5 აპრილს სამედიცინო სიახლეების საიტზე mkunali.ge გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “Johnson&Johnson-ი წყვეტს AstraZenеca -ს წარმოებას.” სტატიის მიხედვით, Jonson & Jonson-მა AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ტექნიკური ხარვეზის გამო საწარმოში 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა. ინფორმაციის წყაროდ New York Times-ის სტატიაა მითითებული.
Mkurnali.ge-ს სტატია შეცდომაში შემყვანია. AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება არ გაჩერებულა, ბალტიმორის ერთ ქარხანაში დაშვებულმა შეცდომამ მხოლოდ Jonson&Jonson-ის ვაქცინაზე მოახდინა გავლენა და 15 მილიონი დოზა ვაქცინა, რომლის წარმოების პროცესშიც შეცდომა იყო დაშვებული, უკვე გაანადგურეს. Jonson&Jonson-ი და AstraZeneca დამოუკიდებელი კომპანიები არიან და ერთი მეორის ვაქცინის წარმოებას ვერ შეაჩერებს.
რეალურად Mkurnali.ge-ის მიერ წყაროდ მითითებულ New York Times-ის სტატიაში ბალტიმორში, Emergent BioSolutions-ის ქარხანაში მომხდარი შემთხვევაა აღწერილი. ამ ქარხანაში ამერიკული Jonson&Jonson-ისა და ბრიტანულ-შვედური AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება ხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ Jonson&Jonson-ი AstraZeneca-ს აწარმოებს და როგორც ეს mkurnali.ge-ს სტატიაშია ნახსენები, ეს მისი “მეორე ხაზია.” თებერვლის ბოლოს ქარხნის პერსონალმა შეცდომა დაუშვა და Jonson&Jonson-ის ვაქცინის 15 მილიონ დოზაში AstraZeneca-ს ინგრედიენტები გაურია. შეცდომა Jonson&Jonson-ის მიერ ამ დოზების ხარისხის კონტროლის დროს გამოვლინდა, რის შემდეგაც 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაანადგურეს.
შეცდომა კომპანია Jonson&Jonson-სთვის ზიანის მომტანი იმ კუთხით აღმოჩნდა, რომ მისი ვაქცინის აშშ-ს სხვადასხვა ნაწილში დროულად გავრცელება შეფერხდა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეცდომით დამზადებული ვაქცინებიდან არც ერთი საწარმოს ფარგლებს არ გასცდენია და შესაბამისად, პაციენტებამდე არ მისულა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ შეცდომას AstraZeneca-ს ვაქცინის დამზადებაზე გავლენა არ მოუხდენია. AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ამჟამად აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ავტორიზაციას ელოდება და მისი წარმოება ამ შემთხვევის შედეგად არ შეჩერებულა.
AstraZeneca-სა და Jonson&Jonson-ის კომპანიები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში იდენტურ ტექნელოგიას, ვირუსის უსაფრთხო ვერსიას – ე.წ. ვექტორს, იყენებენ. ვექტორის დახმარებით პროტეინი იქმნება, რის შემდეგაც ის იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოსაქმნელად ასტიმულირებს. მართალია, ტექნელოგია იდენტურია, თუმცა ამ ორ ვაქცინაში გამოყენებული ვექტორები ერთმანეთის ჩასანაცვლებლად ვერ გამოდგება, შეცდომით დამზადებული Jonson&Jonson-ის ვაქცინების განადგურების მიზეზიც სწორედ ეს იყო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.