რა შინაარსისაა ქრისტიანული საგალობელი Exultet და ადიდებენ თუ არა კათოლიკურ ეკლესიაში ლუციფერს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

103
VIEWS

6 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა თორნიკე დიასამიძემ კათოლიკურ ეკლესიაში გალობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, რომის კათოლიკური ეკლესია ლუციფერს ადიდებს. ნაწყვეტში გალობის დროს სიტყვა “ლუციფერი” ისმის.

Screenshot 1 2 რა შინაარსისაა ქრისტიანული საგალობელი Exultet და ადიდებენ თუ არა კათოლიკურ ეკლესიაში ლუციფერს?

გავრცელებულ ვიდეოში სასულიერო პირები IV საუკუნით დათარიღებულ ქრისტიანულ საგალობელს Exultet-ასრულებენ. კომპოზიციაში სიტყვა “ლუციფერი” (lucifer) ზედსართავი სახელის, სინათლის მომტანის, მნიშვნელობით სააღდგომო კანდელთან და იესო ქრისტესთან მიმართებითაა გამოყენებული.

“მითების დეტექტორი” საგალობლისა და მასში გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  მღვდელ-მონაზონ ლეონიდე ებრალიძეს დაუკავშირდა. გთავაზობთ მის განმარტებით სტატიას აღნიშნულ საკითხზე:

აღნიშნული ვიდეო არის  სააღდგომო ლიტურგიის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომლის დროსაც  დიაკვნები სააღდგომო საგალობელს  „Exultet” ასრულებენ.

ძველად ეს საგალობლები გრძელ პერგამენტებზე იწერებოდა. მათ დიაკვნები კითხვისას  შლიდნენ. „Exultet-ის” ასეთი პერგამენტები  X-XI საუკუნეებიდან არის შემორჩენილი და   ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეულ ნიშნებს წარმოადგენს. გარდა ლათინურისა, არსებობს რამდენიმე ბიზანტიური, ბერძნული ხელნაწერიც, რომელიც  ხსენებულ ტექსტს  შეიცავს და XI საუკუნით თარიღდება.

ამ ლიტურგიული კომპოზიციის ტექსტი  IV საუკუნეშია შექმნილი. ზოგიერთი მკვლევარი მის ავტორად ნეტარ ავგუსტინეს მოიაზრებს, რომელიც ეკლესიის მამა და წმინდანია, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ეკლესიებისათვის. მიიჩნევა, რომ რომაულ სააღდგომო ლიტურგიაში „Exultet-ის” გამოყენება პაპმა ზოსიმემ, V საუკუნეში განაჩინა.

რაც შეეხება უშუალოდ იმ მონაკვეთს, რომელიც ვიდეოშია ასახული, აქ დიაკვანი  კომპოზიციის ბოლო ნაწილს ლათინურ ენაზე გალობს. ეს ნაწილი სააღდგომო კელაპტრის კურთხევას ეძღვნება (ეს კელაპტარი რომაულ ლიტურგიულ ტრადიციაში ასევე IV საუკუნიდან ჩნდება, ის  იესო ქრისტეს სიმბოლოა, რომელმაც, ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, თავისი აღდგომით ბნელში მყოფებს მოგვფინა ნათელი). დიაკვანი უფალს სთოხვს აკურთხოს და შეიწიროს ეს სააღდგომო კელაპტარი და შემდეგ ტექსტს წარმოთქვამს:

„გევედრებით, შენ, უფალო,
რათა შენი სახელის სადიდებლად შემოწირულმა ამ კელაპტარმა
გაფანტოს ამ ღამის სიბნელე,
და დაგვიცვას მიუაჩრდილებლად.
კეთილსურნელებად შეიწირე
და შერთე ზეციურ სინათლეებს,
რათა მისი ნათება შეხვდეს ცისკრის ვარსკვლავს (lucifer matutinos),
იმ ცისკრის ვარსკვლავს (lucifer), რომელიც არასდროს ჩაესვენება,
ანუ, შენს ძეს იესო ქრისტეს,
რომელიც მობრუნდა უკან სიკვდილის მეუფებიდან,
გამოაბრწყინვა მშვიდობის ნათელი კაცთა მოდგმაზე
და ცოცხლობს და მეფობს, უკუნითი უკუნისამდე“. 

როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს ქრისტიანული შინაარსით სავსე პატრისტიკულ ტესქტთან. გაურკვევლობას იწვევს ლათინური სიტყვა lucifer, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ბოროტების კერძო სახელი, არამედ არის პირველი კლასის ზედსართავი სახელი და ნიშნავს სინათლის მომტანს.

ცნობილია, რომ სატანა დაცემამდე იყო ნათლის ანგელოზი – ანუ ლათინურად lucifer (შდრ. ისაია 14:12). დაცემის შემდეგ ნათლის ანგელოზი იქცა სიბნელედ, მას აღარ ეწოდებოდა ნათლის ანგელოზი, ან სინათლის მომტანი – lucifer. ბიბლიის ლათინური თარგმანის გავლენით სწორედ ამ ზედსართავიდან შუასაუკუნეების ლიტერატურაში “ლუციფერი” ბოროტის კერძო სახელად და დამკვიდრდა და  ერთგვარი ომონიმი გაჩნდა.

ამ ერთი სიტყვის ორმაგი დანიშნულების გასააზრებლად საკმარისია ჩავიხედოთ ლათინური ენის ლექსიკონში და ვნახოთ სხვაობა პირველი კლასის ზედსართავ lucifer-სა და მამრობითი სქესის მეორე დეკლინაციის არსებით სახელ Lucifer-ს შორის.

შესაბამისად, მარტივია დავასკვნათ, რომ Exultet უძველესი ქრისტიანული ლიტურგიული კომპოზიციაა, რომელიც ზედსართავ lucifer-ს სააღდგომო კანდელთან და იესო ქრისტესთან მიმართებით სინათლის მომფენის მეტაფორის შინაარსით იყენებს და არა როგორც დაცემული ანგელოზის კერძო სახელს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist