რას ემსახურება პატრიარქი კირილის იდეა რუსეთის, როგორც ანტიქრისტეს შემაკავებლის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

206
VIEWS

10 ივლისს რუსეთის პატრიარქმა კირილმა რუსეთის ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიას თავისი ხალხის, ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე უზარმაზარი სულიერი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან რუსეთი ანტიქრისტეს შემაკავებელი ერთადერთი სახელმწიფოა.

პატრიარქი კირილი: „დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის დასავლეთი, დიდი ყურადღებით და იმედით უყურებს რუსეთს, როგორც უკანასკნელ ციხესიმაგრეს. ბიბლიური თვალსაზრისით, რუსეთი ხდება ბოროტების სრული ბატონობის, ანუ ანტიქრისტეს შემაკავებელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ დროს ჩვენს ეკლესიას ეკისრება უზარმაზარი სულიერი პასუხისმგებლობა თავისი ხალხისთვის, ქვეყნის წინაშე და მთელი მსოფლიოსთვის“

პატრიარქ კირილის მიერ გაჟღერებული იდეა ახალი არაა და მას რუსეთის ექსპანსიური მისწრაფებების განხორციელებაში, დიდი ხანია, გამორჩეული ადგილი უკავია. მეთექვსმეტე საუკუნეში, ფსკოვში (რუსეთი) ბერ ფილოთეოსის მიერ ჩამოყალიბდა მოსკოვის, როგორც მესამე რომის იდეა. მის თანახმად, პირველი რომი კათოლიციზმის ცოდვის გამო დაეცა, მეორე რომი (კონსტანტინოპოლი) მუსლიმებმა დაიპყრეს და ერთადერთი ქალაქი (იდეა), რომელსაც მართლმადიდებლობის დაცვა შეუძლია, ახლა არის მოსკოვი (რუსეთი), რომელიც არის მესამე რომი. ამგვარ იდეას დასაყრდენად თავისი არგუმენტები სჭირდებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი პავლე მოციქულის მიერ თესალონიკელთათვის გაგზავნილ ეპისტოლეში მოიპოვება, უფრო სწორად კი, ამ ეპისტოლეს ფილოთეოსისეულ განმარტებაში. პავლე მოციქული წერს:  „რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო… (2 თეს. 2, 7-8).“ 

ბერძნულ ტექსტში, ფრაზა ხელის შემშლელი, შემაკავებელი, გადმოცემულია ტერმინით – Κατέχων. იმის მიუხედავად, რომ თავად პავლე მოციქული საერთოდ არ აკონკრეტებს თუ ვის ან რას გულისხმობს ამ ფრაზაში, ფილოთეოსისა და რუსული განმარტების თანახმად, მეთექვსმეტე საუკუნიდან, იგი პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთთან (მოსკოვთან). აღნიშნული იდეის თანახმად, მოსკოვმა უნდა დაიცვას და გადაარჩინოს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ, მთელი სამყარო და, აღნიშნული გადარჩენა, უმთავრესად, ზნეობრივ პრინციპებს უკავშირდება. თუ შეაკავებს მოსკოვი სამყაროს ზნეობრივად გარყვნას, შეაკავებს ანტიქრისტეს გამოჩენასაც, თუ ვერ დაიცავს მოსკოვი სამყაროს, ანტიქრისტეც მოვა. 

აღნიშნული იდეა აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთის იმპერიის პერიოდში. მან მხოლოდ საბჭოთა კავშირის ათეისტური მმართველობის დროს გადაიწია უკანა პლანზე და მის ადგილზე მარქსიზმ-ლენინიზმის იდეა დადგა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სწორედ დღევანდელი რუსეთის პატრიარქი – კირილი იყო ის ადამიანი, ვინც შემაკავებლის იდეის ხელახალ წინ წამოწევას უჭერდა მხარს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 მან ყოფილი წითელი არმიის მაღალი რანგის 5 000 ოფიცრის წინაშე აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობას პატრიოტიზმის შთაგონება და მარქსიზმ-ლენინიზმის მიერ დატოვებული სიცარიელის ამოვსება შეეძლო. როგორც რუსეთისა და სლავური მართლმადიდებელი ეკლესიების ისტორიის მკვლევარი შონ გრიფინი აღნიშნავს, ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცები (რომლებიც მალევე ყოფილ ათეისტებად იქცნენ), დარწმუნებულნი იყვნენ იმაში რაც ესმოდათ. მომდევნო სამი ათწლეულის მანძილზე, მართლმადიდებელი სასულიერო პირები ძირითად სამხედრო ცერემონიებს ესწრებოდნენ. მათ ნაკურთხი წყლით ბირთვული ბომბები, ბომბდამშენები და ტანკები აკურთხეს. სასულიერო პირებმა ასწავლეს რუს ჯარისკაცებს, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილი მოწამეობის ფორმა იყო, რითაც სამოთხეში ადგილს ინაღდებდნენ. პატრიარქმა კირილმა იგივე რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტშიც გაიმეორა და ქადაგებაში აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინასთან ომში დაიღუპებოდნენ, ცოდვები მიეტევებოდათ.

პოსტსაბჭოთა ხანაში კატეხონის (შემაკავებლის) იდეა, მჭიდროდ დაუკავშირდა რუსულ მილიტარიზაციასა და ანტიდასავლურ მიდგომებს. უფრო მეტიც, არსებობს ცნობილ რუს იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან აფილირებული  სპეციალური საიტი –  https://katehon.com, სადაც, როგორც წესი, ქვეყნდება მასალები სამყაროს აღსასრულის, ანტიქრისტეს მოსვლისა და ამ ყველაფრის „შეკავებისთვის“ რუსეთის განსაკუთრებული როლის შესახებ. 

რამდენიმე დღის წინ კირილის მიერ გაჟღერებული იდეა პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პატრიარქი კირილი ღიად საუბრობს რუსეთზე, როგორც შემაკავებელზე. ეს საუბრები კი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა მარტივ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და ომის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ ფონზე, რუსული იდეოლოგიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსული იდეოლოგიის მიმდევრები, რომლებიც რუსეთსა თუ რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინაში რუსეთი უკრაინელებს კი არ ებრძვის, არამედ მთელი სამყაროს დემონებსა და ბოროტ ძალებს, რომლებსაც რუსეთის დამარცხება მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ შემდეგ სამყარო გაირყვნას და ამ გარყვნილ და შემაკავებლის გარეშე დარჩენილ სამყაროში ანტიქრისტე გამეფდეს. სწორედ ამ იდეოლოგიის შესაბამისად, პატრიარქმა კირილმა  2022 წლის 20 ნოემბერს, თავის იუბილეზე მოსულ სტუმრებს მოუწოდა აქტიურად დამდგარიყვნენ სამშობლოს გვერდით, რომელიც „გლობალურ ბოროტებასა“ და „სამყაროსა და რუსეთის განადგურების შემძლებელ ანტიქრისტეს მოძრაობას“ ებრძვის. მისი თქმით, ანტიქრისტეს მთელი ძალები რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდნენ მიმართულნი, რადგან სწორედ დღევანდელი რუსეთი იყო ის „შემაკავებელი ძალა“ (удерживиающий), რომელიც წმინდა წერილში ანტიქრისტეს მსოფლიოში გამოჩენასთან დაკავშირებით იყო ნახსენები .

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კარგად იქნეს გააზრებული ე.წ. „შემაკავებელი“ ძალის შესახებ სწავლება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საფრთხე, რომელიც ამგვარი იდეოლოგიის გავრცელებას ახლავს თან.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist