ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

220
VIEWS

14-17 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ვიდეო, რომელიც აღწერების მიხედვით ჰებრონში, ისლამის მიმდევრებისთვის წმინდა სალოცავზე, წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (აბრაამი) საფლავზე ებრაელების მიერ მოწყობილ კონცერტს ასახავს. აღწერების თანახმად, კონცერტი რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

გავრცელებული პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ებრაელები ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე მუსლიმთა წმინდა ადგილზე კონცერტს აწყობენ.

motsekvave ebralebi ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

ვიდეო სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ის 2022 წლის ოქტომბერშია გადაღებული და ებრაული რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას ასახავს, რომელიც ქალაქ ჰებრონში, პატრიარქთა მღვიმეში/იბრაჰიმის მეჩეთში გაიმართა. ეს სალოცავი კი აბრაამისეული რელიგიების წმინდა ადგილად მიიჩნევა და 1995 წლის შეთანხმების საფუძველზე ამჟამად მას ებრაელები და მუსლიმები იყოფენ.

გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისრაელისა და ჰამასის ომის ფონზე ებრაელები მუსლიმების წმინდა ადგილზე კონცერტს მართავენ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული ვიდეო 2022 წლის ოქტომბერშია გადაღებული და შესაბამისად მიმდინარე კონფლიქტთან კავშირი არ აქვს. თუმცა ვიდეო ნამდვილად ჰებრონში, პატრიარქთა მღვიმეში (მუსლიმებისთვის იბრაჰიმის მეჩეთში) არის გადაღებული, სადაც ბიბლიური აბრაამის (წინასწარმეტყველი იბრაჰიმის) საფლავია და შესაბამისად ეს ადგილი აბრაამისეული რელიგიების წმინდა ადგილად მიიჩნევა.

2022 წლის 6 ოქტომბერს ვიდეო ჰებრონში ებრაელთა თემისა და პატრიარქების მღვიმის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა

motsekvave ebralebi1 ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

პოსტი მადლობას უხდის ყველას, ვინც პატრიარქთა მღვიმეში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დაესწრო და 2022 წლის 12 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალზე ეპატიჟება. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში ვიდეო რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა და მას პალესტინელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ვიდეოსთან დაკავშირებით პალესტინელი აქტივისტებისა და მწერლების კრიტიკული კომენტარები 2022 წლის 3 ოქტომბერს ალ-ჯაზირას არაბულენოვანმა გამოცემამ გააშუქა.

ვიდეოზე აღბეჭდილი რიტუალი მონანიების ათ დღესთან დაკავშირებულ ტრადიციების ნაწილია. მონანიების ათი დღე როშ ჰაშანიდან იომ ქიფურამდე პერიოდს ეწოდება და ეს იუდაიზმის წმინდა დღესასწაულებია. პატრიარქთა მღვიმე ებრაულ და მუსლიმურ სალოცავ ნაწილებად არის დაყოფილი, თუმცა ამ დღესასწაულების პერიოდში ებრაელ მლოცველებს პატრიარქთა მღვიმის მუსლიმურ ნაწილში შესვლის და იქ ღვთისმსახურების ჩატარების უფლება აქვთ. ვიდეოც სწორედ ასეთი დღესასწაულების პერიოდში ისააკისა და რებეკას დარბაზშია გადაღებული.

motsekvave ebralebi2 ფეისბუქზე ებრაული დღესასწაულის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება
ისააკისა და რებეკას საფლავები. წყარო: Hebron.org

როგორ იყოფენ ებრაელები და მუსლიმები პატრიარქთა მღვიმეს?

პატრიარქთა მღვიმეს გრძელი და რთული ისტორია აქვს. სხვადასხვა დროს ის ებრაელების, ქრისტიანების და მუსლიმების სალოცავს წარმოადგენდა. ამჟამად ჰებრონი, სადაც პატრიარქთა მღვიმე მდებარეობს ორ ნაწილად, H1-ად და H2-ად არის გაყოფილი. H1-ს პალესტინური მხარე აკონტროლებს, H2-ს – ისრაელი. 1967 წლამდე პატრიარქთა მღვიმე იორდანიის კონტროლქვეშ იყო, ხოლო 6 დღიანი ომის შემდეგ კი მასზე კონტროლი ისრაელმა დაამყარა. ებრაელებისთვის ეს წმინდა ადგილის დაბრუნების ტოლფასი იყო. 1967 წლის შემდეგ პატრიარქთა მღვიმის ტერიტორია არაერთი თავდასხმის ადგილი გამხდარა, რომელთა სამიზნეებიც ხან ებრაელები, ხან კი მუსლიმები იყვნენ. ყველაზე სისხლიანი თავდასხმა 1994 წელს მოხდა, როდესაც ბარუხ გოლდშტეინმა 29 პალესტინელი მოკლა და 125 დაჭრა. თავდასხმის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სალოცავის ტერიტორია 9 თვით დაკეტეს და ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. 

1995 წელს ჰებრონის შეთანხმების შემდეგ სალოცავი გაიყო, ებრაელი მლოცველებისთვის სამხრეთ-დასავლეთიდან არის შესასვლელი და მათთვის ღია შენობის მხოლოდ ნაწილია. მუსლიმებისთვის შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არის და მათ შენობის 81%-ზე აქვთ წვდომა. პალესტინელები მიიჩნევენ, რომ ებრაელებმა მეჩეთის 65% მიისაკუთრეს, რადგანაც შენობის გარეთ ტერასასა და ბაღსაც მეჩეთის ნაწილად მიიჩნევენ. შესაბამისად ორივე მხარე თვლის, რომ მეორე წმინდა ადგილის უფრო დიდ ნაწილს აკონტროლებს.

შეთანხმების თანახმად, წელიწადში 10 დღით, მნიშვნელოვანი წმინდა დღესასწაულების დროს ებრაელებს სალოცავის მუსლიმურ ნაწილში შესვლის უფლება აქვთ. იმავენაირად მუსლიმური დღესასწაულების დროს, ასევე წელიწადში 10 დღის განმავლობაში, მუსლიმების სალოცავის ებრაულ ნაწილში შესვლის უფლება აქვთ. თარიღების ნახვა ჰებრონში ებრაული თემის ვებგვერდზეც შესაძლებელია.

2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოა გადაღებული, პატრიარქთა მღვიმეში,  ისააკისა და რებეკას დარბაზი, ებრაელების  ღვთისმსახურებისთვის 26 სექტემბერს და 2, 5, 12, 13, 17 ოქტომბერს იყო ღია. ეს პერიოდი მონანიების ათი დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა დღესასწაულს უკავშირდება.

მონანიების ათი დღის დღესასწაულებს ებრაული თემი ამ სივრცეში სისტემატურად აღინიშნავს. 2023 წელს წმინდა ადგილის მუსლიმური ნაწილი ებრაელებისთვის ღია 16, 20, 25 სექტემბერსა და 2, 3, 7 ოქტომბერს იყო ღია. (არსებითად ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებამდე) 21 სექტემბერს ჰებრონში ებრაული თემის ინსტაგრამ-გვერდმა დღესასწაულების ტრადიციული აღნიშვნის ვიდეოც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, ისიც რომ სიმღერასა და მუსიკას ებრაულ ღვთისმსახურებაში დიდი ადგილი უჭირავს და ხშირად ლოცვასაც სიმღერის ფორმა აქვს. იგივე პატრიარქთა მღვიმის ტერიტორიაზეც არაერთი ებრაული დღესასწაული ტრადიციული ცეკვითა და სიმღერით აღინიშნება (1,2,3,4).

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი Светлана Городинская სხვადასხვა თემაზე ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას. მის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist