რა ვიცით ნიკოლ ფაშინიანის ბაბუის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

63
VIEWS

26 თებერვალს გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ჩონჩხი ნიკოლ ფაშინიანის საოჯახო კარადაში” – სტატია რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემას Московский Комсомолец-ის 2020 წლის მასალის მიხედვით არის მომზადებული, რომელიც თავის მხრივ News.ru ეყრდნობა. მედიასაშუალებების თანახმად, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თავის წინაპრებზე სიმართლეს მალავს და ბაბუამისს წითელი არმიის მებრძოლად წარმოაჩენს, მაშინ როცა იძებნება ინფორმაცია, რომ ნიკოლაი ფაშინიანი უკრაინაში ნაცისტური გერმანიის მხარეს ბრძოლის დროს დაიღუპა. სტატიების თანახმად, ინფორმაცია იძებნება კიდევ ერთი ნიკოლაი ფაშინიანის შესახებ, რომელიც ნამდვილად წითელ არმიაში მსახურობდა, თუმცა გამოცემები აღნიშნავენ, რომ ნიკოლ ფაშინიანს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებიათ.

ფაშინიანი

“საქართველო და მსოფლიო” 2020 წლის სტატიაზე დაყრდნობით, ფაშინიანის ბაბუასთან დაკავშირებით, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებს. ცნობები, რომ ფაშინიანის ბაბუა ნაცისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა 2020 წელს აქტიურად გავრცელდა რუსულ მედიაში, რასაც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი განცხადებით გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო. შესაბამისად მცდარია მტკიცება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გარდა ამისა, ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია, რომელსაც მედიები ეყრდნობიან, არ ადასტურებს, რომ ფაშინიანის ბაბუა ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა. 

2020 წლის 9 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა გამოაქვეყნა ფეისბუქ-პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის ბაბუა ნიკოლ არაკელის ძე ფაშინიანი მეორე მსოფლიო ომში 138-ე  მსროლელი დივიზიის 554-ე პოლკში მსახურობდა და 1943 წელს დაიღუპა.

იმავე დღეს სომხურმა გამოცემამ Yeravn Today გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ვინ არის გმირი ნიკოლაი ფაშინიანი? მონაცემები”. გამოცემამ ვინმე ნიკოლ (ნიკოლაი) ფაშინიანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ, მეორე მსოფლიო ომის ინტერნეტ არქივში ОБД Мемориал-ზე იპოვა და აქ წარმოდგენილი მონაცემებით ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანი მეორე მსოფლიო ომის დროს მტერთან თანამშრომლობდა და დაიღუპა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მათ ნიკოლ ფაშინიანი კიდევ ერთ მსგავს არქივში Память Народа-ზე მოძებნეს, სადაც ასევე იპოვეს ნიკოლ ფაშინიანი – ოღონდ განსხვავებული მამის სახელით. გამოცემა აღნიშნავს, რომ განსხვავებული მხოლოდ მამის სახელია – გამოცემა ამ შემთხვევაში არ წერს მამის სახელს, ემთხვევა სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი.Yerevan Today აღნიშნავს, რომ ასევე ამ შემთხვევაში ემთხვევა პრემიერ-მინისტრის მიერ დაწერილი სამხედრო ნაწილი, რომელშიც ბაბუამისი იბრძოდა და Память Народа-ს მონაცემებით, ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თუმცა გამოცემა მაინც აღნიშნავს, რომ გაურკვეველია ერთსა და იმავე ადამიანზეა თუ არა საუბარი. Память Народ-ს ბმული, რომელიც Yerevan Today-ს მასალაში აქვს მითითებული, ამჟამად მიუწვდომელია.

მსგავსად გაშუქდა ინფორმაცია რიგ რუსულ წყაროებშიც. Московский Комсомолец-ის და 

News.ru-ს სტატიებშიც აღნიშნულია, რომ ფაშინიანის მომხრეები მეორე ნიკოლაი ფაშინიანზე მიუთითებენ, რომელიც არქივებში იძებნება. ცნობები, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბაბუა კოლაბორაციონისტი იყო, აზერბაიჯანულ მედიაშიც გაშუქდა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ОБД Мемориал-ზე სამი ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანი იძებნება და მისი მამის სახელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ბაბუის მამის სახელს რომც ემთხვეოდეს, მხოლოდ ამ საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რომელი მათგანი იყო ფაშინიანის ბაბუა.

ფაშინიანი

ერთ ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანზე ნამდვილად მითითებულია, რომ ის  მტერთან თანამშრომლობდა. დანარჩენი ორი კი სსრკ-ის არმიაში იბრძოდა და ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მეორე კი დაიღუპა. ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანზე, რომელიც მტერთან თანამშრომლობდა იგივე ინფორმაცია Память Народ-ზეც არის მითითებული, ამ რესურსზე ასევე იძებნება ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მესამე ნიკოლაი ვართანის ძე ფაშინიანი ამ რესურსზე არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ამ ორიდან არც ერთ არქივში არ იძებნება ნიკოლაი არაქელის ძე ფაშინიანი, ორივეგან (1,2) იძებნება ნიკოლაი არაკელის ძე ფაშნიანი. დეტალური ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ მითითებული არ არის, თუმცა ორივეგან მითითებულია, რომ ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ასევე ორივე ერთსა და იმავე დოკუმენტს ეყრდნობა, სადაც ამ ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არის აღრიცხული.

ფაშინიანი

ფაშინიანი

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერში სავარაუდოდ Пашинян Николай Аракелов წერია და პროფილზე შესაძლოა შეცდომით იყოს გადმოტანილი Пашкнян-ი.

მას შემდეგ რაც ფაშინიანის ბაბუაზე ცნობები რუსულმა მედიამ გააშუქა, მომხდარს სომხეთის პრემიერ-მინისტრის იმჟამინდელი პრესსპიკერი მანე გევორკიანი ოფიციალური განცხადებით 2020 წლის 17 მაისს გამოეხმაურა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პრემიერის მიერ 9 მაისს გამოქვეყნებული პოსტიდანვე იკვეთება ნიკოლ ფაშინიანის ბაბუის მამის სახელი არაკელი.

“ის ფაქტი, რომ წყაროდ იყო აღებული მონაცემები, რომელთა სანდოობაც დეტალურად არ იყო შესწავლილი, მიუთითებს ან დაუდევრობაზე ან ამ პუბლიკაციების მიკერძოებულობაზე. ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა ავტორიტეტულმა რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა მსგავსი სახის გადაუმოწმებელი მასალები იმ რიტორიკის გამოყენებით, რომელიც მიზანმიმართულად გავრცელდა გარკვეული წრეების მიერ წმინდა პოლიტიკური მიზნებისთვის.” – აღნიშნულია განცხადებაში. 

“საქართველო და მსოფლიო” პირდაპირ ეყრდნობა Московский Комсомолец-ის ძველ, 2020 წლის სტატიას და შესაბამისად არსად არის მითითებული, რომ ბრალდებები ფაშინიანის ბაბუის კოლაბორაციონიზმთან დაკავშირებით ოფიციალურმა წყაროებმა უარყვეს. პირიქით, სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერი გავრცელებულ ინფორმაციას არ უარყოფს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist