რა მიზეზებმა განაპირობა რუბლის გამყარება და გაძლიერდა თუ არა რუსეთის ეკონომიკა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

338
VIEWS

2022 წლის 14 მაისს ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემა “სტუდია 8”-ის ეთერში რუსეთის ეკონომიკისა და რუბლის კურსის შესახებ ისაუბრეს. წამყვანმა გიორგი კასრაძემ განაცხადა, რომ რუბლი ისტორიულ ნიშნულზეა მისული და სანქციების მიუხედავად გამყარებულია.

გიორგი კასრაძე, ობიექტივი: “რუსეთის ეკონომიკა გაძლიერდა ამ პერიოდში. ამ სანქციების მიუხედავად, რუბლი ისტორიულ სიმყარის დონეზეა მისული. 69,5 რუბლი ღირს 1 დოლარი, მაშინ, როცა ომის პირველ დღეებში 119-120 რუბლი ღირდა… დღეს რუბლი გუშინდელი ბლუმბერგზე სავაჭრო მონაცემებს გეტყვით, ყველაზე მყარი ვალუტაა მსოფლიოში, მათ შორის ბევრად უფრო მყარი, ვიდრე აშშ-ის დოლარი ან ევრო, რომელიც ძალიან გაუფასურდა ევრო ბოლო პერიოდში”.

Screenshot 13 8 რა მიზეზებმა განაპირობა რუბლის გამყარება და გაძლიერდა თუ არა რუსეთის ეკონომიკა?

მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთის ეკონომიკა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა და რუბლის კურსის გამყარება ამის დასტურია, მანიპულაციურია. რუბლის კურსი მართლაც გამყარებულია, თუმცა ფაქტს 3 მთავარი მიზეზი აქვს: პირველი, ეს არის არის ნავთობისა და გაზის მაღალი ფასი; მეორე ფაქტორი ეხება რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სავალუტო შეზღუდვებს, ხოლო მესამე მიზეზი კი რუსეთის იმპორტის მნიშვნელოვნად შემცირებაა. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისა და იქ მყოფი ბიზნესების მხრიდან დოლარსა და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა საგრძნობლად არის შემცირებული. თუმცა, რუბლის გამყარება, არ ნიშნავს, რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას, რომელიც ეკონომისტების პროგნოზით, 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ყველაზე დიდი რეცესიის წინაშე დგას.

რუბლის კურსი რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე საგრძნობლად დაეცა და ამის ფონზე მისი კურსის გამყარება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, ეკონომისტები ამ ფაქტს არა სიურპრიზად ან რუსული ეკონომიკის სიძლიერის განმაპირობებელ ფაქტორად, არამედ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდით ეფექტად, ერთგვარ პარადოქსად მიიჩნევენ. კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომისტ ბერი ეიშენგრინის განცხადებით, რუბლის კურსის შენარჩუნება/გამყარება სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი შეზღუდვების და ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული დოლარისა და ევროს გამოყენებით ხერხდება, თუმცა ეს არანაირად არ მიანიშნებს რუსეთის ეკონომიკის სიძლიერეზე, რომელიც სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს დაწესებულ სანქციებს. საერთაშორისო მონეტარული ფონდის ვარაუდით 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 8.5%-ით შემცირდება მაშინ, როდესაც ომის დაწყებამდე მისი 2.8%-იანი ზრდა ივარაუდებოდა. ამ მონაცემების სიზუსტეს ამყარებს რუსეთის ცენტრალური ბანკის კვლევებიც, რომლის მიხედვითაც ისინი მიმდინარე წელს ეკონომიკის 8-10%-იან შემცირებას ელიან. 

პოლიტიკური მეცნიერებების პარიზის ინსტიტუტის (Sciences Po, Paris) ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორმა (წარსულში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარმა ეკონომისტმა), სერგეი გურიევმა “მითების დეტექტორთან” კომენტარში რუბლის კურსის გამყარების მიზეზებსა და რუსეთის ეკონომიკის სიძლიერესთან მის შესაძლო კავშირზე ისაუბრა.

image რა მიზეზებმა განაპირობა რუბლის გამყარება და გაძლიერდა თუ არა რუსეთის ეკონომიკა?

მისი განმარტებით, თავდაპირველად სანქციებმა რუსეთში პანიკა გამოიწვია, რასაც რუბლის გაიაფება მოჰყვა, თუმცა კურსის გამყარება არ იყო მოულოდნელი. მისი თქმით, იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნები კვლავ აგრძელებენ რუსული ბუნებრივი რესურსების მიღებას, რუსეთში კვლავ მიედინება უცხოური ვალუტა, რაც ნაწილობრივ ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. გურიევი აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იმპორტის საგრძნობლად შემცირებაა. დასავლურ სანქციებთან ერთად, 600-ზე მეტმა კერძო კომპანიამ რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტა, რამაც გამოიწვია ის, რომ რუსეთში დოლარსა და ევროზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად, გურიევის განმარტებით, სანქციებმა ხელი შეუწო რუბლის გაძლიერებას, თუმცა ის საგრძნობლად ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ყველაზე დიდი რეცესიის წინაშე დგას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკის ლექტორს, გიგა ბედინეიშვილსაც ესაუბრა. მან რუბლის გამყარების რამდენიმე ძირითადი მიზეზი გამოყო: პირველი, ეს არის რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული სავალუტო კონტროლი, რომლის შედეგადაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის გამოყენება დიდი შეზღუდვების ქვეშ ხდება და შესაბამისად რუბლის ოფიციალური კურსი შესაძლოა, საერთოდ არ ემთხვეოდეს საბაზრო ფასს. მეორე მხრივ, ბედინეიშვილმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასი საკმაოდ გაიზარდა, რაც რუბლის კურსზე ყოველთვის დადებითად მუშაობს, ხოლო ნავთობის ემბარგო დასავლეთის მხრიდან ჯერ ერთსულოვანი არაა, რის გამოც რუსეთი დიდი ოდენობით ყიდის ამ რესურსს. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, ბედინეიშვილის თქმით, ეხება დაწესებული სანქციების გამო რუსეთის იმპორტის მკვეთრ კლებას. კიდევ ერთი ფაქტორი კი რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის რუბლში გაყიდვაა, რის შედეგადაც, დოლარი ნავთობკომპანიების მაგივრად, პირდაპირ რუსეთის ცენტრალურ ბანკში ხვდება. გიგა ბედინეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად დაზარალდა და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 10-15%-ით შემცირდება. მისი განმარტებით, გარკვეული ეკონომიკური მაჩვენებლების ხელოვნურად დასტაბილურება შესაძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი დროებითია და საბოლოოდ მოსახლეობის ცხოვრების ყოფასა და უმუშევრობაზე აისახება.

 


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist