19 თებერვალს სოციალურ ქსელში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის შვილის დაოჯახების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფეისბუკ-გვერდები (1, 2, 3, 4) და ფეისბუკ-ანგარიშები (1 2) წერდნენ, რომ სოლოვიოვის ვაჟი დაქორწინდა. პოსტებს თან ორი მამაკაცის ქორწილის ამსახველი ფოტო ერთვის. მომხმარებლების ნაწილი (1,2,3,4) წერდა, რომ სოლოვიოვის ვაჟი მეორე რუსი პროპაგანდისტის, ელენა მიზულინას ვაჟზე დაქორწინდა.
იდენტური ინფორმაცია რუსულ და უკრაინულენოვანმა ფეისბუკ-მომხმარებლებმაც (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის ვაჟის შესახებ ფეისბუკ ანგარიშებისა და გვერდებზე (1,2) ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის ლონდონში, სამოდელო სააგენტოში მუშაობდა და “ქალის ფორმაში გამოწყობილი პოზირებდა.” ინფორმაციას თან ერთვის ფოტო, რომელზე ასხულ ადამიანს ბეწვის ქურქი აცვია და შავად შეღებილი გრძელი ფრჩხილები აქვს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ვლადიმირ სოლოვიოვის შვილის ქორწინებას არ ასახავს. რეალურად, ფოტოები 2017 წელის ოქტომბერში მექსიკის ერთ-ერთ სანაპიროზე არის გადაღებული და მასზე ამერიკელი მოდელები ტედ ნელსონი და არენ მიუსი არიან გამოსახულები.
ინტერნეტში გავრცელებულ მეორე ფოტოზე კი, არა დანილ სოლოვიოვი, არამედ უკრაინული წარმოშობის ირლანდიაში მცხოვრები მოდელი, ტომი სოლოვიოვია ასახული. ამასთან, ინფორმაცია სოლოვიოვის შვილის ბრიტანულ სამოდელო სააგენტოში მუშაობის შესახებ მტკიცებულების გარეშეა, თუმცა ის მოსკოვში მოქმედი სილამაზის სალონისთვის მოწყობილ ფოტოსესიაში ნამდვილად მონაწილეობდა.
ფოტოს საძიებო ხელსაწყო TinEye–ს მონაცემების მიხედვით, ქორწილის ამსახველი გავრცელებული ფოტო ინტერნეტში 2017 წლის ოქტომბრიდან იძებნება.
2017 წლის 16 ოქტომბერს მოდელმა ტედ ნელსონმა თავისი ქორწინების ფოტოები შემდეგ ტექსტთან ერთად გამოაქვეყნა: “მე ვარ დაქორწინებული და ამავდროულად ბედნიერი. ეს იყო საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში 9/9/17”.
ტედ ნელსონი 2017 წელს მოდელ არენ მიუსზე დაქორწინდა. მიუსი “ტვიტერიის” ანგარიშზე წერს, რომ არიზონაში, მოსიყვარულე მორმონთა ოჯახში დაიბადა, თუმცა „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის“ (LDS) წევრი 5 წლის ასაკამდე იყო, სანამ MTV-ის Spring Break-ში მოხვდებოდა. ქორწილის ფოტოები არენ მიუსის ინსტაგრამის ანგარიშზეც არის გამოქვეყნებული, სადაც მოდელი წერს: “ჩემი ოცნების ბიჭზე დავქორწინდი იმ სანაპიროზე, რომელზეც გავიზარდე. ამ წამს ცხოვრება შემაშინებლად სრულყოფილია. ველოდებით საშინელ მიწისძვრას, რომელიც ყველას დაგვხოცავს.”
-
მუშაობს თუ არა დანილ სოლოვიოვი მოდელად ლონდონში?
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის ვაჟის შესახებ ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის ლონდონში, სამოდელო სააგენტოში მუშაობდა და “ქალის ფორმაში გამოწყობილი პოზირებდა.”
აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა ყოველკვირეულმა ონლაინ გამოცემამ Newsweek-მა გადაამოწმა. Newsweek-ის გამოძიების თანახმად, ფოტოზე, რომელზედაც ერთ-ერთი მოდელი ბეწვის ქურთუკით და შავი ფრჩხილის ლაქით პოზირებდა, სინამდვილეში არა დანილ სოლოვიოვი, არამედ 18 წლის მოდელი, ტომი სოლოვიოვი იყო. Newsweek ირლანდიაში მდებარე სამოდელო სააგენტოს, NotAnotherInt-ს დაუკავშირდა, მათ დაადასტურეს, რომ ფოტოზე მათი მოდელი ტომი სოლოვიოვი იყო გამოსახული, რომელიც ვლადიმირ სოლოვიოვთან არანაირ კავშირში არ არის. აღსანიშნავია, რომ ტომი სოლოვიოვი და დანილ სოლოვიოვი ერთმანეთისგან ვიზუალურადაც განსხვავდებიან.
2023 წლის 12 თებერვალს Kyiv Post-ის სპეციალური კორესპონდენტის, ჯეისონ ჯეი სმარტის ტვიტი გავრცელდა, რომელშიც ჟურნალისტი წერდა, რომ სოლოვიოვის შვილი რუსეთში სამხედრო მობილიზაციას თავს არიდებდა და ლონდონში ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მუშაობდა. ვლადიმირ სოლოვიოვი აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა, მისი თქმით, მისი შვილი ადრე ბრიტანეთში სწავლობდა, მაგრამ ამჟამად “რუსეთის კარგ საგანმანათლებლო დაწესებულებაში” იღებდა განათლებას და “არასდროს არ გაუფორმებია კონტრაქტი ლონდონის არცერთ სამოდელო სააგენტოსთან”.
ფაქტს, რომ დანილ სოლოვიოვს მოდელობასთან გარკვეული შეხება აქვს ან წარსულში ჰქონდა, ინტერნეტში გავრცელებული რამდენიმე ფოტო ადასტურებს, თუმცა მისი ფოტოები არა ლონდონში, არამედ მოსკოვში მოქმედი ერთ-ერთი სალონის (Contora) ვებ-საიტზე იძებნება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.