისგზით.

პირველი: ცალკეულ პიროვნებას უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ფასი ედება, ვიდრე – საზოგადოებას, კრებულს, თემს, სახელმწიფოს. საქმე ისაა, რომ როცა ერთმანეთს შეეჯახება, ერთმანეთს დაუპირისპირდება, ერთი მხრივ, ერთეული, ანუ ინდივიდუალური ადამიანი და, მეორე მხრივ, კოლექტივი, ამ დროს უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა კოლექტივს. არის გამონაკლისებიც: ვთქვათ, გარემოებები, როცა ინდივიდს მორალურად მოეთხოვება, კოლექტივის ინტერესების გამო, უარი თქვას საკუთარ, პირად, პიროვნულ სურვილებზე (მაგალითად, ომის შემთხვევაში, მტრის თავდასხმისას, როცა საფრთხე ემუქრება ქვეყანას თუ ახლობლებს) ან კიდევ ისტორიული შემთხვევები, როცა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ცალკეული ადამიანისა, განსაკუთრებით, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიაში (მაგალითად, ჰიტლერული ნაციონალ-სოციალიზმი ან მუსოლინის ფაშიზმი, თუმცა მანამდე ამგვარი ტოტალიტარისტული სწრაფვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის ხანიდან). ყოველი პიროვნების განსაკუთრებული, გამორჩეული ღირებულების კანონიერ დაცვას – თავისი განსხვავებულობისა და საკუთარი არჩევანის გამოხატულების გათვალისწინებით – საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოფს როგორც, ზოგადად, ძალაუფლების შტოთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ისე (და საგანგებოდ) სამართალი, ანუ სასამართლო, რომელიც ცალკეული ადამიანის ინტერესებს უჭერს მხარს თუნდაც ხელისუფლების, თუნდაც კერძო ხელისუფლის შემოტევის წინაშე. ეს სამართალი სათავეს იღებს რომის სამართლიდან, რომელიც ევროპის ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე სახეს იცვლის, ტრანსფორმირდება უმეტესწილად ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისითა და მიმართულებით. ევროპული სასამართლო ის საუკუნოვანი დაწესებულებაა, სადაც საკუთარი თავის, პირადი ღირსებისა თუ პირადი საკუთრების დაცვა პიროვნებას შეუძლია მაშინაც კი, თუკი იგი ხელისუფლების აგრესიულ გამოვლინებათა პირისპირ აღმოჩნდება, და ამ მდგომარეობაშიც მას არ ტოვებს განცდა იმისა, რომ მისი პირადი ხელშეუხებლობა დაცულია.

მეორე: პიროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის გვერდით და სწორედ მისი განსაკუთრებული ფასის გამო, ევროპულ ღირებულებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოლიდარობის გრძნობას, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გაცნობიერებას. ამ დამოკიდებულებაში იგულისხმება ადამიანთა ერთიანობის ცოცხალი შეგრძნება და არანაირად განდგომა საზოგადო ინტერესებიდან, ანუ მონაწილეობა, აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ, სათემო, საკრებულო ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში ადამიანი იცავს საკუთარ თავს, როგორც მთლიანობის წევრს და, ამავე დროს, იცავს კოლექტივს, რადგან მასში გრძნობს საკუთარი პიროვნების, საკუთარი მეობის გამოვლინების საუკეთესო საშუალებას. ამგვარი დამოკიდებულებიდან იღებს სათავეს, – ცხადად გაცნობიერებულ საზოგადოებრივ მოვალეობათა გარდა, – ისიც, რაც შემდგომში, საუკუნეების განმავლობაში, ჯერ გულმოწყალების, შემდგომ კი ქველმოქმედების სახით ჩამოყალიბდა ევროპულ ტრადიციაში.

მესამე: საუკუნეების განმავლობაში ევროპა ყოველთვის კრიტიკულია საკუთარი თავისა თუ საკუთარი მონაპოვრის მიმართ და მუდმივად განსჯის წარსულის დანატოვარს, ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავლის გეზს. ევროპის ისტორიაში ძნელად მოიძებნება პერიოდი, როცა იქ მოსახლე ადამიანები თავიანთ იმწუთიერ მდგომარეობას სანიმუშოდ მიიჩნევდნენ, ან როცა საზოგადოებას მიღწეულის გამო თვითკმაყოფილება მსჭვალავდა. აღსანიშნავია, რომ ეს დამოკიდებულება, კერძოდ, დღევანდელობის მიმართ მუდმივი დაეჭვების განცდა, მუდმივი ძიება ადამიანის კერძო ცხოვრებისა თუ საზოგადოების უკეთესად მოსაწყობად, გამოხატულია როგორც ცალკეული ევროპელების ყოველდღიურ აღქმაში, ასევე ევროპის დიად მოაზროვნეთა მსოფლმხედველობაში. ცნობილია სარწმუნო თვალსაზრისი, რომ ვერავინ ვერასოდეს შეძლო, ევროპული სინამდვილის შესახებ იმაზე უფრო მწვავე და უფრო შეურიგებელი კრიტიკა გამოეთქვა, როგორც ეს თავად ევროპელებმა შეძლეს. შესაბამისად, ეს კრიტიკული დამოკიდებულება, – გამოვლენილი დაუღალავ ხელახალ გადასინჯვასა და გადაფასებაში, ასახული ცოდნისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგში, – ევროპული ცივილიზაციისა და ცნობიერების განუყოფელი, საფუძველმდები ნაწილია. აქედან გამომდინარე, ამ ღირებულებას ეყრდნობა ევროპელთა მუდმივად შემართული მზადყოფნაც და რისკის გამორჩეული უნარიც ახლის დასაწყებად თუ ახლის შესაქმენლად.

გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ცივილიზაციის საწყისები და თვისებები სათავეს ანტიკურ სამყაროში იღებს, – ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში, – და ეს სამყაროც თავისთავად გაჯერებული იყო ძველი აღმოსავლეთის გამორჩეული მიღწევებით კულტურისა თუ ცივილიზაციის განსხვავებულ სფეროებში, მაინც ევროპული ღირებულებები, როგორც ის ადრეც წარმოჩნდებოდა და ახლაც წარმოჩნდება, ქრისტიანული სულისკვეთების ნაყოფი და შედეგია.

ისიც აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, ქრისტიანობაც აღმოსავლეთიდან მოსული მოძღვრებაა, ნასაზრდოები აღმოსავლეთის არაერთი კულტურითა და იდეური წყაროთი. ამდენად, ევროპული ცივილიზაცია თავისთავად მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებიდან იკვებებოდა და არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი მხოლოდ საკუთარ თავში, მით უმეტეს, ბოლო საუკუნეების განმავლობაში, როცა ევროპის ფარგლებიც და თვალსაწიერიც უკიდურესად გაფართოვდა. მაგრამ მაინც, თითქმის ორი ათასწლეულის განმავლობაში ქრისტიანობა განაპირობებდა ევროპის სახესაც და, შესაბამისად, ევროპულ ღირებულებებსაც. არცერთ სხვა რელიგიას, ფილოსოფიას თუ მსოფლმხედველობას არასოდეს მიუნიჭებია ისეთი ფასი და მნიშვნელობა ცალკეული ადამიანის პიროვნებისათვის, როგორიც მას ქრისტიანობამ მიანიჭა; მხოლოდ ქრისტიანობამ მიიჩნია, რომ სხვა ადამიანის სამსახური, დახმარება, მხარდაჭერა, თემის სხვა წევრის საზრუნავის საკუთარ საზრუნავად გათავისება არა მხოლოდ რელიგიური მოვალეობაა, არამედ ადამიანის ღმრთაებრივი დანიშნულებაც, რითაც, ფაქტობრივად, ღმრთისათვის პატივის მიგების, ანუ ღმრთის მსახურების ერთადერთ ფორმად ადამიანის მსახურება გამოცხადდა; ქრისტიანობამ დაამკვიდრა, – ადამიანის სასრულობის, დასაზღვრულობისა და სისუსტის გათვალისწინებით, – საკუთარ ქმედებათა, მიღწევათა, მონაპოვართა ყოველდღიური, ყოველწუთიერი, განუწყვეტელი განსჯა თუ შეფასება, და კიდევ მეტი: საკუთარ თავში ან საკუთარ ნამოქმედარში უფრო ნაკლისა თუ მანკის მონახვა, ვიდრე კეთილისა თუ საამაყოს შემჩნევა, რაც, შესაძლოა, ფუჭი კმაყოფილების საბაბი გახდეს. ამასთანავე, ქრისტიანობამ უმეტეს დანაშაულად (ცოდვად) და სხვა დანაშაულთა წყაროდ საკუთარი თავით ტკბობა, თვითმოწონება, სხვაზე აღმატების განცდა („ამპარტავნება”) დასახა, ხოლო ადამიანის შეფასება მხოლოდ რომელიმე ჯგუფისადმი მისი კუთვნილების მიხედვით სრულიად მიუღებელ და არაქრისტიანული დამოკიდებულების გამოვლინებად აღიარა.

რაც შეეხება, კერძოდ, ქართულ კულტურას და ევროპული ღირებულებების შეფარდებას ქართულ ტრადიციულ ღირებულებებთან, საკითხის გააზრებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქართული ეროვნული ტრადიციის ცენტრალური ტექსტის – „ვეფხისტყაოსნის” – გახსენება.

პოემის მთელი ტექსტის მანძილზე საგანგებოდაა გამოხატული უსაზღვრო და უპირობო პატივისცემა პიროვნების განუმეორებლობის მიმართ: ნაწარმოების პერსონაჟები ერთმანეთისაგან მკვეთრად გამოირჩევიან და ერთმანეთისათვის სწორედ ამიტომ არიან ფასეულნი; მიუხედავად იმისა, რომ უმთავრესი გმირები არისტოკრატიულ ფენას მიეკუთვნებიან, მათთვის ასევე ძვირფასია უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლებიც (ვთქვათ, ნესტანის დამოკიდებულება ფატმანის მიმართ ან ავთანდილის ნდობა, რომელსაც იგი შერმადინს უცხადებს). „ვეფხისტყაოსანში” ცხადად იგრძნობა, რომ ადამიანი, განსხვავებათა მიუხედავად, თავისთავად იმსახურებს პატივისცემას და მისი არსებობა თავისთავადაა მნიშვნელოვანი.

„ვეფხისტყაოსნის” წამყვანი თემაა გმირთა თავდადება, თავგანწირვა სხვა ადამიანების მიმართ, მიუხედავად იმისა, რამდენად ეთანხმებიან ისინი ერთმანეთს. ამ მხრივ, სრულიად სხვადასხვანაირი ხასიათები ავთანდილისა და ტარიელისა ხელს არ უშლის ერთ მათგანს თავი გადადოს, თვით საკუთარი ინტერესებიც კი უარყოს მეორის დასახმარებლად, მისთვის სოლიდარობის აქტის – მხარდაჭერის აღმოსაჩენად; მოვალეობის გაცნობიერება ჩნდება უცნობი ადამიანის მიმართაც კი, რასაც თინათინი გამოხატავს, როცა პირად სიხარულზე მაღლა დააყენებს უნახავი ტარიელის დახმარებას. ამავე დროს, ცხადია თავგამეტების ის უნარი, საზოგადო საჭიროებისათვის პირადი პასუხისმგებლობის განცდა, როცა პიროვნების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულების გამოვლინება აუცილებელი გახდება ქვეყნისათვის, რისი მაგალითიცაა ტარიელის ბრძოლა, რაკი მან იცის, რომ თანამემამულეების კეთილდღეობას განსაცდელი დაემუქრა მომხდურის სახით და ამ შემთხვევაში იგი თავს არ დაზოგავს სამშობლოს მტრების დასამარცხებლად.

პოემის მოქმედებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა დადგება მაშინ, როცა ნაწარმოების მოქმედი გმირები საკუთარი საქციელის შეფასებას დაიწყებენ და საკუთარ ქმედებათა მიმართ კრიტიკულნი გახდებიან. ტარიელი და განსაკუთრებით ნესტანი ჩასწვდებიან თავიანთი გაუაზრებელი გადაწყვეტილების ფასს, მით უმეტეს, გადაწყვეტილებისა, რასაც უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. მხოლოდ საკუთარი თავის თვითგაცნობიერებით, საკუთარი წარსულისა თუ საკუთარი აწმყოს განსჯით მოიპოვებენ ეს გმირები ფიზიკურ და პიროვნულ თავისუფლებას: ერთი მათგანი თავს დააღწევს ტყეს, ხოლო მეორე – ტყვეობას. შესაძლოა ითქვას, რომ ნესტანის გამოხატული სინანული ამ პერსონაჟის და, ზოგადად, „ვეფხისტყაოსნის” გადამწყვეტი მიღწევაა.

ამდენად, რუსთველისათვის უეჭველად ცხადი და მნიშვნელოვანი ყოფილა ის ღირებულებანი, რაც თანდათანობით, საუკუნეების განმავლობაშიჩამოყალიბდა ევროპული ღირებულებების სახით თუ სახელით.

რაც შეეხება ქართული კულტურის უფრო მახლობელ წარსულს, ეროვნული ღირებულებათა ძიებისას სასარგებლო იქნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი მემკვიდრეობის, კერძოდ, მისი ეპიკური პოეზიის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშების გააზრება და შეფასება.

„ალუდა ქეთელაურში”, უწინარეს ყოვლისა, დანახული და ნაჩვენებია პიროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა, – პიროვნებისა, რომელიც უფრო ფასეულია, უფრო დასაფასებელია, უფრო მეტ პატივსა და მხარდაჭერას იმსახურებს, ვიდრე თვით საუკუნეთა განმავლობაში დანერგილი წესები თუ გადმოცემები, ვიდრე უმრავლესობის ან თუნდაც თემის ხანგრძლივი ჩვევები და დამკვიდრებული დადგენილებანი. ალუდა თუნდაც უცხოში, თუნდაც მისგან განსხვავებულში ხედავს ადამიანის განსაკუთრებულობას, რაც უზომოდ ძვირფასი ხდება მისთვის. ხოლო ამგვარი დანახვის შესაძლებლობა გარდაუვალად მოიტანა იმან, რომ იგი თავადაა დამოუკიდებელი და საკუთარი საქციელის მიმართ პასუხისმგებელი ადამიანი.„ალუდა ქეთელაურის” მსგავსად, „სტუმარ-მასპინძელშიც” წარმოჩენილია ადამიანის სრულიად თავისთავადი ღირებულება, თუნდაც იგი მოწინააღმდეგის, მტრის ბანაკს ეკუთვნოდეს. ამის დანახვა და გაცხადება ტრაგიკულად ძვირად დაუჯდება ჯოყოლას, რომელიც ამ თავისუფალი აღიარების ფასად თემის სასტიკ სასჯელსაც არ უშინდება, რაკი იგი გამორჩეულ პიროვნებას უფრო მაღლა დააყენებს, ვიდრე იმ კოლექტივს, რომელსაც ბუნებრივად ეკუთვნოდა. ღირსშესანიშნავია, რომ ქმრის გვერდით აღმოჩნდება აღაზაც, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილების შეუპოვარი ერთგულების გამო, ქმრის მსგავსად და ქმართან ერთად, თანამოძმეთა მიერ საზოგადოებრივად დაისჯება.

თავის მხრივ, „ბახტრიონში” გამოხატულია საერთო ინტერესისათვის, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანთა ერთობა, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარ პირად ინტერესებზე და საზოგადოებას იმ საფრთხეს ააცილებენ, რაც მას მტრის სახით ემუქრება. ეს ადამიანები მტკიცე და ნათელ მორალურ არჩევანს საზოგადო ღირებულებათა დასაცავად აკეთებენ.

„გველისმჭამელში” პოეტს გამოჰყავს გმირი, რომელიც მწვავედ იტანჯება მუდმივი დაეჭვებით საკუთარ გადაწყვეტილებათა გამო. პირადი და საზოგადო ცხოვრების ხელახალი გადაფასება მძიმე აღმოჩნდება მისთვის. მაგრამ მინდია არ სჯერდება ერთხელ მიღებულ დასკვნებს, არ კმაყოფილდება ერთხელ მოპოვებული პასუხებით. იგი ხელახლა სვამს ახალ ან განახლებულ შეკითხვებს საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა ტრაგიკულად ვითარდება და მთავრდება.

და ბოლოს, შესაძლოა ითქვას, რომ ევროპული ღირებულებები მაინც უპირატესად ადამიანის საკუთარ არჩევანს და ამ არჩევანის მიმართ იმგვარ დამოკიდებულებას გულისხმობს, როცა თავად პიროვნება სრულად იღებს და აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ არჩევანისა და მისი შედეგების გამო. ამგვარია ქრისტიანული ზნეობრივი მოთხოვნებიც და შეფასებებიც; ნამდვილად ამგვარი გმირები არიან რუსთველისა და ვაჟა-ფშაველას პერსონაჟებიც: ავთანდილიც და ნესტანიც, ალუდაც და ზვიადაურიც, კვირიაც და მინდიაც.

 

 

თემატიკა: იდენტობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist