2024 წლის 21-22 თებერვალს ფეისბუქზე (1, 2, 3) გაავრცელდა ფოტო რუსული ტექსტით, რომელიც 5 ცნობილი ტრანსნაციონალური კორპორაციის მმართველების მიერ მათივე პროდუქციის უნდობლობის მტკიცებას ცდილობს. უფრო კონკრეტულად, მოცემული ინფორმაციის მიხედვით: 1. სასმელების კომპანია PEPSI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს არ აძლევს კომპანიის პროდუქტების გამოყენების უფლებას; 2. მარკ ცუკერბერგი ლეპტოპის კამერას და მიკროფონს ლენტით ფარავს; 3. სტივ ჯობსმა აუკრძალა შვილებს iPad-ის გამოყენება; 4. ბილ გეითსმა მკაცრად შეუზღუდა თავის შვილებს ტექნოლოგიების გამოყენება; 5. მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ ის არც კი ჭამს საკუთარი კომპანიის საჭმელს.
ფეისბუქზე აღნიშნული ინფორმაცია 2021 წელსაც აქტიურად ვრცელდებოდა (1, 2, 3).
გავრცელებულ პოსტებში მოცემული ინფორმაციის ნაწილი მცდარია. არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თითქოს პეპსის და მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორები საკუთარი კომპანიის პროდუქტს არ იყენებენ და მათი ოჯახის წევრებსაც უკრძალავენ.
- პეპსის აღმასრულებელ დირექტორს არ უთქვამს, რომ ოჯახის წევრებს კომპანიის პროდუქტების გამოყენებას უკრძალავს
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პეპსის აღმასრულებელმა დირექტორმა მსგავსი განცხადება მართლაც გააკეთა. ეს ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა ამერიკულმა Leadstories-მა და ინდურმა Factly-მ გადაამოწმეს. მათი კვლევების მიხედვით, კომპანიის ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორს, რამონ ლაგუარტას მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება არ იძებნება. ფეისბუქზე გავრცელებული მტკიცება, სავარაუდოდ მიაწერეს მის წინამორბედ ინდრა ნუიის. მან New York Times-თან ინტერვიუში გაიხსენა ერთ-ერთი შეხვედრა ეგვიპტეში, რომლის მიმდინარეობისას პეპსის თანამშრომლის მეუღლემ მას უთხრა, რომ ის არ აპირებდა მისი ორი შვილისათვის კომპანიის წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის მიცემას. თუმცა, ნუიის საკუთარ თავზე მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. - მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის პროდუქტს რეგულარულად მოიხმარს
მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორის მიერ კომპანიის პროდუქის მოხმარებაზე უარის თქმის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პირიქით, ბოლო ორ მათგანს მედიასთან საუბარში აღნიშნული აქვთ, რომ ისინი რეგულარულად მიირთმევენ საჭმელს მაკდონალდსის ქსელის რესტორნებში. სტივ ისტერბრუკი აღნიშნულ პოზიციას 2015-2019 წლებში იკავებდა, თუმცა კომპანიაში ბევრად უფრო ადრე დაიწყო მუშაობა. მან 2011 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ისიც და მისი შვილებიც რეგულარულად სტუმრობენ მაკდონალდსს კვების მიზნით. რაც შეეხება კომპანიის მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს, კრის კემპჩინსკის, მან 2020 წელს Financial Post-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის დღეში ორჯერ მოიხმარს მაკდონალდსის საკვებს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა კვირაში მინიმუმ 50 მილს (დაახლოებით 80 კმ) დარბის, რათა დაწვას მიღებული კალორიები. - ტექნოლოგიური გიგანტების მმართველების დამოკიდებულება ტექნოლოგიებთან
მარკ ცუკერბერგმა 2016 წელს ფეისბუქზე გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სადაც უკანა მხარეს ჩანს ლეპტოპი, რომლის კამერაზეც წებოვანი ლენტის მსგავსი რამ არის გადაკრული და სავარუდოა, რომ ის მართლაც ფარავს კამერას უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მას პირადად ეს ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებია.
რაც შეეხება ბილ გეითსა და სტივ ჯობს, მათ სხვადასხვა ჟურნალისტებთან აღუნიშნავთ, რომ საკუთარი შვილებისთვის ტექნოლოგიებზე გარკვეული შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული. უფრო კონკრეტულად, მაიკროსოფტის დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ შვილებს განუსაზღვრეს ეკრანთან გატარების მაქსიმალური დრო და ამასთანავე, არ მისცეს ტელეფონის ქონის უფლება, სანამ ისინი 14 წლის გახდებოდნენ. სტივ ჯობსმა კი 2010 წელს განაცხადა, რომ მის შვილებს აიპადი არ გამოუყენებიათ, რადგან მათთვის დაწესებული ჰქონდა ლიმიტი, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქის რუსულენოვანი ანგარიში Ekaterina Kogan ანტივაქსერული, ანტიუკრაინული და კონსპირაციული თეორიის შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული არაერთი პოსტი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დეზინფორმაციად არის მონიშნული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.