ისტორია

გაუცვალა თუ არა საბჭოთა რუსეთმა 100 წლის წინ ყირიმი თურქეთს?

12 აპრილი, 2021

2021 წლის 10 აპრილს Facebook მომხმარებელმა გიორგი ჯახაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 100 წლის წინ რუსეთმა თურქეთს საქართველოს ტერიტორია ყირიმში 100 წლით გაუცვალა, თუმცა თურქეთი ამ ტერიტორიას დღემდე არ აბრუნებს. 

 

 

გიორგი ჯახაშვილი: “100 წლის უკან საქართველოს ტერიტორია ყირიმში გაუცვალა საბჭოთა რუსეთმა თურქებს 100 წლით. დააბრუნეს უკან? არა! აღარავის ახსოვს რა ხელშეკრულება დაიდო, ასე არავის ემახსოვრება რიონის ხეობა.”

;

გიორგი ჯახაშვილის Facebook პოსტი მანიპულაციურია და ისტორიულ ფაქტებს არ შეესაბამება. საბჭოთა რუსეთს ყირიმი თურქეთთან იმ პერიოდში არ გაუცვლია. რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის და მიმდებარე ტერიტორიას, ის მოსკოვის და შემდგომ ყარსის ხელშეკრულებებით (1921) თურქეთს დარჩა და შეთანხმების მიხედვით, თურქეთს ტერიტორიების დაბრუნება არ ევალება.

  • ვის ეკუთვნოდა ყირიმი 1921 წელს?

1917 წელს რუსეთის რევოლუციამ ყირიმში პოლიტიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. იმ პერიოდში, როცა რუსეთის იმპერია უკვე იშლებოდა, ადგილობრივი თათრების ნაციონალისტური მოძრაობები გაძლიერდნენ და ყირიმი 1917 წლის დეკემბერში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ყირიმის სახალხო რესპუბლიკად, გამოაცხადეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა თვითგამოცხადებულმა სახელმწიფომ დიდხანს ვერ იარსება და 1918 წლის იანვარში ის ბოლშევიკებმა დაიკავეს

შემდგომ პერიოდში ყირიმის ტერიტორიაზე კვლავ იყო მცდელობები სხვადასხვა სახელმწიფოს ჩამოყალიბების, რაც რუსეთის სამოქალაქო ომითა და მიმდინარე დაპირისპირებით იყო გამოწვეული. ტერიტორიაზე ანარქიული გარემო შეიქმნა და ტერიტორია ბოლშევიკებისა და თეთრი მოძრაობის დაპირისპირების ადგილად იქცა. საგულისხმოა, რომ არცერთ შემთხვევაში ეს ტერიტორია თურქეთის ნაწილი არ გამხდარა. უკვე 1921 წელს ყირიმის ტერიტორიაზე იქმნება ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი იყო. ამ ავტონომიურმა რესპუბლიკამ 1945 წლამდე იარსება და თურქეთის ნაწილი არ გამხდარა.

;
ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სიმბოლიკა

გიორგი ჯახაშვილის მტკიცება და ისტორიულ ფაქტები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ვინაიდან და რადგანაც ეს ტერიტორია იმ პერიოდში არასდროს ყოფილა თურქეთის ნაწილი, შესაბამისად რუსეთი მას სხვა რაიმე ტერიტორიის სანაცვლოდ თურქეთისგან ლოგიკურად ვერ მიიღებდა.

  • ვალდებულია თუ არა თურქეთი, დააბრუნოს ტაო-კლარჯეთის ტერიტორია?

ტაო-კლარჯეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ართვინის, არტაანის, ოლთისის და რიზეს ოლქებს მოიცავს, შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის შეთანმხებით მოხდა. მეგობრობისა და ძმობის შესახებ ხელშეკრულება თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას (მუსტაფა ქემალ ათათურქი) და ბოლშევიკური რუსეთს (ვლადიმერ ლენინის) შორის გაფორმდა. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულებამ განსაზღვრა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც დღემდე არსებობს. 

;
მოსკოვის 1921 წლის ხელშეკრულება - რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რუსეთი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს შემდეგი ფორმით აღიარებს

“შემდგომში თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი განისაზღვრება ხაზით, რომელიც იწყება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფში, მიუყვება ხედის მთას და შავშეთისა და ყანა დაგის მთებს შორის არსებულ წყალგამყოფ ხაზს…”

აღსანიშნავია, რომ ამ საზღვრით დადგენილ ტერიტორიაზე ტაო-კლარჯეთის და მიმდებარე ტერიტორია თურქეთის მხარეს ექცევა. ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის დადგენილი ის, რომ თურქეთს აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნება 100 წლის შემდგომ მოუწევს.

იგივე საზღვრები იყო დადგენილი 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებულ ყარსის ხელშეკრულებაში (მე-4 მუხლი), რომელსაც ერთი მხრივ, თურქეთი და მეორე მხრივ, ამიერკავკასიის რესპუბლიკები - სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა აწერდა ხელს.

;
წითელი ხაზით მონიშნულია მე-4 მუხლით განსაზღვრული საზღვარი

როგორც მოსკოვის, ისე ყარსის ხელშეკრულების მიხედვით არტაანის, ართვინის, ოლთისისა და რიზეს ოლქები თურქეთს დარჩა. ყარსის ხელშეკრულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ “თურქეთი ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს ქალაქ ბათუმზე, ბათუმის პორტზე და მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე.” 

ხელშეკრულებების არცერთი ნაწილი არ ადასტურებს გიორგი ჯახაშვილის მტკიცებას, თითქოს რუსეთმა ეს ტერიტორიები თურქეთს ყირიმში 100 წლით გაუცვალა.

ამასთანავე, აღსანიშნავია საქართველო-თურქეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ გაფორმებული 1992 წლის ხელშეკრულება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის საზღვარი ყარსის ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმდა:

“მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. 
მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.”
 


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.