რას ცვლის ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.1k
VIEWS

2023 წლის 17 მარტს საერთაშორისო თანამეგობრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამართლიანობისაკენ, რითაც ეს დღე მსოფლიო ისტორიაში შევიდა. ამ დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში – სასამართლო) მეორე წინასასამართლო პალატამ ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გამოსცა. ეს უკრაინის სიტუაციის გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელიც სასამართლომ 2022 წლის 28 თებერვალს დაიწყო, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან მე-5 დღეს.  პუტინისა და ლვოვა-ბელოვას (რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების კომისარი) დაკავების ორდერი პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მოთხოვნის საფუძველზე გაიცა. 

რა დანაშაულზე გაიცა დაკავების ორდერი? 

წინასასამართლო პალატის მიერ დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს, რომ სასამართლომ ორივე პირის ქმედებაში დაინახა დანაშაულის გონივრული ნიშნები. კერძოდ, საუბარია ომის დანაშაულზე: მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაცია და ბავშვების უკანონო გადაყვანა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში. ეს დანაშაული სასამართლოს წესდების მე-8 მუხლის 2 ა (vii)-სა და ბ (viii) პუნქტებით არის გათვალისწინებული.  ომის დანაშაული, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსა და აგრესიასთან ერთად წარმოდგენს საერთაშორისო დანაშაულებს, რომლებზეც ვრცელდება საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია. 

უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინიდან 13 ათასზე მეტი ბავშვი გაიყვანეს უკანონოდ. უკრაინის წარმომადგენლების თქმით, რუსეთს უკრაინისა და უკრაინული იდენტობის განადგურების მკაფიო გეგმა აქვს დასახული. ხოლო, ბავშვების უკანონო დეპორტაცია, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში მათი გადაყვანა, შვილად აყვანის პროცესის გამარტივება და რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭება ამის მკაფიო მაგალითებია.

დაკავების ორდერის გამოცემამდე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ბავშვების დეპორტაციის საქმე, ამ ქმედების სამართლებრივი და მორალური სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლოს თვალთახედვის არეში მოექცეოდა. თუმცა, ნაკლებად მოელოდა ვინმე, რომ სასამართლო ასეთ ორდერს უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოიტანდა. 

რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ორდერი? 

დაკავების ორდერი როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობის მატარებელი დოკუმენტია. პირველი რიგში, ეს დოკუმენტი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ის ნათელი მაგალითია პროკურორის გამბედაობისა, ვინაიდან იგი იმის მტკიცებულებაა, რომ სასამართლო არ უფრთხის მისი მთავარი ფუნქციის განხორციელებას, რაც უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულების გამოვლენასა და დამნაშავეების დასჯაში მდგომარეობს. 

გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია დანაშაულის მსხვერპლებსა და თვითმხილველებისათვისაც. ისინი უკვე ხედავენ, რომ საერთაშორისო პასუხისმგებლობის ზოგადმა ცნებამ ხელშესახები ფორმა მიიღო. 

ამასთან, სასამართლოს მიერ ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ დაკავების ორდერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ქვეყნისა და მთავრობის ხელმძღვანელები და საგარეო საქმეთა მინისტრები უცხო ქვეყანაში პერსონალური იმუნიტეტით სარგებლობენ. ეს კი, მათ პასუხისგებაში მიცემას გამორიცხავს. საერთაშორისო სისხლის სასამართლო ერთადერთი ორგანოა, ვისაც ამ დაბრკოლების გადალახვა ხელეწიფება. ალ-ბაშირის საქმეში, სასამართლოს სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ „არ არსებობს არც სახელმწიფო პრაქტიკა და არც opinio juris, რომელიც მხარს დაუჭერდა სახელმწიფოს მეთაურის იმუნიტეტის არსებობას საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.“

მართალია სასამართლოს აქამდეც გამოუცია სახელმწიფოს მეთაურების დაკავების ორდერი, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პირელად ხდება, რომ სასამართლომ ასეთი ორდერი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრისა და არაწევრ სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ გამოსცა. ეს ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ საერთაშორისო სამართლიანობაზე მაღლა არავინ დგას, ხოლო უშიშროების საბჭოს წევრობა პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებელ ფარად არ გამოდგება. 

ეს გადაწყვეტილება ასევე საგრძნობლად უმცირებს პუტინს საერთაშორისო არეალში მოქმედების თავისუფლებას. კერძოდ, ასეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსი გამორიცავს „business as usual“ პრინციპით მოქმედების გაგრძელებას.

რომის წესდების მონაწილე 123 სახელმწიფოზე ვრცელდება სასამართლოსთან სრულად თანამშრომლობის ვალდებულებაც (წესდების 86-ე მუხლი). ეს მათ ავალდებულებს ეროვნულ დონეზე შესაბამისი პროცედურების გატარებას და სასამართლოთან სათანამშრომლოდ, ყველა მოთხოვნის შესრულებას (წესდების 88-ე მუხლი). ეს კი ნიშნავს, თუ პრეზიდენტი პუტინი სასამართლოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ეს სახელმწიფო სასამართლოსთან შევა ამ პირის დაკავებისა და მისთვის გადაცემის მოლაპარაკებებში. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია პუტინის 2023 წლის აგვისტოში, პრეტორიაში BRICS-ის სამიტზე დასწრების პერსპექტივა. 

რა მოლოდინები უნდა გვქონდეს? 

ნაკლებ სავარაუდოა, უახლოეს მომავალში სასამართლომ შეძლოს და მოახერხოს პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების კომისრის ლვოვა-ბელოვას სასამართლოს წინაშე წარდგენა. თუმცა, დაკავების ორდერების ზეგავლენის არეალი გაცილებით ფართოა. ფაქტობრივად, ის პუტინის მმართველობას ლეგიტიმაციას აცლის და მას მოქმედების არეალს უვიწროვებს. დიდია ალბათობა, ამან შეამციროს მისი, როგორც საერთაშორისო დონეზე რუსეთის ინტერესების წარმომადგენლის, ეფექტურობა. ეს კი, ზეგავლენას იქონიებს მის შიდასახელწიფოებრივ იმიჯსა და მხარდაჭერაზე. 

აღსანიშნავია, რომ ამ ორდერებმა უკვე იქონიეს გავლენა რუსულ რიტორიკაზე. გაეროში რუსეთის მუდმივმა  წარმომადგენელმა 21 აპრილს TASS-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ გვინდოდა, ისინი [ბავშვები] დაგვეცვა იმ საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა სამხედრო მოქმედებებიდან გამომდინარეობდეს.“ ხოლო უკრაინაში ბავშვების დაბრუნების თაობაზე შეკითხვას მან ასე უპასუხა: „როდესაც პირობები იქნება უსაფრთხო, რა თქმა უნდა, რატომაც არა“-ო. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა უკვე იგრძნო ზეწოლა და დისკომფორტი. და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი სამართლებრივი გზის, რომელიც მას წინ ელის.


თინა გოლეთიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist