რა მოგვატყუა “ქართულმა ოცნებამ” ბრიფინგზე და რას წერს ვენეციის კომისია რეალურად?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

5.4k
VIEWS

21 მაისს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სალომე ქურასბედიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა განიხილა, რომელიც “ქართული ოცნების” ინიცირებული “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს შეეხება. ქურასბედიანმა კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, თითქოს:

  • ვენეციის კომისიამ ამ დასკვნით, ნაცვლად დოკუმენტების სამართლებრივი შეფასებისა, ქუჩის აქციები შეაფასა პოლიტიკურად;
  • ენჯეოებისა და მედიის გამჭვირვალობის საკითხს არადემოკრატიული უწოდა;
  • ვერ წარმოადგინა ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რაც დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს;
  • რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან შედარებისას მსჯელობა სამართლებრივად არ დაასაბუთა.

ra mogvatqhua qarthulma otsnebam briphingze da ras tsers venetsiis komisia realurad რა მოგვატყუა “ქართულმა ოცნებამ” ბრიფინგზე და რას წერს ვენეციის კომისია რეალურად?

სტატიაში გთავაზობთ სალომე ქურასბედიანის გაკეთებული განცხადებების ანალიზს, რომლებიც მცდარი ან მანიპულაციური ხასიათისაა.

დეზინფორმაცია: “ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა”

მტკიცება, რომ ვენეციის კომისიამ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოში მიმდინარე აქციების შეფასება გააკეთა, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნაში აქციებზე საუბარია მხოლოდ ქვეთავში “ფონი და კონტექსტი”, სადაც აღწერილია კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენები, მათ შორის აქციები. თავად კომისია ამ მოვლენების შეფასებას არ აკეთებს და მას მოყვანილი აქვს საქართველოს სახალხო დამცველის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მაგალითად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და გენერალური მდივნის, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გაკეთებული განცხადებები.

მსგავსი ქვეთავი, სადაც ვენეციის კომისიის მიერ განსახილველ დოკუმენტთან დაკავშირებული გარემოებებია აღწერილი, იძებნება კომისიის თითქმის ყველა დასკვნაში. მაგალითად, მიმდინარე წლის 18 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ესპანეთში ამნისტიის თაობაზე ერთ-ერთი ქვეთავი ასევე აღწერს კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ამნისტიის ინიციატივას უკავშირდება.

დეზინფორმაცია: “ვენეციის კომისიამ დასკვნის 31-ე , 62-ე , 83-ე და 99-ე პარაგრაფებში ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოვთხოვოთ…ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია!”

ასეთი განცხადება ვენეციის კომისიის დასკვნაში არ გვხვდება. რეალურად, კომისია წერს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის გაზრდას შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზნები როცა ეს ეხება სამოქალაქო წესრიგის დაცვას, განსაკუთრებით უცხოური ჩარევის გამოვლენას ისეთ სენსიტიურ პროცესებში როგორიცაა არჩევნები ან პოლიტიკური მოძაობები, ასევე ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების გამოსავლენად, თუმცა, ამ მიზნების ფარგლები უნდა განიმარტოს ვიწროდ. მაგალითად მოყვანილია უნგრეთის შემთხვევა, სადაც მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ასოციაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს დისკრიმინაციულად და ამისათვის მიღებული ზომები უნდა იყოს პროპორციული და მკაცრად აუცილებელი. ამ კუთხით, კომისიას პრობლემურად მიაჩნია ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონში ტერმინთა ფართო განმარტებები და დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობის და არა-დისკრიმინაციულობის დემოკრატიულ სტანდარტებს.

რაც შეეხება კონკრეტულ პარაგრაფებს:

31-ე პარაგრაფში ნათქვამია რომ დონორების იდენტობის და დაფინანსების წყაროების გასაჯაროების მკაცრი ზომები გამართლებულია პოლიტიკური პარტიების ან ისეთი ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც ლობისტური საქმიანობით არიან დაკავებული.

69-ე პარაგრაფში ნათქვამია, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კარგი საჯარო მმართველობის აუცილებელი კომპონენტებია, თუმცა ეს ეხება არა კერძო ასოციაციებს, არამედ საჯარო სექტორს, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და დემოკრატიული ფუნქციების აღრსულებაშია ჩართული, მაგალითად პოლიტიკურ პარტიებს.

83-ე პარაგრაფში კომისია ახსენებს მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ასოციაციების დაფინანსების შესახებ, სადაც კომისიამ განასხვავა შესაბამისი სახელმწიფო სტუქტურების წინაშე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება და საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება. კომისიის შეფასებით სახელმწიფო სტუქტურების წინაშე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება, ხოლო საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება – არა. ასევე აღნიშნულია, რომ ანგარიშის ჩაბარება არ უნდა იქცეს ისეთ ტვირთად, რაც ორგანიზაციის საქმიანობას ხელს შეუშლის.

ხოლო 99-ე პარაგრაფში კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებისათვის რეგისტრაციის, ანგარიშის ჩაბარების და სანქციების სპეციალური რეჟიმის შემოღებაზე, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს რეგისტრაციის და ანგარიშის ჩაბარების შესაფერის ზომებს და ხაზგასმულია, რომ ხელისუფლება ვერ ხსნის, თუ რატომ არ არის ეს ზომები საკმარისი გამჭვირვალობისთვის. კომისია ხელისუფლებას ურჩევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებენ რატომაა არსებული კანონმდებლობა არასაკმარისი, შეიტანოს მასში ცვლილებები ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.

კომისიის დასკვნით, კანონი ძირს უთხრის ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობას და სანდოობას, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმები და მუდმივი ზედამხედველობა ხელს შეუშლის მათ საქმიანობას და ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანიზაციების არსებობას. კომისიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სტიგმატიზაციას ექნება გამყინავი ეფექტი და საბოლოოდ გამოიწვევს იმ ასოციაციებისა და მედიის გაჩუმებას და გაქრობას, რომლებიც შემოსავლის თუნდაც მცირე ნაწილს იღებენ უცხოეთიდან. კომისია აღნიშნავს, რომ ეს მაღალი ალბათობით შეეხება მთავრობისადმი კრიტიკულ ორგანიზაციებსა და მედიას, რაც გავლენას მოახდენს საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე და დემოკრატიაზე. დასკვნის სახით კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს აღნიშნული კანონი, რადგან ის ფუნდამენტურად ხარვეზიანია და უარყოფითი გავლენა ექნება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, საჯარო საკითხებში ჩართულობაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე, საჯარო განხილვების არსებობაზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

დეზინფორმაცია: “ყველა ის ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას.”

კომისიის დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა იმის განმარტება, თუ რატომ არ არის საკმარისი მოქმედი კანონმდებლობა გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის.

კომისიამ დასკვნაში ჩამოთვალა არაერთი სამართლებრივი ინსტრუმენტი რომელიც არასამათავრობო და მედია ორგანიზაციების რეგისტრაციას და ფინანსების გამჭვირვალობას არეგულირებს. დასკვნაში ჩამოთვლილია სამოქალაქო კოდექსის, საგადასახადო კოდექსის, მაუწყებლობის შესახებ კანონის, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ლობიზმის შესახებ კანონის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის პრევენციის შესახებ კანონების ის მუხლები, რომელთა გამოყენებით ხდება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების რეგისტრაცია და რომელიც მათ სახელმწიფოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას ავალდებულებს, მათ შორის დასაქმებულთა და მათი ხელფასების შესახებ და ასევე დონორების გრანტების და პროექტების ფინანსური გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

კომისიის მოსაზრებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკვე არსებობს საგარეო და ფინანსთა სამინისტროების მიერ მართული ელექტრონული ბაზა, სადაც ორგანიზაციებს მოხალისეობრივად შეჰყავთ ინფორმაცია უცხოური გრანტების და პროექტების შესახებ. კომისიის დასკვნაში ჩამოთვლილია რამდენიმე გზა, რომელიც ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს ასოციაციების მეტი გამჭვირვალეობის მისაღწევად, მათ შორის სპეციალური საგადასახადო წესების შემოღება ან უცხოური ფინანსების სპეციფიკურ საბანკო ანგარიშებში გადარიცხვა. კომისია ხაზს უსვამს, რომ არსებობს განსაკუთრებით პრობლემატური ზომები, მათ შორის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება, რა დროსაც მთავრობას ეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა დაასაბუთოს, რომ ასეთი ზომები ნამდვილად საჭიროა. მიღებული ზომები უნდა გამომდინარეობდეს გადაუდებელი საჭიროებიდან და არა ჰიპოთეტური საფრთხიდან და იცავდეს პროპორციულობის პრინციპს. კომისიამ კანონპროექტისათვის დართულ განმარტებით ბარათზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მსგავსი გამართლება ამ შემთხვევაში არ არსებობს და არ არის მოყვანილი კონკრეტული საფრთხეები და რისკები, რომელიც ამ კანონის მიღებას გაამართლებდა. კომისიის ინფორმაციით, არ ჩატარებულა რისკების შესაბამისი შეფასება და შესაბამისად ხელისუფლებას არ წარმოუდგენია იმის დასაბუთება, თუ რა საჭიროებიდან გამომდინარეობს ამ კანონის მიღება.

მანიპულაცია: “კომისია აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს. თუმცა ამ საკითხის დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა ამის შესახებ საერთოდ აღარ არის წარმოდგენილი”

ეს მტკიცება მანიპულაციურია, ვინაიდან მართალია კომისია არ შედის დეტალებში, თუ რა მსგავსებაა ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონსა და რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებს შორის, თუმცა ვრცელი სამართლებრივი მსჯელობა არის განვითარებული იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს კანონი აცდენილი საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის დაცვის კუთხით. კომისიას მოყვანილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთსა და უნგრეთში მსგავსი კანონების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონებში მოყვანილი მოთხოვნები და შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმები დისკრიმინაციული და გაუმართლებელია.

ასევე, კომისიამ მოიყვანა არგუმენტები, თუ რატომ არ არის ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი იმ კანონების მსგავსი, რომლებიც განმარტებით ბარათშია ჩამოთვლილი – კონკრეტულად კი აშშ-ში და ისრაელში მოქმედი კანონების. მაგალითად, აღნიშნულია რომ ამერიკული FARA არ ითვალისწინებს ორგანიზაციების რეგისტრაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, ისრაელის კანონის შემთხვევაში კი კანონი რეგისტრაციას ავალდებულებს უცხოეთის სახელმწიფოს ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული ინსტიტუტისგან დაფინანსების მიმღებებს (როდესაც ეს დაფინანსება შემოსავლის 50%-ზე მეტია), საქართველოს შემთხვევაში კი უცხო ძალის განმარტება ბევრად ფართოა და ყველა უცხოელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მოიცავს (ბევრად დაბალია ზღვარიც, როს შემდეგად სავალდებულო ხდება რეგისტრაცია, შემოსავლის 20%).

კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, თითქოს შედარებითი ანალიზი ჩატარდა აშშ-ს, ავსტრალიის და ისრაელის კანონების გათვალისწინებით, თუმცა საჯარო ან საერთაშორისო ინსტიტუტებთან ან ექსპერტებთან კონსულტაციების ნაწილში მითითებულია, რომ არავითარი კონსულტაცია არ ჩატარებულა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist